ავტორი გიორგი ბერიძე
01:28 01.10.2011
ჯვართამაღლებისა და წმინდა ნინოს ტაძრების მოძღვარ მამა თეოდორე გიგნაძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მე-8 კორპუსის დარბაზში ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლების საკითხებზე ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას თსუ-ს დაცვის წარმოამდგენელმა განუცხადა, 3 ოქტომბერს, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დარბაზის მოწესრიგება მიმდინარეობს, სადაც სცენისა და დარბაზის ნათურები იცვლება.
მამა თეოდორეს მრევლის განცხადებით, ლექციის ჩატარება ელექტრიკოსებს ნათურების გამოცვლაში ხელს არ შეუშლიდა და არც ელექტრიკოსები შეუშლიდნენ ხელს ლექციის მიმდინარეობას.
ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებზე ლექციების ჩატარების იდეა ჟურნალ "კარიბჭეს" ეკუთვნის.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ”კარიბჭეს” რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ მათ წლების განმავლობაში არასდროს შექმნიათ პრობლემა უნივერსისტეტის დარბაზში ლექციები ჩაეტარებინათ, თუმცა გუშინ დაუკავშირდნენ მას და განუცხადეს, რომ ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის შენობაში აღარ მოხდებოდა.
”ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებული იყო, თუმცა გუშუინ დამირეკეს და მითხრეს, რომ რექტორატის გადაწყვეტილებით ლექციები უნივერსიტეტის შენობაში აღარ ჩატარდებოდა”,-განაცხადა თამარ მამაცაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თსუ-ს შენობაში ლექციების აკრძალვა მამა თეოდორეს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს უკავშირდება.
თამარ მამაცაშვილის თქმით, მამა თეოდორეს რასიზმში ადანაშაულებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.