17:26 09.09.2011
ოპოზიციამ ორი რამ ვერ მოინელა: პარლამენტში არშესვლა და ხეზე შერჩენილი ფოთოლი... ახლავე გადმოვაქართულებ. ალბათ, ყველას გახსოვთ დახეული მანდატები. მაშინ 11 ოპოზიციონერი მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის გოგა ხაინდრავაც. მაგრამ 11-ვემ საკუთარი ნებით თქვა უარი მანდატზე. დღეს ამ ფაქტს თერთმეტივე ისე ნანობს, როგორც არასდროს. არადა როდესაც კოკო გამსახურდიამ შეცდომა გამოასწორა და პარლამენტში შევიდა, ლამის სამარცხვინო ბოძზე გააკრეს. პრინციპში, არც არაფერი დაუკლიათ. მოგვიანებით კი სულ სათითაოდ აღიარეს, ასეთი შეცდომა არასოდეს დაგვიშვია და აწი არც არასოდეს დავუშვებთო...
რაც შეეხება ხეზე შერჩენილ ფოთლებს, ეს კიდევ უფრო საინტერესო ისტორიაა და გუბაზ სანიკიძეს უკავშირდება. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ ამაყად აცხადებდნენ, ისეთი მშვიდი აქციები გვქონდა, ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდიაო... მაგრამ ამ ფოთლის არჩამოგდებას უკვე 4 წელია, წამდაუწუმ გვახსენებენ. პარლამენტში არშესვლისგან განსხვავებით, ვერ ამბობენ, იგივე შეცდომას აღარ დავუშვებთო, მაგრამ... უკვე დიდი ხანია, ღიად ალაპარაკდნენ, რომ ეს მათი კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა იყო, რომელსაც მწარედ ნანობენ.
უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მან გაახმოვანა ოპოზიციის დიდი ხნის „ნანატრი“ სიტყვები:
– მიტინგების დროს ფოთოლიც უნდა ჩამოვარდეს და მთავრობაც უნდა დაემხოს... დემოკრატია გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ქალაქის ქუჩებში მაღაზიის ჩამსხვრეული ვიტრინებია...
ისე, გელამ იჩქარა, თორემ ინგლისში როგორ დასაჯეს ბუნტისთავები, ყველამ ვნახეთ. ბრიტანეთის მთავრობამ კრიმინალსა და ბუნტისთავებს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა.
მას მაგალითად ინგლისი მოჰყავს და ქართულ საზოგადოებას აჩვენებს, როგორ უნდა ნამდვილი აჯანყების მოწყობა... თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ნიკოლეიშვილი ქართველ ხალხს მონურ საზოგადოებას უწოდებს და „წინასწარმეტყველებს“, რომ ეს „მონური საზოგადოება“ ტერორისტულ ქმედებებს განახორციელებს და თანაც ეს მოვლენების განვითარების ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იქნება...
რამდენად ლოგიკური და ბუნებრივია ასეთი მსჯელობა უფლებადამცველის მხრიდან, ამაზე ნიკოლეიშვილი, ეტყობა, არ ფიქრობს. ისე, ახლა ოპოზიციას ახალი საფიქრალი გაუჩნდა. უფრო სწორად თავად გაიჩინა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხალხი ოპოზიციის დაძახებაზე ქუჩაში აღარ გამოვა. ამიტომ ახლა ახალ გეგმაზე მუშაობენ. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეკლესიას სჭირდება მათი დახმარება და ეს დახმარება ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობას გულისხმობს... ასე იციან, როცა გეგმა აღარ აქვთ, ბოლოს ყოველთვის ეკლესიას მიადგებიან ხოლმე...
ptpress.ge