როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? საგანმანათლებლო სივრცეში ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია. სხადასხვა ეპოქაში განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებდნენ პედაგოგებს.
გაზიარება
[ეკა კვირკველია. 18:30 20.07.2010]
დღეს ქართული სკოლები კვალიფიციურ და სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ითხოვენ. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად 14 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებელთაგან ნახევარი არ გამოცხადდა ტესტირებაზე. მასწავლებლები კოლეგების ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებლობითა და სიახლისადმი შიშით ხსნიან. არიან თუ არა მასწავლებლები მზად პროფესიული უნარების ტესტების ჩასაბარებლად? ამას ტესტების შედეგები გამოავლენს. ტესტი 27 დავალებას მოიცავს და სამი ნაწილისგან შედგება: სასწავლო გარემოს შეფასება – რამდენად შეუძლიათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა; განვითარებისა და სწავლის თეორიების ცოდნა – იცის თუ არა მასწავლებელმა განათლების თეორეტიკოსების ნაშრომები პედაგოგიკური ფსიქოლოგიისა და მეთოდური მიდგომის შესახებ; ბოლო დავალებაში მასწავლებლებმა უნდა გამოავლინონ იმ საკანონმდებლო აქტების ცოდნა, რომლებიც განათლების სფეროს შეეხება.
პედაგოგთა აზრით, სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება პრესტიჟის საკითხია. იმედოვნებენ, რომ სერტიფიკატის მიღება მათ ანაზღაურებასაც გაზრდის. გარდა ამისა, არ ექნებათ სამუშო ადგილის დაკარგვის შიში. მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეების განათლებასა და მომავალზე, საკუთარ მომავალზეც ზრუნავენ. სწორედ, ეს „აიძულებთ“ მათ, მოსწავლეთა აღზრდის ახალი მეთოდები შეისწავლონ და გამოიყენონ, გაეცნონ ჯონ დიუის, ჟან პიაჟესა და ლევ ვიგოტსკის თეორიებს.
„პროფესიული უნარების ტესტის ჩაბარება მოტივაციას გვიქმნის, იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა, სასწავლო გარემოს შეფასების უნარი. ეს სერტიფიკატი მომცემს კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსს. პარაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შევათავსებთ ერთმანეთთან. პედაგოგთათვის ეს არის შანსი იმისა, რომ რომ იქცნენ „პრივილეგირებულ“ მასწავლებლებად, მოიპოვონ პრესტიჟი. სერტიფიკატის მიღება აისახება ჩვენს ანაზღაურებაზეც. გარდა ამისა, მინდა საკუთარი თავისადმი რწმენა გავიმყარო, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია სკოლაში, ბავშვებთან მუშაობა. ტესტები ამოწმებს რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის პოვნის უნარს,
ბავშვებთან ურთიერთობის ტექნიკის ცოდნას. ტესტი არ არის შედგენილი მხოლოდ იმისთვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ზღვარი და მიიღოს სერტიფიკატი.
წარმოდგენილი სიტუაციური და სიმულაციური სავარჯიშოებით მასწავლებელი იძენს ახლებურ ხედვას, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებს. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ბავშვის ფსიქოლოგია და შეგვეძლოს მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა,“ – ამბობს კერძო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი დალი დალაქიშვილი.
ჩვენთან საუბრისას მასწავლებლები თავს ვალდებულად თვლიდნენ, აღენიშნათ, რომ სკოლების ადმინისტრაციებმა პედაგოგთა მოსამზადებლად თანხა და რესურსები გაიღეს.
„ჩვენი ადმინისტრაცია გვიტარებდა ტრენინგებს, გვაწვდიდა სასწავლო მასალას. ტესტში თანაბრად არის მოცემული თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, სიტუაციური მაგალითები, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ჩემთვის მთვარია დავადგინო, რა არ ვიცი და რა უნდა ვიცოდე,“ – გვითხრა 75– ე სკოლი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა.
პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, მაია მგალობლიშვილმა, შეაფასა პედაგოგთა ტესტირების პროცესი და მისი მნიშვნელობა: „ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი სასკოლო განათლების სისტემაში. ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ სახელმწიფომ სკოლებში გარკვეული წესრიგის დამყარება მოინდომა. სკოლების ბრენდირების პროცესიც და მასწავლებლების საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებიც მოემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს – განათლების სამინისტროს სახით – ექნება გარკვეული, განსაზღვრულ პარამეტრებზე დაფუძნებული სურათი, თუ რა ხდება ჩვენს სკოლებში. ეს არის პირველადი საველე სამუშაო, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ეს იქნება მონაცემთა ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც სასკოლო სიტემის მართვა გაადვილდება. შეგიძლიათ მითხრათ, რომელია დღეს კარგი სკოლა? და თუ დამისახელებთ, იმის დასაბუთებას შეძლებთ, რატომ არის ეს სკოლა კარგი? ტესტის შედეგები გავლენას იქონიებს კონკურენციაზე მასწავლებელთა შორის. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ცუდია, თუ ეს შედეგები იქცევა ნომერ პირველ კრიტერიუმად პედაგოგების რანგირებაში. ტესტი, რომელიც ასახვას პედაგოგის მომზადების დონეს რაღაც კონკრეტული დროითი მომენტისთვის, ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, რომელი მასწავლებელია უმაღლესი კვალიფიკაციისა და რომელი – არა. როგორც ზემოთ გითხარით, ეს ტესტირება უფრო მონაცემების შეგროვების პროცესი მგონია და არა რეალურად საკვალიფიკაციო ან საატესტაციო გამოცდა.
მასწავლებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მათთვის აღმოჩენა იყო განათლების თეორეტიკოსების ხედვები და აპირებენ მომავალში მათზე დაყრდნობით იმუშაონ. ქალბატონი მაია ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ ეს ავტორები ჩვენი პედაგოგების უმრავლესობისთვის უცნობია. დიუის, პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიები მეცნიერულად სწორია. ისინი ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს. თუმცა ამ სიაში ისეთი ავტორებიც მოხვდნენ, რომელთა ნაშრომების მეცნიერული ღირებულება საკამათოა. ასეთია, მაგალითად, გარდნერი.
„მგონია, რომ განათლების სამინისტრო ამ შემთხვევაშიც ზონდირების ექსპერიმენტს ატარებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტრო ამ ავტორების წიგნებს თარგმნის ქართულად და თავად ამ წიგნების ვარგისიანობას ამოწმებს პედაგოგებზე.“
მაია მგალობლიშვილი არ იზიარებს მასწავლებელთა ოპოტიმიზმს, რომ სერტიფიკატის მიღება მათ ანაზღაურებას გაზრდის: „მე ვიწონებ იმ მასწავლებლების გადაწყვეტილებას, ვინც სააპრობაციო გამოცდაზე გავიდა, მაგრამ ამ გამოცდის შედეგები, ვფიქრობ, მათ ხელფასზე ვერ აისახება. ამას გამოცდების დებულება არ ითვალისწინებს. თუ სკოლის ადმინისტრაცია ან რესურსცენტრების წარმომადგენელები ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, ამყარებენ ასეთ მოლოდინს მასწავლებელთა შორის, ისინი, უბრალოდ, არაწესიერად ექცევიან პედაგოგებს.“
მაია მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ტესტები არაეფექტურია მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის შესამოწმებლად. „მე ვნახე ამ ტესტების ნიმუშები. გეტყვით პირდაპირ: ამ ტესტებს არ შეუძლიათ და არც ევალებათ სრულყოფილად გამოავლინოს მასწავლებლის პროფესიული უნარები. ეს უფრო დროის მოკლე მონაკვეთში მიღებული გადაწყვეტილებების ტესტირებაა, საკლასო ოთახში პედაგოგის ქცევის, მისი ორიენტაციის შემოწმებაა.“
პედაგოგებისა და ექსპერტების მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვევა. დაუდგენელია, რეალურად რას ემსახურება ეს გამოცდები. თუმცა ფაქტია, რომ მასში მასწავლებელთა გარკვეულმა რაოდენობამ ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა და დიდი ოპტიმიზმითაც. გამართლდება თუ არა მათი ეს ოპტიმიზმი და მოემსახურება თუ არა ტესტირება ახალი ტიპის სკოლების შექმნასა და ახლებური სწავლების დანერგვას, ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს.