ისტორიულ პარალელებს თუ გავავლებთ, პუტინისა და ლუკაშენკოს შორის გაჩაღებული საინფორმაციო ომი სტალინისა და მარშალ ტიტოს არცთუ კეთილმოსურნე ურთიერთობას მოგვაგონებს.
გაზიარება
[დიმიტრი შუშარინი.18:45 03-08-2010]
განსხვავება ისაა, რომ 1948 წლისთვის სტალინს ისეთი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, რომლის დარი პუტინს არასდროს ექნება.
რაც შეეხება ლუკაშენკოს, ტიტომდე მას ბევრი უკლია, თუმცა სოციალურად მყარი ავტორიტარული სახელმწიფოს შენების უნიკალური მეთოდი, პუტინისგან განსხვავებით, მას აშკარად გააჩნია.
პუტინის სიძულვილი სააკაშვილისადმი განსხვავებულია. მსგავსი გრძნობა სტალინს ალბათ პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ლიდერებისადმი ექნებოდა, ამ ქვეყნებში სოციალიზმი ტანკებით რომ არ დაემყარებინა. მაგრამ აქ საქმე ისტორიულ პარალელებში არაა, არამედ ისტორიულ გამოცდილებაში, რომელიც, როგორც ცნობილია, პოლიტიკოსებს არაფერს ასწავლის, ხოლო ერებს არ ავიწყდებათ.
ახლა, როცა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ლუკაშენკო საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგების ცნობასა და ახალ კავშირში მონაწილეობას არ აპირებს, რომლის სახელი წინასწარ შეირჩა - АБОсРусь (აფხაზეთი, ბელორუსია, ოსეთი, რუსეთი), ბელორუსები, და არა მხოლოდ ლუკაშენკო, რუსეთისგან ყველაფერს უნდა ელოდნენ.
ამის ფონზე ბელურისის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დაახლოება, რომლის ლიდერები მთელი ივლისის განმავლობაში ერთმანეთს ხვდებიან და თათბირობენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური რუქის ფორმირებას მოასწავებს.
რა თქმა უნდა, უამრავი მიზეზის დასახელება შეიძლება, რომელიც მსგავსი კავშირების რეალურობასა და სიმტკიცეს ეჭვქვეშ დააყენებდა. მაგრამ აქ საუბარია არა იმდენად პოლიტიკოსებზე, მოლაპარაკებებსა და კავშირებზე, რამდენადაც ერებსა და მათ ისტორიულ პერსპექტივებზე. ნაციოგენეზი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს, რუსეთისა და რუსი ხალხისგან თავის დაღწევის ნიშნით წარიმართება.
რაც შეეხება რუს ერს, მას ფორმირების შანსი აქვს, რაც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს შანსი - ნაციონალურ კატასტროფაზე ადექვატური რეაქციის გამოვლენაა. ამ კატასტროფისკენ მიზანმიმართულად მიისწრაფვის რუსეთის ამჟამინდელი სახელისუფლებო ელიტა.
ნაციონალური კატასტროფა, ეს სამყაროს დასასრული არ არის, ეს ის არის, რაც აქ (რუსეთში) ახლა ხდება.
ხოლო, როცა ნათელი გახდება, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყანა აქციოს ”მმართველ ნაციად”, კატასტროფის კულმინაცია მოხდება: ან ამჟმინდელი მმართველები ქართულ სცენარს სხვა ქვეყნებზე გაავრცელებენ, ან ამ სცენარს უფრო რადიკალური ძალები განახორციელებენ. კატასტროფაც იმაშია, რომ ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად მისაღები ვარიანტები არ აქვს.
თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც - კატასტროფის გაცნობიერება, როგორც უკვე მომხდარის. ამასთან კატასტროფა მათ უნდა გააცნობიერონ, ვინც ბოლო წლებში არაფერი დაკარგა, არამედ პირიქით, შეიძინა. ვინც იცის,რომ ამ რეჟიმთან ადაპტაციას თავისი საზღვარი აქვს. ანუ ისინი, ვინც შესაძლოა, მომავალი რუსი ერის ბირთვი იყოს, ახალი ნაციონალური ელიტა, რომელიც ამჟამინდელისგან განსხვავებით ლიდერობის უფლებას მოიპოვებს.
მომზადებულია grani.ru-ს მიხედვით.