გაზიარება
[17:18 23-06-2010]
პოლიციის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა დღეს ჩხოროწყუს რაიონში. ქუჩაში გამოსული ორასამდე ადამიანი სამართალდამცავ უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება 2009 წლის აპრილში პოლიციის უმცროსი ინსპექტორის დათო სიჭინავას მიერ, სოფელ კირცხში 29 წლის ელგუჯა ახალაიას მკვლელობას. როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, ძალოვანები საქმის გამოძიების პროცესს შეგნებულად, თანამშრომლის დაცვის მიზნით აჭიანურებენ. ახალაიას მეუღლემ ნატო კემულარიამ „ახალ 7 დღეს“ უთხრა, რომ დამნაშავე დაკითხულიც კი არ არის, მისი მტკიცებით პოლიციამ მკვლელობის თვითმხილველებიც დააშინა.
„10 თვის წინ ელგუჯა ჩვენს თანასოფლელებთან ერთად მდინარე „ხობისწყალთან“ იმყოფებოდა. მათ ახლდა პოლიციის თანამშრომელი დათო სიჭინავა, რომელმაც ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილომა მიაყენა, როგორც მოწმეებმა გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა და თავი რიყის ქვას დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი დათო სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფ ბიჭებს სასტიკად აუკრძალა მომხდარზე საუბარი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გვიამბეს ყველაფერი. რამოდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი მდინარემ გამორიყა. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამბობს...
ვითხოვთ, დაიკითხოს ლევან კვეკვესკირი, რომლიც ადასტურებს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ...
ვეძებთ სამართალს, გვინდა, დაისაჯოს დამნაშავე. ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და იზეიმოს სამართალმა.
ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით – 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე, მატერიალურად გვიჭირს, ამათ კი მკვლელის დაკავება არ უნდათ. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.
მოკლული ელგუჯა ახალაიას მამა გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალებით გეგმავს.
თამუშა ახალაია: „გამცენ პასუხი, რატომ მოკლეს ჩემი შვილი, და რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ დაასრულებს გამოძიებას, გადავწვავ მათ შენობას და დამნაშავის სახლს. 10 თვეა, წინ და უკან დავდივარ ნორმალური პასუხი არავინ გამცა, რაიონულ პოლიციაში რომ მივალ, სამხარეოში მაგზავნიან, ისინი კიდევ თბილისში გენპროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“.
აქციას საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ. უფლებადამცველებმა ახალაიებს თანადგომა აღუთქვეს და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების შეფერხების მიზეზების დასახელება მოსთხოვეს, საპასუხოდ კი ირონია და დაცინვა მიიღეს.
კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ჭირისუფალთან ერთად აპროტესტებს ამ უპრეცედენტო უკანონობის ფაქტს. პოლიციის თანამშრომელმა ადამიანი მოკლა, შემდეგ მდინარეში გადააგდო და ამის გამო ის არათუ დააპატიმრეს, არამედ არც კი დაუკითხავთ. თითქმის 1 წელი გავიდა მომხდარიდან, იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო გია ლემონჯავა, რომელიც არის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ახლო ნათესავი. როგორც ხედავთ, ახალაიების კლანი მოდებულია მთელს სამეგრელოს და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლეს, მდინარეში გადააგდეს და ამაზე პასუხი არავინ აგო... საქმეც კი არ აღძრეს. როლანდ ახალაიას კლანს შეუძლია ხალხი დახოცოს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება, ფაქტი არის ერთი, ამ მკვლელობის შემდეგ ლემონჯავა დააწინაურეს და საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
მე მაქვს იმედი, რომ სამეგრელო მალე ამოიღებს ხმას და საკადრის პასუხს გასცემს სააკაშვილი–მერაბიშვილი–ახალაის მკვლელთა დაჯგუფებას“.
რეგიონში გამეფებული შიშის სინდრომის მიუხედავად, ჩხოროწყუს ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება, ისინი სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან, გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პირველი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაა, რომელიც ჩხოროწყუელებმა გამართეს. ადგილობრივებმა „ახალ 7 დღეს“ შესჩივლეს, რომ ქალაქში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების არარსებობის გამო პროტესტის გამოხატვის ეშინიათ. დღევანდელი დღე ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც რაიონში აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტები, ხოლო ჭირისუფლის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ.
ზაირა თოდუა, აქციის მონაწილე: „ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. მოხდა ისე, რომ წელიწადი სრულდება და დღემდე ბურუსით არის მოცული ელგუჯა ახალაიას მკვლელობა. გაუბედურებული დარჩნენ ელგუჯა ახალაიას მოხუცი მამა, 27 წლის მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი. ის უბედურება, რაც ამ ხალხს თავს დაატყდა, ყველა ქართველის ტკივილი უნდა იყოს.
გვჯერა, რომ თქვენი მეშვეობით ამ ამბავს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაიგებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მე არ მინდა, დავიჯერო რომ საქართველოში კიდევ ერთხელ იზეიმებს უსამართლობა...
ოჯახმა გასული თვეების განმავლობაში მოიძია დოკუმენტაცია, ესაუბრა მოწმეებს და იციან, თუ როგორ მოხდა ელგუჯას მკვლელობა.
მომავალდანგრეული და გაუბედურებული ბავშვები ამბობენ: ჩვენ რომ გავიზრდებით მამის მკვლელს საკუთარი ძალებით გავუსწორდებითო... მე არ მინდა, რომ მკვლელები შეემატონ საქართველოს...
პედაგოგი გახლავართ. სოფელ კირცხის სკოლაში ვმუშაობ. ვიცი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აქციაზე ჩემს ყოფნას, მაგრამ უკანონობაზე თვალის დახუჭვა არ შემიძლია...“