გაზიარება
[17:13 23-06-2010]
დღეს, დილის 11 საათზე, ზუგდიდის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ყურადღება ერთმა მეტად საინტერესო სანახაობამ მიიპყრო. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ბულვარში, ორ ყველაზე მაღალ ხეზე გაბმულ ჰამაკში შიმშილობის აქცია დაიწყო. მიქაიამ და მისმა მეგობრებმა ცოტა ხნით ადრე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო მანიფესტაცია გამართეს და მთავრობას ქალაქში 2 თვის წინ დაწყებული ხეების მასობრივი გაჩეხვის შეწყვეტა მოსთხოვეს.
როგორც კახა მიქაიამ „ახალ 7 დღეს“ განუცხადა, შიმშილობის აქციის დაწყების მიზეზი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ბულვარის გაჩეხვის თაობაზე. მისი თქმით, გამწვანების სამსახური უძველესი ხეების გაკაფვას და მის ადგილას იტალიიდან ჩამოტანილი ჯუჯა ჯიშის ნერგების დარგვას გეგმავს...
„ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელისუფლება აპირებს ჭადრების ხეივნის განადგურებას. „დაიცავი საქართველო“ აპროტესტებს ამ ყოველივეს. დღეს გამოვაცხადე 1–დღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა. მთელი ზუგდიდი უნდა დადგეს ფეხზე – მთავრობას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება დადიანისეული სასახლის ტერიტორიაზე არსებული ბოტანიკური ბაღის გაყიდვაც,“ – ამბობს მიქაია.
ქალაქის ცენტრში გამგეობას რიგითი მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ზუგდიდელები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
დალი ლატარია, ზუგდიდის მკვიდრი: „ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“. დღეიდან თუ კიდევ ერთი ძირი ხე მოიჭრება, არ ვაპატიებთ გამწვანების სამსახურს. შემაშფოთებელი რამ ხდება ზუგდიდში. უძველესი ხეები გაჩეხეს და დარგეს სამარცხვინო ნერგები. ღმერთმა მიუტევოთ ეს დიდი ცოდვა... ყველა ქართველს მოვუწოდებ, ამოიღოს ხმა და შეაჩეროს ეს ვანდალიზმი. ეს ალიკა ქობალია, ზუგდიდის გამგებელი, მთლად ნორმალური არ არის! აბა საღად მოაზროვნე პიროვნება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს?!“
კლარა აბრამია, ზუგდიდის მკვირდი: „ეს ხეები ზუგდიდის ფილტვებია. თუკი გაბედავს ხელისუფლება და უკვე ბულვარის გაჩეხვასაც დაიწყებს, ხალხი უნდა აჯანყდეს. ადგილობრივი მთავრობა არის უსუსური და უუნარო, ისინი ასრულებენ ცენტრალური ხელისუფლების დავალებას...“
ქალაქის გალამაზება განსაკუთრებული მონდომებით ლევან II დადიანის კარზე დაიწყო, სწორედ, დადიანთა სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ზუგდიდის გამწვანება. მთავრებმა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით ქუჩებში იშვიათი ჯიშის ხეებით დარგეს. სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ძალისხმევით ზუგდიდში საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენეს უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ადგილობრივების სიამაყედ ითვლება.
დადიანისეული სასახლის ტერიტორიაზე არსებული ათობით ასწლოვანი ხე დაახლოებით ორი წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა, მათ ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ნერგები დარგეს.
ზუგდიდის გამგეობაში ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. რაიონის მუნიციპალიტეტის პარტნიორი, გამწვანების კომპანია შპს „კოლხი პეიზაჟის“ დირექტორი ბესიკ ჭითანავა კი „დაიცავი საქართველოს“ ინფორმაციას „ჭორს“ უწოდებს.
„ყველა ჭორს არ დაუჯეროთ! ბულვარის გაჩეხვას არავინ აპირებს. მეგრელებისთვის ღირებულებას წარმოადგენს ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. თუ ეს ტერიტორია გავჩეხეთ, მაშინ რაღას დავტოვებთ ქალაქში?!
სამუშაოები უკვე დასრულებულია. კეთილმოწყობის სამსახურმა მოკვეთა დაზიანებული ხეები და დავრგეთ იტალიური ნერგები,“ – ამბობს ჭითანავა.
რომიდან ჩამოტანილი მარადმწვანე მუხის ერთი ნერგი სახელმწიფოს 350 ევრო, ბუჩქები 32 ევრო, ხოლო ფიჭვი 45 ევრო უჯდება. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტიდან ქალაქის გამწვანებისთვის გამოყოფილია წელიწადში 191 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 197 000 ლარი.