"საქართველს დამსახურებული არტისტი", "საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი", "ხალხური სიმღერის დედოფალი", მრავალი ჯილდოს და დიპლომს მფლობელი, მეგრული, ქართული, ლაზური სიმღერებისა და ლექსების ავტორი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დამსახურებული აღიარებებიდან, რაც ქალბატონმა ლუარა ქირიამ მოიპოვა. წალენჯიხის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ერთი თავმდაბალი და მორცხვი გოგონა მოულოდნელად დიდ სცენაზე აღმოჩნდა და დიდმა აუდიტორიამ მალევე აღიარა. მას შემდეგ ის სცენას არ მოშორებია. ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდა სცენიდან სცენაზე, ქალაქიდან ქალაქში და ხალხმა გაიცნო როგორც ცნობილი ჰიტების საყვარელი შემსრულებელი. თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დამეთანხმებით რომ მას გააჩნია ღვთიური ძალა, რომელსაც უხვად გადასცემს მაყურებელს. მისი მუდმივი თანამგზავრი ფანდურია. ქართული ხალხური კულტურის შემოქმედის, მომღერლისა და არტისტის გულს დღეს დარდი ახრჩობს... სიბერის ჟამს მის ფანდურს ცრემლები ეთამაშება და იმედგაცრუებული კვნესის.
"მოდით, მოგვიყევით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?" - ეს ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ცნობილი სიტყვებია, რომელსაც ის თავის გადაცემაში ყველა სტუმარს უსვამს და მონაყოლს ბოლომდე ისმენს. სხვა შემთხვევა აღმოჩნდა იგივე ტელევიზიის ახალი პროექტი "ნიჭიერი", სადაც მაია ჟიურის ამპლუაში მოგვევლინა და სამწუხაროდ მან ამჯერად რესპონდენტს ჩვეული შეკითხვა კი დაუსვა, მაგრამ პასუხი არ მოისმინა. ავბედითი წითელი ღილაკის მსხვერპლი მეგრელი ლუარა ქირია გახდა, რომელიც დღეს "ღია ბოქლომის" სტუმარია და მომხდარს ასე იხსენებს:
ლუარა ქირია, მომღერალი: როგორც ყოველთვის ისე მაშინაც სცანაზე სიხარულით გავედი და ფანდურის რამდენიმე ჩამოკვრაც ვერ მოვასწარი სამივე წითელი ღილაკი ერთდრუოლად აინთო _ სახეზე ღიმილიც ჯერ კიდევ შემრჩენოდა. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა კულისამდე ძლივს მივაღწიე, იქვე კედელს მივეყრდენი და იმ წუთში ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ გადაირბინა. სულ რაღაც ერთი წამის წინ ამ სცენაზე დავტოვე ის წარმატებები და აღიარებები რაც აქამდე მომიპოვებია. მხოლოდ სამმა ადამიანმა განსაზღვრა მთელი ჩემი ბედი. რეალურ სამყაროს მოწყვეტილი ვიდექი კულისებში და არსებული მდგომარეობიდან გარკვევას ვცდილობდი, თუმცა ამაოდ...
–ქალბატონო ლუარა, თქვენ არ ხართ ერთადერთი მონაწილე, რომელიც წითელი ღილაკის მსხვერპლი გახდაზ. რა პრეტენზია გაქვთ ჟიურის მიმართ?
–შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ჩემს სამშობლოს და ჩემს ხლხს ვენაცვალე. წლების მანძილზე თქვენი სიყვარულით ვმღეროდი, თქვენი სატკივარი მტკიოდა და თქვენი სიხარული მახარებდა. ადრეული ასაკიდან ვიყავი განებივრებული ჯილდოებით და სიგელებით, მაგრამ მოპოვებულმა წარმატებებმა კი არ გამათამამა, არამედ პირიქით, უფრო შეუმჩნეველი გამხადა. სიბერის ჟამს ჩემი გადაწყვეტილება –მონაწილეობა მიმეღო "ნიჭიერში" ცუდი რით იყო? ქართველები ყველანი ნიჭიერები არ ვართ? სხვა თუ არაფერი ერთმანეთის სიყვარული ხომ ვიცით, პატივისცემა და ერთგულება ვიცით, ეს ყველაფერი ნიჭი არ არის? მე არ მაქვს პრეტენზია გავმხდარიყავი პროექტის გამარჯვებული, მაგრამ ცინიკური ღიმილის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. მხოლოდ სამმა ადამიანმა რატომ გადაწყვიტა ჩემი ბედი და არა მაყურებელმა?! მე მაქვს პრეტენზია ჟიურის მიმართ, რომლებმაც პატივი არ სცეს არც ჩემს ასაკს და არც ქართულ კულტურას. სიმღერა დაწყებული არ მქონდა რომ შემაწყვეტინეს. დავუშვათ, რომ მათი საკადრისი ვერ ვიმღერე, მაგრამ თუ ბოლომდე არა, ნახევრად მაინც მოესმინათ, ეს ელემენტარული კულტურის საკითხია.
–რომელი სიმღერა შეასრულეთ და ვინ გირჩიათ?
–პირველი შესარჩევი ტური ზუგდიდში ჩატარდა და ჟიური მხოლოდ ორი მონაწილესგან შედგებოდა. მათთან ერთად იყო "რუსთავი 2" - ის სამეგრელოს კორესპოდენტი. მამღერეს დაახლოებით ათამდე სიმღერა და მათ მერჩიეს მომდევნო ტურში მემღერა "ო შანტე". ჯერ მამღერეს და როცა სიმღერა დავასრულე ერთხმად ბრავო-ბრავო მეძახეს.
–როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?
–რაც თავი მახსოვს სულ სცენაზე ვდგავარ და რომ გითხრათ მაშინ დავიბენითქო არ იქნება მართალი. უფრო დიდ სცენაზეც მიმღერია და ათასობით მაყურებლის გული დამიპყრია. მაშინაც ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, თუმცა არაჩვეულებრივი შედეგით დასრულებული. სცენიდან გამოსული თავზარდაცემული ვიყავი და ამ ყველაფერს სახელს ვერ ვუძებნიდი. ვფიქრობდი რა პასუხი გამეცა სამეგრელოში ჩამოსულს იმ ხალხისთვის ვინც მგულშემატკივრობდა. იმ ჩანაწერს ხომ ყველა ნახავდა და არ მინდოდა "თითით საჩვენებელი" გავმხდარიყავი. ამ სიბერის ჟამს როგორ შევრცხვიმეთქი. მდგომარეობიდან გამოსვლა გამიჭირდა, თვითმკვლელობაზეც ვიფიქრე, მაგრამ როგორც იტყვიან "ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს" და ჩემს კარიერაში ეს იყო ის მცირე დაღმართი, რომელიც მალავე გავიარე. არ ვაპირებ ამის გამო თავჩახრილმა ვიარო. პირიქით, მე ჩემს ხალხს ვჭირდები, ჩემს სამეგრელოს და მეგრელებს კიდევ ათასი სიმღერა უნდა მივუძღვნა.
ჟურნალი "ღია ბოქლომი" ქალბატონ ლუარას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობა.
[ლია შამათავა, "ღია ბოქლომი" 11 (15)]