26 მაისს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.
ამავე დღეს, 17:30-ზე, მოეწყობა სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით. მსვლელობის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დევნილების საკითხისადმი. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტთან გააჟღერებენ გზავნილს - „მუსიკა ათავისუფლებს!“
კონცერტის ყველა მონაწილემ, მათ შორის ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ჰონორარზე უარი თქვეს. ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტი საქართველოში 25 მაისიდან 28 მაისამდე გაგრძელდება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილების მხარდაჭერაა. კონცერტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლაინობისათვის“ და ” Alter Vision Group“.
ვერა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლაინობისათვის„ ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი პრობლემების აქტუალიზაცია და ლტოლვილების საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების და მედიების ყურადღების კონსოლიდაციაა.
საქართველოში 350, 000-მდე დევნილია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ- საქართველოს ომის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა.
ღონისძიების დღეებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა. მათ შორის იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედიასაშუალებებიდან.
სტუმრები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვისა“ და ორი ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციის : SOS Rasizm და UEJF-ის მოწვევით ჩამოდიან, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები კი – „ALTER VISION GROUP”–ის მოწვევით.
ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზაციას „ ALTER VISION GROUP” ახორციელებს.
ირაკლი ნადარეიშვილი, ”Alter Vision Group–ის“ წარმომადგენელი: ”Alter Vision Group“ იზიარებს და მხარს უჭერს პროექტის მთავარ მიზანს და მიმართულებას. საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიის კონსოლიდაცია ამ საკითხის გარშემო იმის წინაპირობაა, რომ პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“.
ღონისძებამდე, რომელიც 2010 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება, ქართველი მუსიკოსები გამართავენ პრომოკონცერტებს სენაკსა (16 მაისი) და ქუთაისში (22 მაისი).
ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში გამართულ კონცერტში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს.
[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]