წყარო „თბილისელები“, 8 ივნისი, 2011 წელი
22:13 08.04.2014
1993 წლის 27 სექტემბერი. ამ დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა გამორჩეული მამულიშვილი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს. ნათელი და გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ყველა ვერსიის თანახმად, ეს ადამიანი უშიშრად შეხვდა სიკვდილს.
გაგაცნობთ ნაწყვეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გამოსვლიდან, რომელიც მან 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს, ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა.
„ერთ მაგალითს გიამბობთ, აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული, დავითი (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა - მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო.
სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს, წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს, თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში”.
როგორ მოკლეს ჟიული
ჟიულის გარდაცვალების ძირითადი ვერსიით, ის გუდაუთამდე არ ჩასულა. ქალაქიდან გასვლისას, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ დაღუპულთა ცხედრების ნაწილი, სწორედ იქაა ნაპოვნი. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო: იმ აფხაზთა შორის, რომლებმაც შტურმით აიღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭო, სამი აფხაზი იყო. მათ უნდა გადაერჩინათ ჟიული შარტავა და მისი გარემოცვაც. ეს ამბავი ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, უამბო ერთ-ერთმა აფხაზმა. გზაზე ისინი აფხაზურმა დაჯგუფებამ შეაჩერა და ცეცხლი გაუხსნა. ჟიული მანქანიდან გადავიდა საქმის გასარკვევად. მას ის სამი აფხაზიც მიჰყვა. მათ დამხვდურებს აუხსნეს, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გუდაუთაში არძინბასთან მოსალაპარაკებლად მიჰყავდათ და მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული. იქითა მხრიდან კი მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია არ არსებობდა და სროლა ატეხეს. პირველად, ჟიულის ერთ-ერთ მცველს ესროლეს. ჟიულიმ თქვა - ამას რას ემართლებითო და მასაც ესროლეს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ჟიულის ჯერ ფეხებში, შემდეგ ცოტა ზემოთ და ბოლოს, თავში ესროლეს.
„ლია, თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ!”
ქალბატონი ლია (ჟიული შარტავას მეუღლე): ჟიული 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა სოხუმიდან. გარეგნულად, მშვიდი, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული მეჩვენა. არაფერი მიკითხავს. დილის ათ საათზე სახლიდან გავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელი დღე არ ჩანდა, არც დაურეკავს. იმ საბედისწერო ღამეს, პირველ საათზე მოვიდა დაღლილი. საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი. ბევრი უსიამოვნო ზარი მახსოვს, მაგრამ 16 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დარეკილ ზარს, მეხსიერებიდან ვერასდროს ამოვშლი. ტელეფონთან ჟიულის თხოვდნენ. სოხუმიდან რეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი თვალებში. გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა, მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს. შემდეგ, მომიბრუნდა და მითხრა: ისევ დაიწყო აფხაზეთში ომიო. მერე, სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად. დღის სამი საათისკენ დაბრუნდა. სამ საათზე უკვე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. ოთახიდან გავედით, ერთმანეთს კართან დავემშვიდობეთ. გასვლისას მითხრა: „ლია, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია. თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ“. სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა ჟიული სოხუმშიო. ამ კითხვას ყოველთვის მისივე სიტყვებით ვცემ პასუხს: „რაც ვარ, ესა ვარ - დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა თუ უცოდველობით. მე ვდგავარ მხოლოდ ერთ პოზიციაზე - რამე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს!”
ბედნიერი წლები
ქალბატონი ცისანა (ჟიული შარტავას და): გული მტკივა, რომ ჟიული ვერ მოესწრო ბაბუობის სიხარულს. ერთხელ, გვერდზე გამიხმო და მითხრა: კახას შენი სჯერა და ხშირად ელაპარაკე, დროზე დაქორწინდესო. მერე, ღიმილით დაემუქრა შვილებს: თუ ცოლებს დროულად არ შეირთავთ, შვილიშვილებს ავიყვანო. სოხუმში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ, გაჩნდა მისი სეხნია - ჟიული შარტავა, უფროსი შვილის შვილი. ახლა, ის ოთხი შვილიშვილის ბაბუაა.
ჟიული 1944 წელს, სენაკში დაიბადა. ორი წლის შემდეგ კი, მე გავჩნდი. სახელი თვითონ დამარქვა - ცისანა და ეს ძალიან მეამაყებოდა. ოთხი წლის შემდეგ, სოსო შემოგვემატა. ჟიულის და სოსოს განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ. სოსოს ჟიულისადმი მოწიწება ყოველთვის იგრძნობოდა. ზოგჯერ, რაღაცის გამო აჯაჯღანებული სოსო ჟიულის გამოჩენაზე მორჩილი და თვინიერი ხდებოდა, სანთელივით დნებოდა მისი სიყვარულით. ახლა ვხვდებით, თუ როგორი განებივრებული ვიყავი ჟიულის მზრუნველობით. ბაღში რომ წავიდოდით, ჯერ შემათვალიერებდა, როგორ გამოვიყურებოდი, მომაწესრიგებდა, მერე, ხელს ჩამკიდებდა და ჩემი ჯგუფის ოთახამდე მიმაცილებდა, თვითონ კი, თავის ჯგუფისკენ გაიქცეოდა. ასეთი იყო ყოველი დღე და მერეც, სკოლის პერიოდში. მშობლებს ჩემთან დაკავშირებით ბევრი საზრუნავი მთლიანად მოხსნილი ჰქონდათ. ძალიან მოსიყვარულე და სათუთი გული ჰქონდა. თუმცა, მოფერება და თბილი სიტყვების თქმა არ ეხერხებოდა, მორცხვობდა. თუ გულს მატკენდა, მაშინ ყირაზე დგებოდა, არ მომეშვებოდა, სანამ წყენა არ გამიქრებოდა. ამქვეყნად არავისი ისე არ მერიდებოდა, როგორც მისი. პირველი სექტემბრისთვის სასკოლო რვეულებს თვითონ გვიმზადებდა და გარეკანსაც თავისი ლამაზი კალიგრაფიით გვიფორმებდა. მახსოვს, კარგა ხანს არ გვქონდა პიანინო და მუსიკის გაკვეთილებს მაგიდაზე, თითების კაკუნით წავიმეცადინებდი ხოლმე.
ერთხელაც, ჟიულიმ მაგიდაზე გრაგნილი გამიშალა. ტუშით დახატული კლავიატურა ისე ჰგავდა ნამდვილს, ხელი რომ შევახე, მეგონა, ახმიანდებოდა. ერთხელ, ჩემი საახალწლო, საზეიმო კაბა ძალიან ღარიბული ეჩვენა და თვითონ მომიხატა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სახლის ქვედა სართულზე ფიცრებისგან თავისი ხელით გააკეთა ბნელი ჯიხური. ბეჭდვისთვის საჭირო საკმაოდ რთული მოწყობილობაც თვითონვე დაამზადა. კარგად ერკვეოდა ელექტრობაში, სადურგლო საქმეებში. თამაშობდა ჭადრაკს და ხშირად, მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ბრწყინვალედ ხატავდა, ძერწავდა. სხვებსაც კი ამზადებდა ქანდაკებაში. მეშვიდე კლასში იყო, როცა მის ცხოვრებაში ლია შემოვიდა. მათი ურთიერთობა უზადო და განსაკუთრებული იყო. მე და სოსომ კი, იმ დღიდან, როცა გავიგეთ, ლია ჩვენი ძმის რჩეული იყო, გულში, მეოთხე წევრად მივიჩნიეთ და ჩუმ-ჩუმად თავს ვევლებოდით.
ჟიულიმ სენაკის მეორე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ძალიან უყვარდა ლადო ასათიანის ლექსები. მისი სიტყვებით თითქოს თავის სათქმელსაც ამბობდა:
„ჩვენ შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...“