ავტორი ჯაბა ხუბუა | "ასავალ-დასავალი"
00:54 28.11.2011
ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის ხელისუფლებამ არასრულ ათ დღეში სამი ახალი ძეგლის დადგმა მოასწრო. კვერცხებისა და ფლოსტების ძეგლი - ბათუმში, ველოსიპედის ძეგლი - თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე და ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი - ასევე თბილისში, რიყის პარკში.
კვერცხები, ფლოსტები, ველოსიპედი და რეიგანი - სააკაშვილის ხელისუფლების "ჭენებას არ აქვს სამძღვარი", ძვირფასო მეგობრებო.
"საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯ ბუშიუმცროსის ქუჩით დედაქალაქის ცენტრში შემოსულ სტუმრებს ძველ თბილისში შეერთებული შტატების კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი დახვდებათ - რონალდ რეიგანი", - გვამცნო "კურიერის" წამყვანმა, რომელსაც, სხვათაშორის, ამ სიტყვების წარმოთქმისას სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
რეიგანის ძეგლი ქართველმა სკულპტორმა გამოაქანდაკა. როგორც "ასავალ-დასავალის" ამავე გვერდზე დაბეჭდილ ფოტოზე ხედავთ, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული რეიგანი სკამზე ზის, მის გვერდით კი ცარიელი ადგილია, რათა ნებისმიერი მსურველი მიუჯდეს ამერიკის ერთ-ერთ ლეგენდარულ პრეზიდენტს და მასთან ერთად ფოტო გადაიღოს.
დიახ, რონალდ რეიგანი მართლაც ლეგენდარული პრეზიდენტი, მსახიობი და პიროვნება იყო, მაგრამ რა კავშირშია იგი საქართველოსთან და რატომ დაუდგეს ძეგლი თბილისში?
როგორც სააკაშვილის "კურიერმა" გვამცნო, რეიგანს თბილისში ძეგლს საბჭოთა კავშირის დაშლასა და ცივი ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის უდგამენ.
კი მაგრამ, ამის გამო რეიგანისათვის ძეგლი ამერიკელებს არ დაუდგამთ თავიანთ ქვეყანაში და ჩვენ, ქართველები, ჩვენს ქვეყანაში რატომ ვდგამთ? - იკითხავს პატივცემული მკითხველი.
ჯერ ერთი, რეიგანის ძეგლს თბილისში ქართველები კი არ ვდგამთ, არამედ სააკაშვილის ხელისუფლება დგამს, რომელსაც საქართველოსთან და ქართველობასთან ისევე არა აქვს არანაირი საერთო, როგორც ამერიკის პრეზიდენტ რეიგანს არ ჰქონდა.
და მეორეც, ამერიკაში არც ჯორჯ ბუშის ქუჩა არსებობს, მაგრამ ჯორჯ ბუშის ქუჩა არსებობს თბილისში და სწორედ ამ ქუჩით მიაქანებს უფსკრულისაკენ საქართველოს სააკაშვილის ნაბუშარი რეჟიმი.
ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში შეტანილი დიდი წვლილისათვის თბილისში რეიგანს თუ ეკუთვნის ძეგლის დადგმა, მაშინ რა დააშავა სააკაშვილის აღმზრდელმა და მასწავლებელმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლაში რეიგანზე არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი?
თუ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, შევარდნაძემ, რომელიც ამ ბოროტების იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პროტესტის ნიშნად, დემონსტრაციულად დატოვა თანამდებობა და საჯაროდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაუპირისპირდა საბჭოთა დიქტატურას!
დიახ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა მეოთხე ყრილობაზე, 1990 წლის 20 დეკემბერს, შევარდნაძემ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა:
"დიქტატურა მოდის! - ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. არავინ უწყის, როგორი იქნება ეს დიქტატურა, რანაირი დიქტატორი მოვა და რა წესრიგს დაამყარებს. მსურს, გავაკეთო შემდეგი განცხადება: მე გადავდექი... დაე, ეს იყოს... (ნუ რეაგირებთ და ნუ მლანძღავთ...) დაე, ეს იყოს ჩემი წვლილი, გნებავთ, ჩემი პროტესტი დიქტატურის წინააღმდეგ!.. მე არ შემიძლია, შევეგუო იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იმ განსაცდელს, რომელიც ჩვენს ხალხს ელის. მე მაინც მჯერა, - მჯერა, რომ დიქტატურა ვერაფერს გახდება, რომ მომავალი დემოკრატიას და თავისუფლებას ეკუთვნის!"
აი, ძვირფასო მეგობრებო, ამ სიტყვების წარმომთქმელ კაცს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგომამაც საბჭოთა კავშირს ერთერთი უკანასკნელი აგური გამოაცალა, სააკაშვილის დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში ერთი ძეგლი როგორ არ ეკუთვნის?
დიახ, თუ რეიგანს ეკუთვნის, მაშინ ეკუთვნის შევარდნაძესაც!
რაღა დაგიმალოთ, ძვირფასო მკითხველო, როცა გავიგე, რომ სააკაშვილი თბილისში რეიგანის ძეგლს დგამდა, მაშინვე გავიფიქრე, ჩვენი მიშიკო თავისი აღმზრდელისა და გზაზე დამყენებლის ედუარდის ძეგლის დასადგმელად ხომ არ ემზადება და რეიგანის ქანდაკების დადგმით ხალხისთვის ამ იდეის შეპარებას ხომ არ ცდილობსმეთქი?
რა იცით, რა ხდება... სკამზე ჩამომჯდარი რეიგანის გვერდით ის ცარიელი ადგილი ფოტოს გადაღების მსურველებისთვის კი არა, იქნებ, სწორედ ედუარდ შევარდნაძის ქანდაკებისათვის არის განკუთვნილი?
შევარდნაძე, რომელმაც სააკაშვილი გამოზარდა, პოლიტიკაში გზა გაუკაფა და ბოლოს ხელისუფლებაც უმტკივნეულოდ გადააბარა, მიშასგან ერთი ძეგლის დადგმას ნამდვილად იმსახურებს!
დიახ, ვინვინ და, სააკაშვილმა ნამდვილად უნდა დაუდგას ძეგლი შევარდნაძეს!
მგონი, სააკაშვილი სწორედ ამისათვის ემზადება!