19:06 18.12.2011
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ დამფუძნებელი თაკო ფხაკაძე შერიგდნენ. ამის შესახებ განცხადება მოროშკინას ადვოკატმა ირაკლი კაპანაძემ გააკეთა.ადვოკატის ინფორმაციით, მოროშკინამ და ფხაკაძემ შერიგების შესახებ გადაწყვეტილება მამა როსტომ ლორთქიფანიძის თხოვნით მიიღეს.
„...ინციდენტი ამოწურულია. ისინი შერიგდნენ", - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ და დასძინა, რომ მოროშკინამ შიმშილობაც შეწყვიტა.
ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძეს შორის ინცინდენტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერაზე მოხდა. მოროშკინამ ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოროშკინას სასამართლომ 15-დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ფხაკაძემ ინცინდენტიდან მეორე დღეს პრესკონფერენციაც გამართა და განაცხადა, რომ „ეს იყო ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა“.
„მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. მარტო იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ ჩამცხო, თუ არ ვიცი რა ვუწოდო, იყო შედარებით ბლაგვი“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
