პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს.
გაზიარება
[15:54 09-11-2010]
"ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუმრობისას.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. ამის მაგალითად სააკაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" მოიყვანა, რომელსაც სამყაროს მიკრომოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებში მთელი სამყაროა აღწერილია.
"როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა წარმატებას მიაღწიო და იბრძვი გადარჩენისთვის, შეუძლებელია, არ იცოდე, რა ხდება დანარჩენ სამყაროში", - განაცხადა სააკაშვილმა.
ინგლისური ენის წინააღმდეგ ასეთი მოსაზრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელიც ამის შესახებ საუბრობს ყველგან – ტელეარხებზე, პრესაში და მოსახლეობასთან შეხვედრისას. სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს "სინგაპურიზაციის" პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფო ენის გაჩენას, კერძოდ - ინგლისური ენის.
"რაში გვჭირდება ინგლისური ჩვენ? რატომ არის ამოჩემებული ეს ინგლისური? ჩვენს სამეზობლოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. ვიღაც ტვინნაღრძობმა მიშისტმა შიძლება თქვას, ჩვენ ხომ ევროპაში შევდივართო? ჯერ ერთი, ევროპამ უზარმაზარი ბოქლომი დაგვიდო თავის კარზე და მეორეც - ევროპაში მთავარი ენები დღეს არის გერმანული და ფრანგული. ვიღაცამ შეიძლება თქვას - ტურიზმის განსავითარებლად გვჭირდება ინგლისურიო. იტალიასა და ესპანეთს ჩვენ ტურიზმში ვერასდროს დავეწევით, მაგრამ ჩადით ესპანეთსა და იტალიაში და ვინმეს თუ სჭირდება იქ ინგლისური, ნახეთ. გვჭირდება იმისთვის, რომ აქ ბურები ჩამოვლენ, ჩინელები ჩამოვლენ, ინდოელები ჩამოვლენ და იმათ უნდა ველაპარაკოთ?", – აცხადებს სანიკიძე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი თაობის შემდეგ ქართული ენა მხოლოდ საეკლესიო ენა გახდეს.
interpressnews.ge, presa.ge