ავტორი ბიძინა სავანელი *
18:35 18.12.2011
ბატონო ბიძინა, პოლიტიკურ არენაზე ისევ გამოჩნდა შევარდნაძის გუნდი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში დაკომპლექტებულია შევარდნაძისგან დავალებული ანდა მისი “წასვლის” შემდეგ სახსარ შემცირებული ან სააკაშვილის მართველობის დროს მასზე განაწყენებული ბურჯანაძის სტილის უხილავი თუ ხილული პერსონებისგან.(ბურჯანაძე ხომ 4 წელი სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ ჩადენილი ქმედებათა თანამონაწილე იყო). ზოგიერთი მათგანი ფილარმონიის დარბაზში გამოჩნდა. ჯერ-ჯერობით ჩრდილში არიან გაცილებით ბობოლა “შევარდნაძისტები”, მათ შორის რუსეთში, რომელნიც შევარდნაძისაგან სიგნალს ელიან. უკანასკნელი 55 წლიანი “ქართლის ჭირის” მთავარი მიზეზი კორუფცია და ძარცვა-ყაჩაღობაა. ხომ ცხადი ფაქტია, რომ დროის ამ მონაკვეთში ხელისუფლებაში მოსვლის პარაზიტული ელემენტების უმთავრესი მიზანი ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით უზომო გამდიდრება იყო და დარჩა. დროის მთელ ამ მონაკვეთში ყველას ყველაფერი შერჩა. და ესენიც ამის გაგრძელებას სცდილობენ.
ყოფილი და ამჟამინდელი ბევრი “შევარდნაძისტი” ამტკიცებს, რომ თავად შევარდნაძე მოძალადე და კორუმპირებული არ ყოფილა.
შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულმა ყოფილი კომუნისტების ჯგუფმა ყაჩაღობით და კორუფციით ქვეყნის მართვა აღადგინა, და დე-ფაქტოდ მოხდა ის, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩაენაცვლა “მოქალაქეთა კავშირის” ცენტრალურ კომიტეტი სულით და ხორცით კომუნისტი-კოსმოპოლიტი შევარდნაძის თავმჯდომარეობით.
იურიდიული ფაკულტეტის უკვე პირველი კურსის სტუდენტმა იცის, რომ თანამდებობის პირი, თუ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით თავისი განზრახი უმოქმედობით მისადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირებს კორუფციასა და ძარცვა-ყაჩაღობას ხელს უწყობს, ასეთი პირი დანაშაულის თანამონაწილეა და ის მათთან ერთად სისხლის სამართლის წესით იმავე მუხლებით უნდა დაისაჯოს. ბატონო ბიძინა, გაიხსენეთ შევარდნაძის უკანასკნელი მართველობის დროს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გამეფებული სიბნელე.
უფრო მეტი, ეს ის შევარდნაძე არ არის, რომლის სახელთან არის დაკავშირებულია გაეროს პრინციპების და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მოსაზღვრე ქვეყნის - რუსეთისთვის „სამშვიდობო“ მისიის მინიჭება ანუ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ოკუპაციის ხელშეწყობა და ბევრი სხვა “სიკეთე”?
ამის შემდეგ, შევარდნაძის თავმჯდომარეობით “მოქალაქეთა კავშირის” ცენტრალურ კომიტეტს ჩაენაცვლა ფორმალურად “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული, არსებითად კი “ინტერნაციონალური”, უფრო ზუსტად კი ანტინაციონალური ანუ ანტიეროვნული ცენტრალური კომიტეტი სააკაშვილის თავმჯდომარეობით, იმ განსხვავებით, რომ ეს “კომიტეტი” დაკომპლექტდა გაცილებით კოსმოპოლიტი ნეოკომკავშირლებით და ქართული ენის მგმობელი ნორჩი “დავით დროიძეებით”, რომლებაც მამათა და შვილთა შორის ხიდი ჩატეხეს. ამათი შემხედვარე მახსენდება მარქსისტულ-ლენინური დევიზი: “პროლეტარს სამშობლო არ აქვს” ანდა 20-ანი წლების კომკავშირლების მოქმედების პრინციპი: “მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას”. ამათი შემხედვარე, მათ მიმართ გამოვიყენებდი დიდი მგოსნის ერთ კუპლეტს “ღამურადან”: “კრულია მისი სახელი, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა, თვის ტომს ღალატობს და მითი, თვით ფიქრობს მაღლა ფრენასა”.
გარდა ამისა, სააკაშვილმა გააღრმავა ქართველი ერის ეკონომიკური ძარცვა-გაღატაკება, და ყველაფერ ამას, ახალგაზრდობის ზნეობრივი გადაგვარება დაამატა, ხოლო შემდეგ დე-იურედ „დააგვირგვინა“ შევარდნაძის მიერ დაწყებული საქართველოს პოლიტიკური დაშლა, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა, აფხაზეთს ზემო სვანეთი, ხოლო სამხრეთ ოსეთს ახალგორის რაიონი მიუერთა, წამოიწყო ომი რუსეთთან, რითაც ხელი შეუწყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დე-იურე აღიარებას და საქართველოს დაქუცმაცებას.
საქართველოს დაქუცმაცების მხარდამჭერ გიორგი მუხრან-ბატონს (მუხრანსკის), აი რა პასუხი გასცა აკაკი წერეთელმა: “ფარისეველო, გაუტანელო! სხვასთან თავმხვრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო! რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო?!”
და აი, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდით თქვენ: საქარველოსთვის უანგარო, საშუალო თაობის, მრავალწლიანი ქველმოქმედი, რომელსაც ორი წინამორბედი პოლიტიკური ელიტის უმრავლესი წარმომადგენლებისგან განსხვავებით ქვეყნიდან ქონება კი არ გაგქონდათ, არამედ შემოგქონდათ და შემოგაქვთ.
ნუ ჩაყრით ამდენ ამაგს წყალში!
ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ ბევრი, მათ შორის კულტურის მოღვაწე და ინტელექტუალი, რომელიც შევარდნაძის დროს საკმაოდ “ნავარდობდა”, სააკაშვილის დროს სახსარი შეეკვეცა, და თქვენთან მიკედლებას ლამობს. ამ რჯულის ადამიანები აი როგორ ჰყავს გამათრახებული დიდ მგოსანს: “აბა, მიბრძანეთ, რა მეთაურია და რა თავადია ხალხისა ის ინტელიგენტი, რომელსაც იმდენად უყვარს სამშობლო, რამდენადაც ის მხოლოდ სასარგებლოა მისი პირადი კეთილდღეობისათვის და, თუ ვეღარას გამორჩა, წიხლსა ჰკრავს და ჩალა-ბზეზე გასცვლის! აბა ის ინტელიგენტია, რომელსაც გონება ჯიბეში უძევს და გრძნობა კუჭში?”
ქართველმა ერმა თქვენში დაინახა იმ მესამე ძალის მეთაური, რომელსაც ძალუძს საქართველოს გადარჩენა. გთხოვთ, ერს იმედს ნუ გაუწბილებთ.
ვიხსნათ საქართველო ანუ დავიხსნათ ციყვი წრიული გალიიდან!
| * ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი |
