ავტორი ირმა ინაშვილი
19:06 01.12.2011
ვეხმაურები ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან „მაესტროს“ ჟურნალისტების მხარდასაჭერად დღეს, 2011 წლის 1 დეკემბერს გაავრცელა. წერილის ცალკეული ფრაგმენტები მავალდებულებს ბატონ ბიძინას საჯაროდ გავუზიარო რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება.
ბატონო ბიძინა, თქვენს მიერ ბოლო პერიოდის მანძილზე გავრცელებულ განცხადებებში, მიმართვებსა, თუ ინტერვიუებში ხშირად ფიგურირებდა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვის თემა. მოხარული ვარ, ახლა მაინც გამოთქვამთ სინანულს იმის გამო, რომ „ენდეთ დღევანდელ ხელისუფალთა კეთილ ზრახვებს და დახურეთ „მე-9 არხი“. თუმცა, გულწრფელად მიკვირს, რატომ აპელირებთ ასეთი ინტენსიური პეროიდულობით „მეცხრე არხის“ დახურვის თემით, რაც ,მერწმუნეთ, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა შორის სულაც არ ჰბადებს თქვენი გადაწყვეტილებისადმი პოზიტიურ განწყობას. პირიქით, მე, როგორც ჟურნალისტი, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ და ღიად შეგახსენოთ, რომ „მეცრე არხის“ დახურვით ჩვენს საზოგადოებას უმძიმეს ეტაპზე წაართვით განსხვავებული, ობიექტური ინფორმციის მიღების, ხოლო ჟურნალისტებს- თავისუფალი მოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება. ვიმეორებ, კარგია, რომ ახლა მაინც აცნობიერებთ, რა დიდი შეცდომა დაუშვით და ისიც მისასალმებელია, რომ ღიად ინანიებთ ამ შეცდომას, მაგრამ რა გარანტია აქვს ჩვენს საზოგადოებასა და ჟურნალისტთა კორპუსს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის შეცდომას ისევ არ დაუშვებთ?!...რომ კვლავ არ მოიხიბლებით „ხელისუფალთა, ან კრავის ქურქში გამოწყობილ სხვა მგელთა კეთილი ზრახვებით“, „ბევრი ადამიანის მსგავსად, არ დაიჯერებთ მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის და ამ დახურვით უნებურად ხელს არ შეუწყობთ დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლიერებას?“... სამწუხაროდ, თავის დროზე თქვენ ვერ შეძელით კეთილისა და ბოროტის შეცნობა, ანუ ლიბერალებისა და დიქტატორების გარჩევა ერთმანეთისაგან.ამ უკანასკნელთა შორის, ვგულისხმობ სააკაშვილებს, მერაბიშვილებს, ბოკერიებსა, თუ უგულავებს. მეორე პრობლემა ისაა, რომ თქვენ მედია-საშუალებებს, როგორც ჩანს, მოქმედ და სათადარიგო საშუალებებად განიხილავდით და „სათაგარიგო „მეცხრე არხი“ იმიტომ დახურეთ, რომ ანგარიში გაუწიეთ მოქმედ ხელისუფლებას. დამაფიქრებელია, რომ ანგარიშის გაწევა კვლავ ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების ხარჯზე მოხდა. მინდა მჯეროდეს, რომ ახლა მაინც აცნობიერებთ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტთა მდგომარეობას, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, „კეთილი ხელისუფლების“ მაცდურ იმიჯს შეწირეთ. ალბათ, ამ მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, მთელი სიმძაფრით აღიქვამთ „მაესტროს“ ჟურნალისტთა დღევანდელ მდგომარეობას და წერთ:“ მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით“. დიახ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგების თავდადებით, რომლებიც უკანასკნელი 8 წლის მანძილზე საკუთარი შვილების შიმშილის, სიღატაკისა და ფიზიკური საფრთხის ხარჯზე ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და საზოგადოებას უტოვებდნენ ობიექტური ინფორმაციის მიღებისკანონიერ უფლებას, მაგრამ იმავე პერიოდში თქვენ, სამწუხაროდ, დაბნეული და გაორებული იყავით. თურმე, არ უყურებდით ტელევიზორს, ჩაფლული იყავით ბიზნესის საქმეებში და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილთან გქონდათ შეხება, რომლებიც, ცხადია, ცრუ ინფორმაციას გაწვდიდნენ.... ბატონო ბიძინა, ნეტავ, იმ დროს ჩაგერთოთ ტელევიზორი, მოგესმინათ ერთი გადაცემისთვის მაინც, იმას მაინც ხომ გაიგებდით, როგორ გამოაცხადა „კეთილმა ხელისუფლებამ“ ხულიგნებად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, როგორ მოკლა თქვენს მიერ ხოტბაშესხმულმა, რეფორმირებულმა პატრულმა ქუჩაში 100-ზე მეტი ახალგაზრდა, როგორ ცემეს და გადაასახლეს დევნილები და ვეტერანები, როგორ ესხმოდნენ ჟურნალისტებს თავს საკუთარი სახლების სადარბაზოებთან ე.წ. ზონდერები, რომელთა ხელმძღვანელობასაც , თურმე, არა სოროსი, არამედ თქვენ აფინანსებდით. გულწრფელად ვწუხვარ. იმის გამოც ვწუხვარ, რომ თქვენ, ამდენი კეთილი საქმის მკეთებელი, უანგარო ადამიანი, დღესაც კი დარწმუნებული ხართ, რომ „ვარდების რევოლუციამდე“, თურმე, რუსთავი-2 ძალიან კარგად მუშაობდა. არა, ბატონო ბიძინა, რუსთავი-2, კიწმარიშვილის თაოსნობით, ყველა ჟურნალისტურ სტანდატრს არღვევდა. ადამიანებს სატანისტურ მკველებად აცხადებდა, იმიჯს ხელოვნურად ულახავდა. მაგალითისთვის, ვალერი ასათიანის ტრაგიკურ ისტორიას გაგახსენებთ, როცა ბატონი ვალერი სატანისტურ მკვლელად გამოცხადეს. აი, ეს ტელევიზია მოგწონდათ. არადა, რევოლუციამდელი რუსთავი-2-ის მთავარი ხრიკი ყოველ ხუთ სიმართლეზე ერთი ისეთი ტყუილის გავრცელებაშიმდგომარეობდა, რომელიც (არც მეტი, არც ნაკლები)ადამიანთა სიცოცხლეს იწირავდა. დღეს გვარწმუნებთ, რომ დამოუკიდებელ მედიას დაიცავთ და განავითარებთ და აქაც არასწორად გესმით რეალობა. თქვენ მედიას სთავაზობთ,- წილი მოგყიდონ.
ბატონო ბიძინა, გეუბნებით: ყველაფერი არ იყიდება, ღირსებას ვერ იყიდი. ამიტომ უსასყიდლოდ გითმობთ „ობიექტივის“ საეთერო დროის მთელ 50%-ს. მობრძანდით, იმაუწყებლეთ. თუ ჩვენს დახმარებას მიიღებთ, იდეოლოგიაც თავად განსაზღვრეთ, თემატიკაც და სტუმართა შემადგენლობაც. გნებავთ, თქვენი წამყვანები მოიყვანეთ და მათ გავუხსნით კარს. გნებავთ, ჩვენი წამყვანები მოგემსახურებიან.
სათქმელი ბევრი დამრჩა, მაგრამ დღეს მხოლოდ ის მოსაზრებები გაგიზიარეთ, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩავთვალე. ეჭვი არ მეპარება, რომ სიკეთეს უანგაროდ აკეთებდით, ამიტომ ველი, რომ პოლიტიკაშიც სიკეთეს მოიტანთ. იმედია, გული არ გატკინეთ. გახსოვთ, პირისპირ შეხვედრისას მითხარით, - კრიტიკული მოსაზრებები მომაწოდე, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო. სამწუხაროდ, კრიტიკული მოსაზრებები ვერ მოგაწოდეთ, რადგან პირადად ვეღარ შეგხვდით, ისეთი ზღუდეები აგო თქვენს ირგვლივ თქვენსავე გარემოცვამ, რომელთა დიდი ნაწილიც ( ვგულისხმობ: ჯანიკაშვილებს, ამაღლობელებსა, თუ ბიგვავებს) „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ წარმოადგენს და მხოლოდ ინტრიგებითა და ცილისწამებითაა დაკავებული. ამიტომაც მოგმართავთ წერილობით.
კვლავ ვუსვამ ხაზს: ეს წერილი, კეთილი განწყობითაა დაწერილი. მიგულეთ თქვენს მეგობრად.
