ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:06 03.12.2011
მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ე.წ. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული სიწმინდეები და სხვა ნივთები 2 დეკემბერს სახელდახელოდ გარემონტებულ მუსიკალური სკოლის შენობაში გადაიტანეს, რომელიც არის დამეწყრილი, ნესტიანი და კედლებდაბზარული. საგანძურის გადატანის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ილარიონისგან შევიტყვეთ, რის შესახებაც მასალას ამ წუთებში ვამზადებთ და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამასთან, სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრების სახელზე, დღეს, 3 დეკემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ფოსტით წერილი მოვიდა, რომელსაც ხელ აწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ჩომახაშვილი.
პროკურატურიდან მოსული დოკუმენტიდან ჩანს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 18 ნოემბერს, საზოგადოებრივი ჯგუფის წევრების მიერ შეტანილი საჩივარი რეაგირებისთვის გადაუგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას.
“ბატონო როლანდ, გეგზავნებათ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წლის 18 ნოემბერს შემოსული, სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრების - თეა წულუკიანის, შოთა გლურჯიძისა და სოსო მანჯავიძის საჩივარი, გამოძიების დაწყების მოთხოვნით“, - აღნიშნულია წერილში, რომლის ნომერია N13/51402 და რომელიც 30 ნოემბრითაა დათარიღებული.
“ობიექტივმა“ პროკურატურიდან მოსულ წერილთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს, რომელმაც ზემოხსენებული საჩივარი სვანეთში დაცული საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადობრივი ჯგუფის წევრების თხოვნის საფუძველზე შეადგინა.
გელა ნიკოლაიშვილი: კანონი ითვალისწინებს იმას, რომ სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულის ადგილზე, ვისაც აქვს გამოძიების დაწყების უფლებამოსილება, მან უნდა დაიწყოს გამოძიება. ვნახოთ რა ღონისძიებებს მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. მან უკვე უნდა დაიწყოს გამოძიება. მით უმეტეს, რამდენადაც მიმართვის ტექსტის ავტორებისგან ვიცი, მათ აქვთ არა მხოლოდ ვარაუდები, არამედ, კონკრეტული მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი აქვს დანაშაულს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. ჩემთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ მტკიცებულებებს პროკურატურაში პირადად წარადგენენ და მოითხოვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხნონ.
კანონის თანახმად დანაშაულის ნიშნების არსებობა-არარსებობა მთავარ პროკურატურაში ირკვევა ხოლმე, თუ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონმა ახალაიამ უნდა გაარკვიოს?
-კანონის თანახმად ამის გარკვევა ტერიტორიული პრინციპით ხდება.
პროკურატურიდან მოსული დოკუმენტი იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოძიება აუცილებლად დაიწყება?
-ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ, მიმართავენ როლანდ ახალაიას უწყებას, იმის გასარკვევად, შეიძლება თუ არა დაიწყოს გამოძიება.
პროცედურულად ამას რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს?
-გამოძიება შეიძლება დაიწყოს და შემდეგ შეწყდეს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ან არ შეწყდეს, მაგრამ გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს. როდესაც ადამიანი და მით უმეტეს, ადამიანთა ჯგუფი მთავარ პროკურატურას მიმართავს და ამბობს, რომ დანაშაულს ადგილი აქვს, ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები და გთხოვთ, დაგვკითხოთო, ასეთ შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს - ეს ადამიანები უნდა დაიკითხნონ. დანაშაულის ნიშნები თუ გამოიკვეთება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და თუ არ გამოიკვეთება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე დაიხურება.
ეს პროცესი დროში როგორ შეიძლება გაიწელოს?
ასეთმა სწრაფმა რეაგირებამ (საჩივარი 18-ში შევიდა და პასუხი 3 დეკემბერს გახდა ცნობილი) შეიძლება თუ არა გააჩინოს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ გამოძიებაც სწრაფად დაიწყება?
-არ ვფიქრობ რომ ეს სწრაფი რეაგირებაა. ესაა ნორმალურ ვადებში რეაგირება. სწრაფი რეგაირება მაშინ იქნებოდა, საჩივარი საოლქო პროკურატურაში მეორე, მესამე დღეს, რომ გადაეგზავნათ. თუმცა, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, ამ საკითხის მიმართ მაინც არიან გარკვეული გულისყურით და იმ ვადაში რეაგირება, რა ვადაშიც მოხდა, სწრაფადაც შეიძლება ჩაითვალოს.
“ობიექტივი“ შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 18 ნოემბერს შეტანილ საჩივარს ხელ აწერენ: შოთა გლურჯიძე, სოსო მანჯავიძე, თეა წულუკიანი, დავით ლილუაშვილი, მანანა კვაჭაძე, მაია ბარნაველი, მირონ ფირცხელანი, თამარ იმნაძე, ლია სიხარულიძე, არჩილ ლეკიშვილი, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და მე, ნინო მიქიაშვილი.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ საჩივრის სრულ ტექსტს:
“საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ან განადგურებისაკენ მიმართულ მოქმედებებს.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსერვატორის, რუსუდან ქოჩქიანის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ფასეულობები მუზეუმიდან ე.წ. კონტეინერებში 2011 წლის 28 ივნისს გადაიტანეს.
აღნიშნული ნივთები დღემდე ამ კონტეინერებშია განთავსებული. დღეისათვის მუზეუმის შენობა თითქმის დანგრეულია, ხოლო იმავე ადგილას აპირებენ ახალი მუზეუმის შენობის აგებას და აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.
2011 წლის მაისში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ ეროვნული საგანძური და სხვა ნივთები იმ დროს ჯერ კიდევ შენობაში იყო განთავსებული. “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან რეკავდნენ და გვაჩქარებდნენ, დროზე გაიტანეთ ყველაფერი, თორემ ჩამოვალთ და თავად გავიტანთო“, - აცხადებს მესტიის მუზეუმის ხელმძღვანელი, რუსუდან ქოჩქიანი.
სექტემბრიდან ჩვენს მიერ ატეხილი განგაშის მიუხედავად (რომელსაც საზოგადოების ბევრი სხვა წევრიც შემოუერთდა), მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ განადგურებისათვის განწირული მსოფლიო მნიშვნელობის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები მესტიაშივე, უსაფრთხო ადგილას ყოფილიყო გადატანილი. ორიოდე კვირის წინ, 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდნენ პატრიარქის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები და ასევე, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ შექმნილი კომისიის წარმომადგენლები. ორივე კომისია სიტყვიერად შეთანხმდა იმაზე, რომ საგანძურის გადატანისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილი იყო მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელსაც ეკლესია თმობს საცავად, ახალი მუზეუმის აშენებამდე.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი შეირჩა იმიტომ რომ მესტიაში სხვა შესაფერისი შენობა არ არის. საპატრიარქო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ დაიდოს ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ახალი მუზეუმის აშენებამდე საქართველოს ეკლესია მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს თმობს საცავად, სადაც რასაკვირველია, წირვა-ლოცვა არ იქნება.
13 ნოემბერს პატრიარქმა ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით, პირდაპირ განაცხადა:
“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში. ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება. ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად აცხადებენ უარს აღნიშნული საგანძურისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ ქმედებაში ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს:
„2. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაიწყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი 259-ე მუხლის (მეორე ნიშნით) მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
"ობიექტივი"