21:17 19.12.2011
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 6 ჟურნალისტი დააჯილდოვა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს სახალხო დამცველისა და ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" მიერ გამართულ კონკურსში.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ ჟურნალისტებმა, რომელთა მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე.
გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გამოავლინეს - "ბავშვთა უფლებები" და "სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა".
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუკეთესო რადიოსიუჟეტისთვის, პირველი ადგილი "ინტერპრესნიუსის", რადიო "პალიტრის" და "პალიტრატვ"-ს ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ მოიპოვა.
ამავე თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაჯილდოვდა.
ბავშვთა უფლებებზე მომზადებული ტელე და რადიოსიუჟეტებისთვის ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი და რადიო "მწვანე ტალღის" კორესპონდენტი მარიამ გეგეჭკორი დააჯილდოვეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მომზადებული საუკეთესო სტატიის ავტორი "რეზონანსის"ჟურნალისტი გიორგი ფუტკარაძე აღმოჩნდა, ბავშვთა უფლებებზე კი საუკეთესო სტატია "ლიბერალის" ჟურნალისტმა ეკა ჭითანავამ დაწერა.
გამარჯვებულებს სახალხო დამცველისგან დიპლომები, ფულადი პრიზი და სუვენირები გადაეცათ.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, მედიის აქტიურობის გარეშე ეფექტური მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმოუდგენელია.
"ეს კონკურსი ემსახურება ჟურნალისტებისთვის მეტი სტიმულის მიცემას და გარკვეულწილად, არის მათი შრომის დაფასებაც ჩვენი მხრიდან, რადგან სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტულია მედიასთან ურთიერთობა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. გამარჯვებულმა ჟურმალისტებმა ომბუდსმენთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.