ზუგდიდის ყველაზე პრესტიჟულ, 140 წლის ისტორიის მქონე პირველ საჯარო (საშუალო) სკოლას, რომელსაც სათავეში ყოველთვის გამორჩეული ღირსებების მქონე პიროვნებები ედგნენ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნა...
გაზიარება
[ლადო ქირია]
...ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დირექტორობიდან გაათავისუფლა ქალბატონი მედიკო ქარდავა კორუფციისა და ატესტატების გაყალბების ბრალდებით, სამაგიეროდ მისი მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, ქალბატონი აზა ჯოჯუა, როგორც "სოროსელი" დააწინაურეს და ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გაყალბებული ატესტატის მეპატრონე, რასაც შეეწირა მედიკო ქარდავა, აზა ჯოჯუას ნათესავი იყო.
მედიკო ქარდავას ადგილზე, რა თქმა უნდა, დაინიშნა ლომაიას ახლობელი, ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე, რომელსაც აზა ჯოჯუასთან ერთად "ლომის წილი" მიუძღვის პირველი საჯარო სკოლის გვერდით ეკლესიის აშენების ხელშეშლაში. ერთ-ერთი ზუგდიდელი ბიზნესმენი, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (XX ს. 30-იან წლებამდე აქ ეკლესია იდგა) ახალი ეკლესიის აშენებას შეეცადა. ეს ქალბატონები ყოველმხრივ შეეწინააღმდეგნენ ნაეკლესიარზე ტაძრის აშენებას და ხელისუფლების ხელშეწყობით, ხალხის ჯიბრზე ამ ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოაწყვეს.
ნინო ჭიჭინაძემაც ვერ გაუძლო ცდუნებას და თავის წინამორბედს მიჰბაძა. 12-წლიანი სწავლების გვერდის ავლით სამ მოსწავლეს ყალბი ატესტატი მისცა, რის გამოც მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლებას დააჯერეს. განათლების მესვეურებმა, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, პირველ სკოლას ისევ ატესტატების გამყალბებელი მოუვლინეს დირექტორად. 2004 წელს თვითონ აზა ჯოჯუამ ატესტატების გაყალბების გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან ზედა ეწერის სკოლის დირექტორი თამაზ თორდია, რომელიც ამ დღეებში პირველი სკოლის დირექტორად დაინიშნა! ასე რომ, ატესტატების გაყალბება ზუგდიდში დანაშაულად არ ითვლება და რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლებელია ყოფილი დირექტორები ისევ დაუბრუნდნენ თანამდებობებს.
"საქართველოს რესპუბლიკა "