ავტორი ნინო მიქიაშვილი
01:13 03.12.2011
მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ილარიონთან სატელეფონო საუბრიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2 დეკემბერს ე.წ. კონტეინერებში დაცული საგანძური და სხვა ნივთები გადაიტანეს მუსიკალური სკოლის შენობაში. როგორც მეუფემ აღნიშნა, ამ პროცესში მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად თავადაც მონაწილეობდა. მეუფის განმარტებით, გადატანის დროს მოხდა ინვენტარიზაცია; შეფუთული საეკლესიო ნივთების ნაწილი, მაგალითად, ადიშის ოთხთავი და ვენეციური ჯვარი გახსნეს და ნახეს;საგანძური სამი ავტომანქანის საშუალებით გადაიტანეს და მუსიკალური სკოლის პირველ სართულზე დააბინავეს. მეორე სართულზე კი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა მოათავსეს.
მესტიაში საგანძურის ე.წ. კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან და ნესტიან შენობაში გადატანის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შევძელით - სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსერვატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა, გამარჯობისა და თავაზიანი მოკითხვის შემდეგ ინტერვიუზე უარი გვითხრა და ტელეფონი გათიშა;
ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა ვერულაშვილმა კულტურის სამინისტროში გადაგვამისამართა, ან ორშაბათს შემეხმიანეთო, გვითხრა - “დღეს შაბათია, არავინ მუშაობს. ქალბატონი ქოჩქიანი უნდა გაგსაუბრებოდათ, მაგრამ ყურმილი თუ დაგიკიდათ და არ უნდა თქვენთან საუბარი, ამ შემთხვევაში არ ვიცი. ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვარ საქმის კურსში და ასე არ ვიცი ვის დაგაკავშიროთ. ან ორშაბათს შემეხმიანეთ, ან მანამდე კულტურის სამინისტროს იქნებ დაუკავშირდეთ“;
კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, თამარ ჩიხლაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ეროვნული მუზეუმისა და კულტურის სამინისტროს ვებგვერდებზე სვანეთის მუზეუმთან დაკავშირებით სიახლეეები ჯერჯერობით არ დევს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 27-28 ნოემბერს მესტიაში კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ. თბილისიდან სპეციალურად საგანძურთან დაკავშირებული პრობლემის გამო 27 ნოემბერს საპატრიარქოს დელეგაციაც გაემგზავრა, მაგრამ ცენტრალურ ტელეარხებს, რომლებიც 28 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ატრიალებდნენ სიუჟეტებს საგანძურთან დაკავშირებით, საპატრიარქოს დელეგაციის მესტიაში ყოფნის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებს საჯარო განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ და არც საპატრიარქოს გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება.
იმ შენობის ფოტოები, რომელშიც საგანძური და სხვა ნივთები გადაიტანეს, არაერთხელ გამოვაქვეყნეთ. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ეს ფოტოები ჯერ არ უნახავს - შეგიძლიათ ამ მისამართზე http://www.youtube.com/watch?v=sSZ47fxBrl0 ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ნოემბრის დასაწყისში მუსიკალური სკოლის შენობა, რომელიც აეროპორტის გზაზე, ცენტრალურ ტრასასთან ახლოსაა.
ამ მისამართზე http://www.youtube.com/watch?v=UECkTJABWnM&feature=related შეგიძლიად სახელდახელოდ გარემონტებული მუსიკალური სკოლის ფოტოების ნახვა, რომელიც 24 ნოემბერსაა გადაღებული.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ მუსიკალური სკოლის შენობის ტექნიკურ დასკვნას, რომელიც 25 ნოემბერს დაწერა ინჟინერმა ზურაბ გელაძემ. იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებით, შეუერთდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
ზურაბ გელაძემ შენობის ტექნიკური დასკვნა იმ ფოტოების საფუძველზე შეადგინა, რომელიც მას მიაწოდეს საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებმა. დასკვნის შინაარსი ასეთია:
“შენობა ორსართულიანია, რომელიც ორი (ძველი და შედარებით ახალი) ნაწილისგან შედგება. შენობის ძველი ნაწილი ქვის შერეული წყობისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე (წყობაში გამოყენებულია რიყის და ფლეთილი ქვა), შენობის შედარებით ახალი ნაწილი კი ფიქლისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე.
შენობის პირველ სართულს (საფასადო კედელზე) გააჩნია სამი ღიობი (სამკაროვანი თაღები შესრულებული აგურის წყობით), მეორე სართული კი აივნიანია. სართულსშუა გადახურვა ხისაა, ხისაა სხვენის კონსტრუქციაც.
ფოტომასალის გაცნობის საფუძველზეც კი აშკარაა შემდეგი დეფექტები:
1.შენობის ძველ და ახალ ნაწილებს შორის არ არის გადაბმა (ერთიანი ჩაკეტილი კონტურის მაგივრად სახეზეა შენობის ფრაგმენტაცია, რაც სეისმომედეგობის პირობებით დაუშვებელია);
2.როგორც ძველი შენობების უმრავლესობას, ამ შენობასაც არ გააჩნია რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და ღიობების თავზე რკინა-ბეტონის ზღუდარები (ზღუდარების ფუნქციას ასრულებს ხის კოჭები) , შენობას არ გააჩნია ელემენტარული სეისმოდაცვითი კონსტრუქციები;
3.შენობის უკანა კედელს ებჯინება გრუნტის მასივი (შესაძლოა მეწყერული ჩამონაშალი), რომელიც აუარესებს შენობის მუშაობის პირობას და ასუსტებს ისედაც ფრაგმენტირებული შენობის სეისმოდაცვას;
4.სხვენის კონსტრუქციის ხის კოჭები უშუალოდ დაყრდნობილია მზიდ კედლებს (კოჭებს შორის შევსება არ არსებობს), რაც სეისმომედეგობის თვალსაზრისით დაუშვებელია (მცირე ბიძგების შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვენის კონსტრუქციის წაცურება მზიდი კედლებიდან);
5.შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები არავითარ კავშირშია მის მზიდუნარიანობის ამაღლებასთან (სარემონტო სამუშაოები არ მოიცავს შენობის მზიდ კონსტრუქციებზე ჩასატარებელ სამუშაოებს).
გამომდინარე ზემოთქმულიდან მოცემული ორსართულიანი შენობა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმომდგრადობის პირობებს და თავისთავად შეიცავს გარკვეულ საშიშროებას, რომ სეისმური ბიძგების შემთხვევაში მოხდეს მისი რღვევა“.
"ობიექტივი"
