17:43 24.10.2011
ფაქტია, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რიგითი ქართველები უფრო მეტს ფიქრობენ სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობა–განვითარებაზე. ჟურნალ „ღია ბოქლომის“ რედაქცია აქვეყნებს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრები ზურაბ ჯიქიას წერილს: „ქვეყანას ახალი სახელმწიფო მოწყობა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია ჭირდება“, რომელშიც, დღესდღეობით საქართველოში არსებული პრობლემების ოპტიმალური გადაჭრის ხერხებზეა საუბარი. კარგი იქნება თუ თბილ კაბინეტებში მოკლათებული ოპოზიციონერები, ყურადღებით გაეცნობიან ამ სტრატეგიას და მას შემდეგ რაც „ვარდოსან ხელისუფლებას“ პოლიტიკურ სამარეში გავისტუმრებთ, ზურაბ ჯიქიასთან შეთანხმებით, აქტიურად გამოიყენებენ მის იდეებს:
მიუხედავად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების, მრავალმხრივი დაპირისპირებისა, ხალხის სასიკეთოდ თითქმის არაფერი შეცვლილა.პირიქით ზოგიერთი მიმართულებით გაუარესდა კიდეც, კერძოდ:
ხელისუფლების არასწორად წარმართული საგარეო პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მთავრობას კი მისი მოგვარების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია ამ ფონზე ხალხს ფუჭი დაპირებებით კვებავენ, ნატოში საქართველოს შესვლის თაობაზე; სისტემატიურად ირღვევა ადამიანთა უფლებები, რომლის მოწმე საზოგადოება არა ერთხელ ყოფილა; მასმედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების კონტროლქვეშაა; ხშირია ადამიანთა კერძო საკუთრების ხელყოფა; სახელმწიფო რეკეტმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც გამოიხატება მთავრობის წევრების და მსხვილი მოხელეების ბიზნესის წილში ჩაჯდომით. აბა რით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ამ ხალხის ქონებრივ დეკლარაციებში რამდენიმე ათასი ლარიდან ორ-სამ წელიწადში უკვე მილიონებზეა საუბარი; დიდი ილიას შეგონება - მთავარია ენა, მამული, სარწმუნოება - უგულველყოფილია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან იფრქვევა ნახევრად ინგლისურ - ქართული ლექსიკა. მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნის წამყვანი ტელეარხები მხატვრულ ფილმებს, ქართული ტიტრებით, ინგლისურ ენაზე გვაყურებინებენ; იყიდება ტყე, მიწა, სტრატეგიული ობიექტები, თანაც უმეტესად ჩვენზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კომპანიებსა და მოქალაქეებზე; რაც შეეხება სარწმუნოებას, აქ ხელისუფლებამ – პარლამენტის მიერ მიღებული, ქართველი ერის გამანადგურებელი და დამღუპველი კანონით-შეტევა განახორციელა ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს ელემენტ-მართლმადიდებლობაზე. აქედან გამომდინარე ქართულ ეკლესიაზე.
ამ ფონზე ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ წარმატებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი თავზე გადაგვდის, რომ ამართლებს მაკიაველის ცნობილი თეორია - არ მოაკლო ხალხს პური და სანახაობა.
ხალხი ყველაფერს ხედავს და გრძნობს, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიციის არ არსებობის გამო თითქმის შეუძლებლად მიაჩნია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ხელისუფლება კი არსებულ ვითარებას სათავისოდ იყენებს და თავის მიზანს აღწევს: არასრულყოფილი საარჩევნო კანონის, ოპოზიციის უგერგილობის და ამომრჩეველთა პასიურობის გამო. საუკეთესო შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილე 50-55% -ელექტორატიდან, 25-30% ხელისუფლებას აძლევს ხმას, ხოლო ოპოზიცია, დაქსაქსულობის გამო, იგივეს ვერ ახერხებს. დანარჩენი ამომრჩეველთა 45-50% საერთოდ პასიურობს.
ყოველივე ამის შედეგად ხელისუფლებას გაუჩნდა შეუცვლელობის განცდა. რწმენა იმისა, რომ მხოლოდ მათით იწყება ყველაფერი, რომ უფროს თაობებს არაფერი უკეთებიათ. მათი ცოდნა და გამოცდილება მიუღებელია და ისინი „ჩასარეცხები“ არიან. ამდენად ჩამოყალიბდა პარტოკრატიული - კლანური ავტორიტარიზმთან ნაზავი წყობა, რომელიც დემოკრატიას ამოფარებულ ფეოდალიზმს უფრო გავს.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ყველა პატრიოტს, მეც მტკივა და მაწუხებს, ამიტომ თავს უფლება მივეცი საჯაროდ გამომეხატა ჩემი შეხედულება ყველაფერ-ამაზე.
ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ახლად მოსული ხელისუფალი არ ცნობს წინამორბედის რვაწლს და ვითომ ქვეყნის აღმშენებლობას იწყებს ნულიდან. ხალხს კი - სამოთხეში ცხოვრებას პირდება. ხშირად ხდება ღირებულებათა გადაფასება. ამიტომ ხალხი შეურაცხოფილი და მოტყუებული რჩება. თუ ერთი ხელისუფალის დროს გმირი იყავით, შეიძლება მეორესთან სამშობლობოს მოღალატის იარლიყი მოგაკერონ. ამდენად ქვეყანა და ხალხი დამოუკიდებელი ხდება ცალკეული პირების პირად შეხედულებებზე. ზოგს მზე ჩრდილოეთიდან, ზოგს კი - დასავლეთიდან ამოყავს. ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით საზოგადოების ყველა ფენის, პოზიცია - ოპოზიციას, ერის და ბერის მონაწილეობით უნდა შემუშავდეს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების სისტემა და გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამა. ის უნდა გახდეს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის აუცილებელ სამოქმედო პროგრამად. ყოველმა ხელისუფალმა, ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ მისი განხორციელების ტაქტიკაზე უნდა იფიქროს.
ამისათვის, აუცილებლად უნდა შემუშავდეს:
1. ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკა, მასში პრიმატი უნდა გახდეს: დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან ურთი-ერთობის მოგვარება და საბოლოოდ ქვეყნის სრულლი ნეიტრალიტეტი;
2. ქვეყნის სახელმწიფო მოწყობაში, ჩემი აზრით, მისაღებია ამერიკის შეერთებული შტატების მოწყობის მოდელი, გარკვეული კორექტირებით, კერძოდ: უზენაესი სასამარტლოს თავმჯდომარე, ხუთწლიანი ვადით, უნდა აირჩეს საერთო სახალხო არჩევნების გზით. იგი ხდება კონსტიტუციური თანამდებობა. მისი გადაყენება, გარდა ამომრჩევლებისა, არავის არ უნდა შეეძლოს.
3. უნდა შემუშავდეს ჯანდაცვისა და განატლების განვითარების სტრატეგიული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ორივე სფერო საბოლოოდ უფასო უნდა გახდეს;
4. ქვეყანას უნდა გააჩნდეს, დარგების მიხედვით, კარგად გათვლილი სტრატეგიული პროგრამა, ვფიქრობ საჭიროა ყველა დარგის პროფესიონალებმა აირჩიონ და წარჩინონ ის დარგები, რომელთა განვითარებით ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიო საბაზრო ეკონომიკაში;
5. ქვეყანას აუცილებლად უნდა გააჩნდეს სრულყოფილი და სამართლიანი სოციალური სტრატეგიული პროგრამა. აქ პირველ რიგში საჭიროა გადაისინჯოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც დღეისათვის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, პიროვნებას ჯამაგირი უნდა ენიშნებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო საზოგადოებრივ შრომას ეწევა და რა პირობებში. ასევე პენსიები უნდა გაიცეს პიროვნების შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ხელფასების და პენსიების დანიშვნა, თუ მომატება არამცდა არამც არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი პიროვნების ნება-სურვილზე და ის არ უნდა გახდეს პოპულისტური წინა საარჩევნო - კომპანიის ნაწილი. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ახლად გაანგარიშებული და დადგენილი სოციალური თანხები, გარკვეულ სარეზერვო ფონდთან ერთად, ყველა წლების ბიუჯეტში აისახოს იგივე პროპორციით. რა პროცენტიდან აისახება საწყის ბიუჯეტში. საწყისიდდან წლების მიხედვით ნამატი თანხები უნდა ჩაირიცხოს მოქალაქის ანგარიშზე, როგორც კაპიტალი, ხოლო წლიური ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებით მიღებული თანხა მოქალაქეს დაერიცხოს, როგორც მეცამეტე ხელფასი.
აღნიშნული სოციალური პროგრამის განხორციელება თითოეულ მოქალაქეს გაუჩენს განცდას იმისას, რომ დაცულია და მისი ჯამაგირის, პენსიის თუ სოციალური დახმარების მიღება და ზრდა გარანტირებულლია, სახელმწიფოს, მთავარი ეკონომიკური კანონით - ბიუჯეტით. ამ პროგრამით, გარკვეული დროის მერე, მოქალაქეებს უჩნდებათ მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, სააქციონერო საზოგადოებების ჩამოყალიბების შანსები, სახელმწიფო კი ხდება მთავარი ინვესტორი, ამასთან მას მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, მოქალაქეებზე შეღავათიანი სესხების გაცემის საშუალება უჩნდება. ყველაფერი ეს წარმოუდგენლად გაზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვს და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდება.
ერთხელ დიდმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწე-იუსტონ ჩერჩილმა დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: დემოკრატია აუტანელი და მოსაბეზრებელია, ამასთან ყველაზე საუკეთესო რაც კი კაცობრიობას დღემდე გამოუგონებიაო. იმისათვის, რომ დემოკრატია საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და განვავითაროთ, საჭიროა ქვეყნის მართველობაში ხალხის მაქსიმალური ჩართულობა. ამატთან დაკავშირებით თავს უფლებას ვაძლევ გამოვხატო ჩემი მოსაზრება და განსასჯელად მივანდო ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას.
ქვეყანაში სამართლიანი და სრულყოფილი არჩევნების ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონში უნდა შევიდეს შემდეგი სახის შესწორება. ვინაიდან, ყოველი ზრდასრული მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა მისი უფლებითა და მოვალეობითაა განპირობებულლი, ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დროს იმყოფებიან ქვეყანაში და მასში არ მიიღებს მონაწილეობას, უნდა დაჯარიმდნენ ფულადი თანხით. განმეორების შემთხვევაში ათმაგი ოდენობით. ხოლო მესამე შემთხვევაშიუნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქმე გადაეცეთ სასამართლო ორგანოებს მოქალაქეობის ჩამორთმევის სარჩელით. ჯარიმებიდან ამოღებულლი თანხები ჩაირიცხოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. აღნიშნული მინიმუმამდე შეამცირებდა არჩევნების გაყალბების ალბათობას.
ყოველ ჩვენთაგანს, ხელისუფლებისაგან ბევრჯერ სმენია დიდი პათოსის წარმოთქმული ციტატები, რომ ხალხის მიერ არიან არჩეულნი და მათ დაკვეთებს პირნათლად ასრულებენ. სინამდვილეში ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილია სამწუხარო რეალობები. არადა პასუხს ვერანაირად მოვთხოვთ ხოლმე. ამიტომ ქვეყნის არჩეული კურსით სწორად განვითარებისათვის საჭიროდ მიმაჩნია მოხდეს: აღმასრულებელი, საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლების პირველ პირთა, გაწეული მუშაობის ყოველწლიური შეფასება რეფერენდუმის გზით, რომელსაც ექნება კანონის ძალა და განსაზღვრავს მათ შემდგომ ლეგიტიმაციას. მოქალაქე, რომელიც იმყოფება ქვეყანაში რეფერენდუმის დღეს-ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლო კვირა დღეს-წარადგენს საარჩევნო უბნებში ბანკის გადახდის ქვითარს ერთი ლარის ოდენობით და წარმოდგენილ ბიულეტენებზე დადებითი შეფასების მიცემისას გადახაზავს მწვანე წრეს, ხოლო უარყოფითისას წითელს. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მასშტაბით რომელიმე 3-ჯერ მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ უნდა შეეძლოს, ხოლო მეორედ არჩევის შემთხვევაში ყოველწლიური დადებითი შეფასებისას უფლება უნდა მიეცეს შემდგომ არჩევნებში კენჭის ყრისა, უარყოფითი შეფასების მიღებამდე. ერთიდაიგივე ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულებში მესამედ მიღებული უარყოფითი შეფასებისას ზემდგომი ორგანო ვალდებულლი უნდა იყოს მისი პირველი პირის გადაყენებისა.
ვინაიდან ახალი სახელმწიფო მოწყობა და განვითარების სტრატეგია პასუხისმგებლობას ბოლომდე, თავიანთი გუნდებით, სახელისუფლებო შტოების პირველ პირებს აკისრებს და მათ მიერ გაწეული მუშაობა ამომრჩევლის მიერ ყოველწლიურად ფასდება, ვფიქრობ ადგილობრივი არჩევნების აუცილებლობა არ არსებობს. ადგილობრივი საკრებულოების ფუნქციები შეიძლება მაჟორიტარი პარლამენტარების სამსახურებმა შეასრულონ რეგიონების მიხედვით სენატორთა უშუალო პასუხისმგებლობით. ასეთი ერთიანი სისტემის დანგრევა წარმოუდგენლად აამაღლებს დემოკრატიზმის ხარისხს. შედეგად, მივიღებთ ძლიერ საპრეზიდენტო 2-პალატიან საკანონმდებლო და დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებებს. ყველაფერი ეს აუცილებლად გახდება: თავისუფალი მასმედიისა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების; ადამიანთა უფლებების დაცვის; კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, ხალხისა და ხელისუფლების ერთად დგომის; ეროვნული ბიზნესის განვითარების; პატიოსანი პროფესიული კადრების დასაქმების; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების; ენა, მამული, სარწმუნოების განმტკიცების მტკიცე გარანტი.
ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქვეყნის მოწყობის, მართვის და განვითარების ერთიან სისტემას, ჩემი ღრმა რწმენით მოსახლეობის აფსოლიტური მხარდაჭერას მიიღებენ, ხოლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს სრული კანონიერი და მორალური უფლება ექნება მონაწილეობის მიღების. ვინაიდან არჩევის შემთხვევაში სრულიად ახალი ფორმის სახელმწიფო მეთაური ხდება. ამით საფუძველი ჩაეყრება ოცდამეერთე საუკუნის დემოკრატიის ქართულ მოდელს და საქართველო დემოკრატიის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი გახდება.
ზურაბ ჯიქია | ზუგდიდი-დარჩელი.