15:56 24.10.2011
ზუგდიდის უშიშროების და რაიონული პოლიციის ყოფილ შენობასთან მოსახლეობამ ქვეწარმავალი იპოვა.
გველი გაჩერებულ მანქანაში შეძვრა. იგი ავტომანქანიდან მეპატრონემ სამაშველო სამსახურის დახმარებით გამოაძევა და თავი გაუსრისა. პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. კოსტავას 58–თან შეკრებილი შეშინებული 60–მდე ზუგდიდელი სანახაობას ყურადღებით აკვირდებოდა. გველის სიგრძე, რომელიც შხამიანი არ აღმოჩნდა, ნახევარ მეტრს არ აღემატებოდა.
როგორ მოხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვეწარმავალი უცნობია. გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე გველები არ ბინადრობენ და სავარაუდოდ იგი ინერტულ მასალას შემოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს კომანტარი არ გაუკეთებიათ. სამსახური, რომელსაც ქვეწარმავლების აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობამ უნდა მიმართოს, ქალაქში ვერ აღმოვაჩინეთ, რის გამოც ეს ფუნქციაც სამაშველო სამსახურის ბრიგადამ იტვირთა.