ავტორი ილია ჩაჩიბაია
18:05 14.08.2011
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სამეგრელოში შეხვედრებს ასრულებს. 12 აგვისტოს, ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მოძრაობის სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს.
"უმუშევრობა აქ, როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ ყველაფრის კონტროლი სურთ, კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მარტვილელებთან შეხვედრის შემდეგ.
13 აგვისტოს ალასანიამ ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ტყაიაში, რიყეში, ჩხორიაში და ჭკადუაში კვლავ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას უმოქმედობაზე ისაუბრა და მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერა აღუთქვა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა დღეს 14 აგვისტოს, აფხზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდთან განცხადება გააკეთა .
"14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლესს ისტორიაში; ამ დღიდან დაიწყო კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, რომელიც წლების მანძილზე დიდ ტრაგედიაში გადაიზარდა", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა პატივი მიაგო საომარი მოქმედებების დროს დაღუპულებს და აღნიშნა, რომ ტრაგედია ერთანაირად მძიმე იყო, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის.
მისი თქმით, დღეს რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ შეუმსუბუქოს ყოფა დევნილობაში მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ თავი უფრო დაჩაგრულად არ იგრძნონ.
"სამწუხაროდ, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება და მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, კიდევ უფრო დააშორეს ქართველები და აფხაზები ერთმანეთს", - დასძინა ალასანიამ.
ალასანიამ ასევე ისაუბრა აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე. ალასანიას განცხადებით, მხოლოდ დიალოგი შეუწყობს ხელს იმ დიდი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 19 წელი შესრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში შეხვედრებს დღეს ქალაქ ზუგდიდში დაასრულებს... რამდენიმე წუთში ირაკლი ალასანია ფაიფურის და კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდება.