22:26 27.08.2011
საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე ბელქანიამ tspress.ge-ს პატრულის იმ თანამშრომლის ვინაობა დაუმალა, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
tspress.ge-ს რედაქციის თანამშრომლებმა მას პატრულის ფოთის განყოფილებაში მიმართეს.
მან გადაღებული კადრების ნახვა მოითხოვა, რომლის ნახვის შემდეგ, მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია, პირიქით, პატრულის თანამშრომლის ხელშეშლაში ჟურნალისტი დაადანაშაულა. მან ჟურნალისტს მხოლოდ განცხადების მის სახელზე დაწერა შესთავაზა, რაზეც , მისი თქმით, იმსჯელებენ “მაღლა” და პასუხი 10 დღეში გაგვეცემა. საუბრისას, ის ჟურნალისტებს მიმართავდა ცინიკურად, უწოდებდა სუბიექტურს, ეკითხებოდა თუ რომელი პარტია აფინანსებდა და მთელი საუბრის მანძილზე ერთი და იმავეს იმეორებდა: „ დაჯექით, დაწერეთ და ყველაფერი იქნება კანონის შესაბამისად“.(იხ. ვიდეო)
თავდაპირველად ბელქანიამ გადაღებული კადრების მისთვის დატოვება მოითხოვა. რედაქციამ კადრების დატოვებაზე თანხმობა განუცხადა, მაგრამ მოგვიანებით, მან მასალის დატოვებაზე უარი განაცხადა და მისი სხვა შენობაში არსებულ კანცელარიაში დატოვების სურვილი გამოთქვა. გამოცემამ პოლიციელის მიერ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა საკუთარ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.
Tspress.ge-ს რედაქცია საჩივარს პოლიციასა და სასამართლოში ორშაბათს, 29 აგვისტოს, შეიტანს. მას სამართლებრივ დახმარებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი უწევს.
