20:26 06.08.2011
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს .
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
განცხადების თანახმად, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი. დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ დევნის მუქარით ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო ადგილი;
მათივე ინფორმაციით, ამავე ცენტრის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში 20-ჯერ მიმართეს ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. დღემდე არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ, ხოლო გამგეობისა და საკრებულოს შენობის დაცვის უფროსმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
ქარტიის საბჭოს განცხადებით, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს, შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. მათ ჟურნალისტებს ფოტოაპარატიდან წაუშალეს ფოტოები, რომელიც სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გადაიღეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად აფასებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება განცხადებაში მოტანილ ფაქტებზე.
ipn.ge