რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ყვითელი ავტობუსებით მიყვანილ დაკავებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფა, სასტიკი ცემა არ აკმარეს და რამდენიმე მათგანი პოლიციელებმა სხვების თვალწინ გააუპატიურეს. ”ობიექტივი” ამ ფაქტის თვითმხილველებს შეხვდა და ესაუბრა.
გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი, თბილისი-ბათუმი-თბილისი. 20:26 09-06-2011]
ბათუმში ჩასვლამდე ვიცოდი, რომ თვითმხილველები მომხდარის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ, ვინაობის საჯაროდ გამხელის გარეშე ისაუბრებდნენ. მიუხედავად ამისა, მათმა ერთმა ნაწილმა ჩვენთან შეხვედრასა და საუბარზე ამ ეტაპზე თავი შეიკავა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მომხდარის მოყოლა აუცილებლად მიიჩნია.
ჩვენს მიერ მომზადებული მასალის ბოლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“, იგივე საია-სთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამარ კორძაიას კომენტარებს წაიკითხავთ, იმაზე, შეიძლება თუ არა რაიმე ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ მასალის ავტორს, მისი გამოქვეყნების შემდეგ.
26 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველის გამზირს სააღლუმოდ ამზადებდნენ, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მეხუთე და მეშვიდე სართულებზე პოლიციის თანამშრომლები, დაკავებულ და ხელებგაკრულ ადამიანებს რეზინის ხელკეტებითა და ხის ჯოხებით აუპატიურებდნენ. როგორც ამ ფაქტის თვითმხილველებმა გვითხრეს, ნიღბიანები ამას ისეთი სისასტიკით აკეთებდნენ, რომ ”ხალხს ნაწლავები დაუხიეს”.
თვითმხილველების განმარტებით, გაუპატიურებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა 22 წლისაა. ვიცით და შეგნებულად არ ვასახელებთ იმ ქალაქს, რომელშიც ეს ყმაწვილი ცხოვრობს.
ნიღბიანებმა სამმართველოს შენობაში მიყვანილ დაკავებულებს შორის აქტივისტები ფოტოების მიხედვითაც ამოიცნეს. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, მათ ხელში ფოტოები ეჭირათ და თითოეულ დაკავებულს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ იმათ, ვინც უარს ამბობდა ამ ფრაზის - ”ნინოს რა...” დასრულებაზე და ”ბელა ჩაოს” სიმღერაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეა ბათუმში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იბარებენ იმათ, ვინც ჯერ ბათუმში, 21 მაისს გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და შემდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
”სახალხო კრების” წევრებისა და ”შეფიცულების” სახლებთან პერიოდულად ჩნდებიან (მიდიან და ეზოებში, სახლებთან ჩერდებიან) კუდ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად ”მაიმუნა”, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონის გაუპატიურების გამოა ნასამართლევი და პლუს ამას, როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
ამ მასალაში ყველაზე საზარელი ამბის გაგების შემდეგ მორალური უფლება არ მქონდა მომხდარის შესახებ არ დამეწერა, იმ ფორმით, რითაც შემოგთავაზეთ. მით უმეტეს, მე ამის საშუალებას მაძლევს საქართველოს კანონმდებლობა.
”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამარ კორძაიას თქმით, კანონში ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” წყარო აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული - კერძოდ, ამ კანონის მე-11 მუხლში წერია: ”პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვადლებულება”.
თამარ კორძაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტების გავრცელებას და კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ხდება, მაშინ კონრეტულ პირს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სამართალდარღვევის ჩამდენი, სასამართლოში, ცილისწამების ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი აღძვრა შეუძლია, მაგრამ თუ ვრცელდება მხოლოდ ფაქტები დანაშაულის ჩადენის შესახებ, ამ შემთხვევაში ცილისწამების ფაქტთან სასამართლო დავის წარმოება შეუძლებელი იქნება.
”თქვენ არ ასახელებთ, რომ მაგალითად, კონკრეტულმა პირმა - X-მა სამართალდარღვევა ჩაიდინა. თქვენ ამბობთ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტის ვალდებულებაა საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რაც საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენს. თქვენს მიერ მოყოლილი ფაქტების რეალური თვითმხილეველები თუ არსებობენ, ეს ნამდვილად წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს და შესაბამისად, უნდა გამოაქვეყნოთ კიდეც და ასევე, გამოიყენოთ კანონით თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის მონიჭებული უფლებები, მათ შორის, წყაროს დაცვის ვალდებულებით.
მსგავსი გარანტიები რომ არ გქონდეთ, მაშინ სრულიად გამოეცლებოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სამართლებრივი დაცვის გარანტიები. კანონის თანახმად ”დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე”. ანუ, პირველი - იმისთვის რომ ჟურნალისტს დაევალოს კონფიდენციალური ინფორმაციის, ანუ წყაროს გამხელის ვალდებულება, აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა პირდაპირ ეწეროს კანონში და მეორე, სასამართლოს მხოლოდ იმ ფარგლებში შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუ დამტკიცდება გამხელის აუცილებლობა და მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ანუ როგორც ვხედავთ, იმდენად მაღალი გარანტიებია, რომ სასამართლოს ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის” ამოქმედების შემდეგ მსაგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია”, - ამბობს თამარ კორძაია.
წყარი: presage.tv