პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ოფიციალურად გახსნას 28 მაისს, რომში ვიზიტის გამო ვერ დაესწრო. პრეზიდენტი ანაკლიას წუხელ ესტუმრა და ბანაკში დამსვენებლები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ანაკლიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია იმყოფებოდნენ.
22:40 08.06.2011
პრეზიდენტმა „პატრიოტებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „ასეთი პლაჟი არ არის არსად საქართველოში, ეს ჯობია ბიჭვინთასაც, ურეკსაც. ყველა ადგილი ლამაზია მაგრამ ასეთი ადგილი არ არის არსად. აქ მოგვყავს ბავშვები, რომელთაც სხვამხრივ შესაძლებლობა ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების არ აქვთ. ამ ბანაკში არიან დღეს ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები, რომლებიც ქართულს სწავლობენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ის რომ თქვენ ერთად ხართ, ასევე პასუხია ოკუპაციაზე, იმიტომ რომ ჩვენი ოცნება საქართველოში ეს არის მრავალეთნიკური ადამიანების ერთობა.“
პრეზიდენტმა ანაკლიის საერთაშორისო ბანაკს პატარა უტოპია უწოდა, სადაც ველოსიპედის გზები, ულამაზესი ბულვარი, ახალი აკვაპარკი, იალქნიანი ნავები და შადრევნებია. შადრევნების ხსენებაზე მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელი „შადრევან პირველი“ გაახსენდა და თქვა: „ზოგოერთი ოპოზიციონერი მე მიწოდებს მეფე შადრევან პირველს და სულ არ მწყინს. შადრევან პირველი ნამდვილად ჯობია ჩინგისხან მეორეს, ან კალიგულა მესამეს.“
პატრიოტებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი თბილისში გამართულ აქციებსაც შეეხო და დემოკრატის შესახებ ისაუბრა: „დემოკრატია ის კი არ არის, რომ ვიღაც იტყვის მოდი ახლა გამოვიდე სადმე ქალაქის ცენტრში მოვაწყო ალიაქოთი, ავრიოთ სიტუაცია დავიბრუნოთ ჩვენი თანამდებობები, იმიტომ რომ ჩვენ გვეკუთვნის. დანარჩენი ხალხი ბრიყვია, მაგათ რა იციან.“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა შეხვედრის ბოლოს „პატრიოტებს“ უთხრა: „მინდა რომ ბანაკი ვაქციოთ სკოლად იმისა, თუ რას ნიშნავს უკეთესი ცხოვრება და გვქონდეს ცხოვრების მაღალი სტანდარტი.“ პრეზიდენტმა გამოსვლის დასასრულს მოზარდებს ველოსიპედით სეირნობა შესთავაზა.
ანაკლიის საერთაშორისო ბანაკის მონახულების შემდეგ პრეზიდენტმა ანაკლიაში მშენებარე სასტუმრო „ოქროს საწმისი“ დაათვალიერა და განაცხადა, რომ „მსგავსი სასტუმრო არსად უნახავს“. Livepress.ge-ს სამშენებლო კომპანია „სანის“ მფლობელმა სერგო გვარამიამ უთხრა, რომ „პრეზიდენტმა სასტუმროს მხოლოდ ნაწილი დაათვალიერა და დადებითი შეფასება მისცა“. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ივლისში გაიხსნება.
livepress.ge