რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ძლივსძლივობით შეაკოწიწა ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების“ სამიტი მოსკოვში, რომელზეც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურმე „საქართველომ ბევრი დაკარგა მას შემდეგ, რაც დსთ დატოვა“.
გაზიარება
[01:10 11-01-2011]
მაინც, რა დაკარგა საქართველომ ამით? რუსეთის პრეზიდენტი რომ ამ შემთხვევაშიც თაღლითობს, სულ იოლი დასამტკიცებელია: 1991 წელს შექმნილ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ ორი უპირატესობა ჰქონდა წევრი სახელმწიფოებისთვის: უვიზო მიმოსვლა და შედარებით შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი. საქართველოს ხელისუფლება (ედუარდ შევარდნაძე) კიდევ იმედოვნებდა, რომ დსთ-ს მეშვეობით აფხაზეთს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მაშინვე სრულიად არარეალური გათვლა იყო. მაგრამ ეს სხვა თემაა. მედვედევს, რა თქმა უნდა, კონფლიქტები არ უგულისხმია.
აბა, რა იგულისხმა? სინამდვილეში, საქართველოსთვის დსთ-ში ყოფნამ ყოველგვარი აზრი დაკარგა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო (2001 წელს) და სრული ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქციაზე (2006). ესე იგი, ორად ორი პლუსი ჰქონდა ამ ორგანიზაციის წევრობას და ისინიც გაგვიუქმეს. მაშ, რა უნდა დაეკარგა საქართველოს ამ უმაქნისი და ბიუროკრატიული ორგანიზაციიდან გამოსვლით? არც არაფერი! დსთ-ს წევრ ყველა სხვა ქვეყანასთან ხანმოკლე მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება უვიზო მიმოსვლისა და შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ.
ანუ, თუ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლია, ეს თავდაპირველად მართლაც დსთ-ს წევრობით იყო განპირობებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აუცილებელი პირობა სულაც არ ყოფილა: დსთ-დან გამოსვლის მიუხედავად, ქართველებს მაინც უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ კიევშიც და ალმა-ატაშიც იმიტომ, რომ უკრაინამ და ყაზახეთმა მაშინვე გააფორმეს საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმებები. იგივე ითქმის სავაჭრო რეჟიმზეც. მოსკოვში, რასაკვირველია, იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ეს პრობლემაც მალე გადაწყდა.
ანუ, მედვედევი, უბრალოდ, ცრუობს! ცრუობს ჩვეული ურცხვობით და დემაგოგიით, როდესაც ამბობს, თითქოს საქართველომ რაიმე დაკარგა დსთ-დან გასვლით. სინამდვილეში, დაკარგა მხოლოდ ის რამდენიმე ფურცელი, რაც ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად აღმოჩნდა საჭირო, თორემ სავაჭრო რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა ყველა სხვა ქვეყანასთან (რუსეთის გარდა) მთელი იმ პერიოდის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა, რაც ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
მედვედევს ამ განცხადებით სურდა მკვდარი ორგანიზაციის გაცოცხლება ან ისეთი ილუზიის შექმნა, რომ ის საჭირო და მნიშვნელოვანია. თორემ, თუ წევრმა სახელმწიფოებმა შენიშნეს, რომ დსთ-ს დატოვება არ არის პრობლემა, მაშინ რუსეთის მიერ ბელორუსის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების მიმართ მორიგი ეკონომიკური სანქციების (გაზის გაძვირებისა და მათი პროდუქციისთვის ბაზრის ჩაკეტვის) პასუხად შეიძლება ისინიც მიხვდნენ, რომ დსთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის დაფიქსირების საშუალებაა და სხვა არაფერი, ხოლო ამ მართლა უმაქნისი ორგანიზაციიდან გასვლა არავითარ დამატებით პრობლემებს არ შეუქმნით იმაზე მეტს, რასაც რუსეთი უქმნით ეკონომიკური თუ პოლიტიკური შანტაჟით.
ptpress.ge