როგორ ართმევდნენ დევნილებს ბინებს და რა სქემით მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი?
თაღლითური სქემა, რომელმაც შესაძლოა, ათობით დევნილი უსახლკაროდ დატოვოს... „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში იპოთეკის აფიორით იყო დაკავებული. ბოლო და ყველაზე სკანდალური საქმე ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უკავშირდება.გაზიარება
[18:16 15-01-2011]
სტუდქალაქის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 1995 წლიდან ცხოვრობენ, თუმცა ბინები საკუთრებაში მათ ერთი წლის წინათ გადაეცათ. ფართის დაკანონებიდან ორიოდე კვირაში დევნილთა კორპუსში თაღლითებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოისყიდა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომლის საშუალებითაც ისინი დაარწმუნეს, რომ იპოთეკაში ჩაედოთ დაკანონებული ბინები. „პრაიმტაიმმა“ დაზარალებულების დახმარებით, ასეთი სქემა გაშიფრა:
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი მაკა ხუბუა, თანამზრახველებთან – ირმა ქაფიანიძესა და ლია ქორჩილავასთან ერთად, უკავშირდება მათ მიერვე მოსყიდულ დევნილ რუსუდან ბენიძეს, რომელმაც სხვა დევნილები უნდა დაარწმუნოს, იპოთეკაში ჩადონ ბინები. თანხმობის შემთხვევაში საქმეში ერთვება ვინმე მიშა ხარიტონაშვილი, რომელსაც დევნილი მიჰყავს ნოტარიუსთან, აფორმებინებს იპოთეკის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება, ბინის ფოტოსურათებთან ერთად, მიაქვთ იპოთეკართან და მისგან იღებენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. თანხის 15-20 პროცენტს „საჩუქრად“ აძლევენ ბინის მესაკუთრეს, დანარჩენი კი ორგანიზებული ჯგუფის წევრებზე ნაწილდება.
დაზარალებული დევნილები ყვებიან, რომ მაკა ხუბუა, ირმა ქაფიანიძე და ლია ქორჩილავა მათ არწმუნებდნენ, რომ აქვთ დიდი ბიზნესი, კერძოდ, უცხოეთიდან შემოჰყავთ მანქანები, ასევე ფლობენ ფირმებს... ეს ფული კი მათ სულ რაღაც სამი თვით სჭირდებოდათ, სამი თვის შემდეგ იპოთეკის თანხას გაისტუმრებდნენ და დევნილებს საჩუქრად დარჩებოდათ თანხის 15-20 პროცენტი.
ლეილა ტიბუა, დაზარალებული:
– 1995 წლიდან ვცხოვრობთ ბაგებში სტუდქალაქის ტერიტორიაზე. ეს ბინები 2009 წელს გადმოგვეცა საკუთრებაში. იმავე წელს, სულ რამდენიმე დღეში დაიწყეს თაღლითებმა ჩვენთან მუშაობა. ერთი წელი მიმდინარეობდა იპოთეკაში ჩადების პროცესი, ხალხს მოტყუებით გვადებინებდნენ ბინებს... ერთ-ერთი დევნილი მოისყიდეს, ქრთამი მისცეს, რომელსაც უნდა ემუშავა ჩვენთან. მოახერხა კიდეც. ძალიან ბევრი ოჯახი დაითანხმა, დააკავშირა თაღლითებს. პრაქტიკულად აგენტურა ჩასვეს რუსიკო ბენიძის სახით. ამ ქალს ამჟამადაც მათთან აქვს კავშირი. დაგვაკავშირეს ვინმე მაკა ხუბუას, რომელიც ვითომ ბიზნესმენი იყო და ფულს ატრიალებდა. გვითხრეს, რომ ეს ბინები 3 თვით ჩადეთ იპოთეკაში, იქიდან გარკვეულ თანხას საჩუქრად მოგცემთ, იპოთეკის ვალს 3 თვეში დავფარავთ და სახლი ჩვეულებრივ თქვენი იქნებაო. პირადად მე 7000 დოლარში ჩამადებინეს ბინა, მომცეს 1500 დოლარი საჩუქრად, დანარჩენი წაიღეს თვითონ. არ დაფარეს იპოთეკა, იპოთეკარები კი ჩვენ გვაწვებიან, სახლებს გაგიყიდითო. მათ სახელზე არაფერი არ ირიცხება, იცვლიან საცხოვრებელს, არც ოფისი აქვთ და არც ბინა. რუსიკო ბენიძეს კი წილს აძლევდნენ ყველა ოჯახიდან. მერე, რომ ვთხოვდით, როცა უკვე ყველაფერი გაიშიფრა, ბოდიში და, ისეთი სიტყვებით მაგინა მაკა ხუბუამ, მამაკაცი რომ არ იკადრებს. გვემუქრება, საჩივარი არ შეიტანოთ, თორემ მოგკლავთო.
ლუარა შენგელია, დაზარალებული:
– ჩემი ბინა ჩადეს 6000 დოლარში, იქიდან მომცეს 1000 დოლარი, 29 კვადრატულში. ერთ იპოთეკარს რომ არ ისტუმრებდნენ, მეორედ ჩამადებინეს ბინა. მოტყუებით მომაწერინეს ხელი და მეორედ ჩადეს 10 ათას დოლარად. მიშა ხარიტონაშვილი შუამავლობდა ამ ყველაფერს. ახლახან მომივიდა არბიტრაჟიდან განცხადება, რომ ჩემი ბინის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. სასწრაფოდ დავუკავშირდი ამ ხუბუას, დამიბარა ვაკის პარკთან, მთელი დღე იქ ველოდე, მაგრამ მომატყუეს, არ მოვიდნენ. ჩემმა ქმარმა ნერვიულობისგან ინფარქტი მიიღო. სახლებს გვიყიდიან და ამ თაღლითების გამო ქუჩაში გვტოვებენ. ბინას არ დავუთმობ არავის, მკვლელობამდე მივა საქმე.
თინათინ გეგეჭკორი, დაზარალებული:
– მეც მოტყუებით ორჯერ ჩამადებინა იპოთეკაში ბინა. 17 სექტემბერს გაიტანეს აუქციონზე და ჩემი ბინა პირველმა იპოთეკარმა იყიდა. მე არ ვარ გამსვლელი სახლიდან, რადგან თაღლითების მიერ ვარ დაზარალებული. 2100 ლარად გამიყიდეს სახლი. გამოსახლებაზე აქვს საჩივარი შეტანილი.
ნინო ცქვიტარია:
– ყველაზე ბოლოს იპოთეკა მე გავაკეთე. ჩვენი მეზობელი რუსიკო ბენიძე რამდენიმე თვე მთავაზობდა ბინის ჩადებას, ბოლოს იმდენი მელაპარაკა, რომ დამითანხმა, თან იმ პერიოდში ბანკის ვალი მქონდა და ვიფიქრე, დავფარავ-მეთქი. ვთხოვე, მხოლოდ 20 კვადრატულს ჩავდებ-მეთქი, მაგრამ მთლიანი სახლი დააიპოთეკეს. ბენიძემ მოიყვანა ვიღაც მიშა, გადაუღო სახლს სურათები. ნოტარიუსთან ჩემი მეუღლე წაიყვანეს და ხელი მოაწერინეს. იპოთეკაში ჩაუდიათ 10 ათას დოლარად, იქიდან 2500 მომცეს ვითომ საჩუქრად, დანარჩენი თანხა სამ თვეში უნდა დაეფარათ იპოთეკარისთვის. შემდეგ, რომ არ იხდიდნენ, მაკა ხუბუას დავუკავშირდი, მან თავის თანამზრახველ ირმა ქაფიანიძესთან გადამამისამართა, რომელმაც მითხრა, მე ვარ პასუხისმგებელიო. ახლა, როგორც ვიცი, ეს ქაფიანიძე საფრანგეთშია გაქცეული. დამირეკა უცხოეთიდან, მანდ რომ დავრჩენილიყავი, მომკლავდნენო. ფულს შევაგროვებ და გამოგიგზავნიო, მაგრამ დღემდე არაფერი მოუცია, სახლი კი ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგო და ქუჩაში დავრჩე.
ინგა დემურიშვილი:
– იგივე მდგომარეობაშია ჩემი ოჯახიც. რუსიკო ბენიძემ დაგვაკავშირა ამ თაღლითებს, ბინა ჩადეს 5000 დოლარში, იქიდან 1000 დოლარი მოგვცეს, დანარჩენი მიითვისეს. ახლა იპოთეკარი ჩვენ გვთხოვს ამ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გაყრა გვემუქრება.
ჩვენ დაზარალებულების ნაამბობის შემდეგ რუსუდან ბენიძესაც დავუკავშირდით. ის კატეგორიულად უარყოფს თაღლითურ სქემაში მონაწილეობას და ამბობს, რომ თავადაც დაზარალებულია.
რუსუდან ბენიძე:
– მე თავად დაზარალებული ვარ, ხუბუას ჩემი 13 ათასი აქვს წაღებული. სისულელეა, რომ ამბობენ, თითქოს შეკრული ვიყავი. პირიქით, აქეთ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, გამაცანი მაკა ხუბუაო. მე დავაკავშირე ტელეფონის საშუალებით რამდენიმე ადამიანი. არანაირი კავშირი თაღლითებთან მე არ მაქვს, პირიქით, ყველაზე მეტად დაზარალებული მე ვარ. როცა პირველად გავაკეთეთ, ყველას უხაროდა და აქეთ მეხვეწებოდნენ.
თაღლითური დაჯგუფების სამიზნე მხოლოდ დევნილები არ ყოფილან. „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა ავლაბარში მცხოვრები გემაზაშვილების ოჯახი, რომელიც იმავე სქემაზე საუბრობს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში კიდევ რამდენიმე პირი იკვეთება.
ნინო გემაზაშვილი, დაზარალებული:
– ჩვენი სიტუაციაც თითქმის ანალოგიურია, ავლაბარში 56 კვ.მ ფართის სახლი სამჯერ ჩაგვადებინეს იპოთეკაში. მაკა ხუბუასთან და ლია ქორჩილავასთან ერთად ჩვენს საქმეში გარეულია თამილა მაჩაიძეც, რომელმაც დაგვაკავშირა ამ თაღლითებს და თვითონ ფული გააკეთა. ასევე, გარეულნი არიან ლიკა მუშკუდიანი და ზურა როსტომაშვილი, რომლებიც წარმოადგენდნენ შუამავლებს...
მაკა ხუბუას, რომელსაც დაზარალებულები თაღლითური დაჯგუფების ხელმძღვანელად ასახელებენ, მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდით, თუმცა ამ საკითხზე საუბარს მან თავი აარიდა – მე თავად დაგიკავშირდებით, ჯერ არ მცალიაო. მოგვიანებით კიდევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ამჯერად მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. კვირის ბოლოს კი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მაკა ხუბუა, თანამზრახველებთან ერთად, სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს. შსს ამ საკითხზე ოპერატიული მასალის გავრცელებასაც გეგმავს.
როგორც დევნილები ამბობენ, ხუბუას თანამზრახველი ირმა ქაფიანიძე საფრანგეთშია გაქცეული, შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ლია ქორჩილავა კი მაკა ხუბუასთან ერთად უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებაო. ჩვენ ქორჩილავას დასთან გასაუბრება მოვახერხეთ, თუმცა კითხვებმა ის საკმაოდ გააღიზიანა:
– მაკა ხუბუას ოჯახში დარეკეთ, ჩვენ რა შუაში ვართ... გენაცვალე, თქვენ მეტი საქმე არა გაქვთ? ლია ქორჩილავაზე მეტი დასაკავებელი ვერავინ ნახეს?!.
ამჟამად გამოძიებას თაღლითობის მუხლით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში რამდენიმე იპოთეკარისა და ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.
ptpress.ge