დღეს ცნობილი გახდა, რომ სკანდალური ინფორმაციებით ცნობილი ინტერნეტგვერდის „ვიკილიქსის“ დომენი შეჩერებულია. სულ მალე გახდა ცნობილი, რომ ის შეაჩერა ამერიკულმა ინტერნეტმომსახურების ცენტრმა EveryDNS.net-მა. მათ მთავარ გვერდზე დადეს შეტყობინება, რომ „ვიკილიქსთან“ დაკავშირების მსურველებმა გამოიყენონ მათი IP მისამართი.
გაზიარება
[23:22 05-12-2010]
დღესვე გახდა ცნობილი, რომ საიტი მისი მონახულების მსურველებს ძველი მისამართის ნაცვლად – Wikileaks.org - შეუძლიათ ნახონ მისამართზე – Wikileaks.ch. სერვისის განცხადების მიხედვით, „ვიკილიქსის“ მომსახურება, ხელშეკრულების თანახმად, მათ ევალობოდათ 2010 წლის 2 დეკემბრამდე, რის შემდეგაც, ხელშეკრულების განუახლებლობის შემთხვევაში, ისინი „ვიკილიქსის“ მომსახურებას ვეღარ გააგრძელებდნენ. ასე რომ, მათი განმარტებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა. „ვიკილიქსი“ საშიში გახდა DDOS–შეტევების გამო. ამ თავდასხმებმა შეიძლება მომავალში საერთოდ გამოიყვანოს მწყობრიდან EveryDNS.net–ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ხუთასი ათასზე მეტ საიტს, – აცხადებს კომპანია. DDOS–შეტევა ორგანიზდება სერვერთან დაკავშირების მსურველთა გენერაციით. ეს კი, როგორც წესი, ხორციელდება შეტევის ორგანიზატორების მიერ შექმნილი სპეციალური კოდის საშუალებით. ასეთ დროს პროვაიდერის ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს ამხელა დატვირთვას და სხვა საიტები ხდება მომნახულებელთათვის ხელმიუწვდომელი. მომსახურების ცენტრების – ჰოსტინგ–პროვაიდერების ერთადერთი გამოსავალი ამ დროს არის ის, რომ მოახდინოს ასეთი საიტის დომენის დელეგირება. ამ საშუალებით ის ცდილობს, გადაარჩინოს მის კიბერსივრცეში მყოფი სხვა საიტები.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ეს იყოს ნამდვილი მიზეზი „ვიკილიქსის“ დომენის დელეგირების შესაჩერებლად, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ შემთხვევაში DDOS–შეტევის კამპანიას სათავეში სახელმწიფო სტრუქტურები ედგნენ. მათი განმარტებით, „ვიკილიქსის“ გადასვლა ახალ დომენზე არის მხოლოდ დროებითი გამოსავალი, რადგან იგივე შეტევა შეიძლება გაგრძელდეს ახალ დომენზეც. ახალი პროვაიდერი კი ზუსტად ისევე მოიქცევა, როგორც ძველი მოიქცა.
„ვიკილიქსის“ წარმომადგენლებმა საიტის შეჩერების ფაქტი დაადასტურეს თავიანთ მიკრობლოკში – Twitter–ში. მათ განცხადებაში წერია, რომ მათი დომენი გაუქმებულია მათივე პროვაიდერის მიერ ჰაკერების მასობრივი შეტევის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა უკვე მოახერხეს „ვიკილიქსის“ მუშაობის ბლოკირება. ინტერნეტსაიტი „ვიკილიქსი“ დღეს მსოფლიოში ითვლება ყველაზე სკანდალურ საიტად. ის ბეჭდავს საიდუმლო ინფორმაციებს, რითაც არაერთხელ მიიპყრო პოლიტიკოსთა და ხელისუფალთა ყურადღება. უკანასკნელ სკანდალს, როცა ინტერნეტგამოცემამ გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატების მიმოწერიდან 250 ატასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი, წინ უძღვოდა ივლისი, როცა საიტმა გაავრცელა 90 ათასზე მეტი ოფიციალური დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთსა და ერაყში 2004–დან 2009 წლებამდე ჩატარებული ოპერაციების შესახებ.
მომზადებულია საკუთარი მასალებისა და „რია ნოვოსტის“ მიხედვით – "ახალი 7 დღე".