მომხრე
დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
გაზიარება
[15:26 01-12-2010]
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის მზაობის გამოხატვა სულაც არაა ახალი. ამაზე საქართველოს უარი არასოდეს უთქვამს. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ დიალოგის საბოლოო მიზანი საქართველოს სახელმწიფოს განუსხვისებელი უფლებების დაცვის მექანიზმებზე შეთანხმება იქნება. სიახლე ისაა, რომ საქართველო ცალმხრივად იღებს ვალდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არ გამოიყენოს ძალა დეოკუპაციისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვფიქრობ, ეს ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა, დროული და გამართლებულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ-პოლიტიკური თვალსაზრისით. 1. თეორიული თვალსაზრისით, უსაფრთხოების პოლიტიკა არ შეიძლება იყოს სტატიკური. ის უნდა იყოს მოქნილი, ცვალებად გარემოებებთან ადაპტირებადი და სტრატეგიული პარტნიორების მოლოდინებისა თუ რჩევების მეტნაკლებად შესაფერისი. პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა მისდევს ამ ლოგიკას. 2. პრაქტიკულად, საქართველო იზიარებს რუსეთსა და ევროატლანტიკურ სამყაროს შორის გადატვირთვის პოლიტიკის დროულობას როგორც პრაგმატულად, ისე ღირებულების დონეზე, რადგან გადატვირთვის მიზანი რუსეთის "გაცივილურებაა". შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არც ინიციატივა დაკარგოს, და ისიც, რომ მისი ინიციატივა დღეს დასავლეთში არსებულ მოლოდინებს პასუხობდეს. ასევე აქტუალურია, თუ რა მოითხოვა პრეზიდენტმა "სანაცვლოდ" ევროპული პოლიტიკური კლასისა თუ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ესაა საერთაშორისო დონეზე ვითარების შეფასებისას, ტერმინების - ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა - დამკვიდრება. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთთან ამ ენით საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის რუსეთისათვის, გააგრძელოს საქართველოს მოთხოვნების იგნორირება. ეს ტერმინები ასევე უბიძგებს ევროკავშირს, განუხრელად იზრუნოს არსებული ვითარების შეცვლაზე, რადგან სრულმასშტაბიანი გადატვირთვა ოკუპანტთან და ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელთან ევროპის იდენტობისათვისაა საშიში.
მოწინააღმდეგე
ეროსი კიწმარიშვილი, „ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი
„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი სააკაშვილის განცხადება, რუსეთთან დიალოგის განახლების შესახებ, არის მხოლოდ პიარსვლა. მას ესმის, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის შესაძლებელი. თუმცა, მოსკოვი უკვე აღარასდროს წავა მასთან მოლაპარაკებებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილთან არაფერი აქვთ სალაპარაკო. ვიცი, რომ მის დაპირებებს რუსეთში სერიოზულად უკვე აღარავინ უყურებს. ეს კარტი სააკაშვილმა მრავალჯერ გაათამაშა, მათ შორის, „გაწვდილი ხელის" შესახებ გაკეთებული განცხადებების სახით. მსგავსი განცხადებები 2004 და 2008 წლებშიც გაკეთდა. ორივე შემთხვევაში, სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი დაპირებები. ამიტომ, რუსეთმა უარი თქვა საქართველოსთან თანამშრომლობაზე. 2008 წელს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, დავინიშნე საქართველოს ელჩად რუსეთში. ჩვენ გვქონდა წინადადებების პაკეტი, რომლითაც შევძელით, მიგვეღწია ურთიერთგაგებისთვის. რუსეთთან საქართველოს დაახლოების საქმე კარგად მიდიოდა. სექტემბერში მზადდებოდა ისეთი სერიოზული გარღვევა, როგორიც არ მომხდარა ორი ქვეყნის ურთიერთობების უახლეს ისტორიაში - იგეგმებოდა საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი. მაგრამ იმის მაგივრად, რომ განწყობილიყო დარეგულირების რთული, ხანგრძლივი, პროცესისთვის, სააკაშვილმა წამოიწყო გაუთვლელი სამხედრო ავანტიურა ცხინვალში. აგვისტოში, სამხედრო კატასტროფის შემდეგ, სააკაშვილი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოსთვის კაპიტულანტური იყო - ის ავალდებულებს ქართულ მხარეს, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რაც, ირიბად, ამ ტერიტორიების აღიარებას ნიშნავს. სააკაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, რომ მზად არის წავიდეს დათმობაზე. სწორედ ამიტომ იყო დასავლური პოლიტიკა შედარებით კეთილგანწყობილი მისი გამოსვლის მიმართ. ასე რომ, სააკაშვილი, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უკვე მერამდენედ ვაჭრობს საქართველოს ინტერესებით. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში.
ხალხის აზრი
"ლიბერალი" (liberali.ge)