მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. ბერად აღკვეცის ლოცვა ჭაბუა ამირეჯიბს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა.
გაზიარება
[17:49 16-10-2010]
როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი.
მეუფის თქმით, რადგან ჭაბუა ამირეჯიბს გადაადგილება უჭირს, ბერად აღკვეცის საიდუმლო სახლში შესრულდა. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება.
წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.
"იინტერპრესნიუსი"