თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ცენტრალურ ტრასაზე, მეათე საჯარო სკოლის წინ, ბენზინგასამართი სადგური „ვისოლი“ აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ჯერ უცნობია. ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ იქ ახლა მხოლოდ პატრულის თანამშრომლები არიან, რომლებიც მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ბენზინგასამართსადგურში მოულოდნელად გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
გაზიარება
[ნათია პავლიაშვილი. 12:26 17-09-2010]
აფეთქების შედეგად „ვისოლის“ ერთ–ერთ თანამშრომელს შარვალზე ცეცხლი წაეკიდა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. შემდეგ იგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა საკმაოდ მძიმედ შეაფასეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბენზინგასამართი სადგურის ირგვლივ საცხოვრებელი სახლებია. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში „ვისოლის“ პირდაპირ მდგარი კორპუსის მცხოვრებლები აღელვებას და შიშს ვერ მალავენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მომუშავე პოლიციელებისგან ითხოვენ გარანტიას, რომ აფეთქების საშიშროება აღარ არის მოსალოდნელი.
გასარკვევია, „ვისოლის“ მეპატრონეებს აქვთ თუ არა დაცული კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმად ბენზინგასამართი სადგურების გახსნა დასახლებულ ადგილას აკრძალულია.