"მართლაც, არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ საქართველოს შორის დიალოგისთვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია", - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
გაზიარება
[სალომე ცეცხლაძე. 15:50 12-07-2010]
ის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ.
ექსპერტების აზრით, შესაძლოა, დიალოგი მართლაც დაიწყოს, მაგრამ მის შედეგიანობაში ეჭვი ეპარებათ.
პოლიტოლიგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის სურვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე სახელმწიფოს მხრიდან განიხილება, როგორც საკუთარი თავის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის სურვილის ფონი. მისი აზრით, ეს სურვილი ამ ეტაპზე ქართულ-რუსულ ურთიერთობების ჩიხურ მდგომარეობაში შესვლის გამო დასავლეთის შეშფოთებამ გამოიწვია. დასავლეთის პოზიცია კი უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რუსეთს.
რამაზ საყვარლიძის თქმით, ამ ეტაპზე ორივე მხარეს აწყობს მოლაპარაკებების დაწყება. რუსულ მხარეს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და ოკუპაციის გამო საყვედურობს, რადგან მათ დაგმეს რუსეთის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში.
"როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის აშშ. აშშ-ის დღევანდელი საპროგრამო ხაზი "გადატვირთვის" და მშვიდობიანი ურთიერთობების პოლიტიკაა, ამიტომ, თუ რუსეთი და საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას აპირებენ, მათ უნდა აჩვენონ, რომ კონფლიქტი არ უნდათ და მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის მზად არიან", - ამბობს საყვარელიძე.
ექსპერტ გოგი ხუციშვილის თქმით, არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა მზად იმისთვის, რომ დიალოგი გამართოს რუსეთთან და არც რუსეთი. ამიტომ დიალოგის გადაწყვეტილება ორივესთვის მტკივნეული ნაბიჯია.
მისი აზრით, ქვეყნებმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ არსებობს საერთაშორისო ზეწოლა და მოთხოვნა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ძალისგან, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი. ხუციშვილი აშშ-ს ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, რადგან მისი პოლიტიკა რუსეთის გაუცხოებაში ან მის იზოლირებაში აღარ მდგომარეობს, რაც ბუშის პოლიტიკის მიზანი იყო.
ხუციშვილის თქმით, "გადატვირთის" ფონზე ამერიკა და დასავლეთ ევროპა ცდილობენ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ააწყონ. არა იმიტომ, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცენ, არამედ იმიტომ, რომ ჩართოს რუსეთი სხვადასხვა პროცესებში, რაც ამ ქვეყანას პასუხისმგებელს გახდის თავის ქმედებაში და უფრო გახსნილი იქნება ურთიერთობებში.
"ყველა ჩვენი მოკავშირე, გარდა ბალტისპირეთის ქვეყნებისა, გვეუბნება, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება. ამიტომ უცხოეთის დასანახად რუსეთი და საქართველო აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან", - ამბობს ხუციშვილი.
ცისკარიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ამ დიალოგში ვინმე შუამავალი, მოდერატორი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, დიალოგს შედეგი მოჰყვეს, თუ რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ან პოლიტიკოსი არ ჩაერთო შეხვედრის დღის წესრიგის მომზადებაში და მისი დიალოგის წარმათვას ხელი არ შეუწყო.
ცისკარიშვილის თქმით, უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები "ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად" არ გადაიქცეს:
"ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნების მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობება უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს".
ცისკარიშვილის აზრით, მსგავს მოლაპარაკებებში რუსეთის ერთ-ერთი მკაფიო პოლიტიკური მიზანი დროის გაწელვა იქნება. ამიტომ თავდაპირველად შესაძლოა მათი მხრიდან საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ დაიწყოს. საბოლოოდ კი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დათმობების ხარჯზე რუსეთი მიიღებს ჩვენი ქვეყნის თანხმობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაერთიანებაზე და კვლავ გაიყინება ეს ურთიერთობები.
ექსპერტის აზრით, ჩვენ თავად გვეშინია საკუთარი ინიციატივების. უნდა დადგეს საკითხი ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით არსებული კონფლიქტის გამიჯვნისა და ცალკ-ცალკე სტრატეგიების შემუშავაებისა. ეს კონფლიქტები არ არის ერთი და იმავე მიზეზებით წარმოშობილი და არც მათი დარეგულირება იქნება შესაძლებელი საერთო რეცეპტით. მათ ინდივიდულურობასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწონოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის განწყობები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მაშინ გახდება საქართველოს ნაწილი, როცა ამას თვითონ მოინდომებენ.
ცისკარისვილის თქმით, ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ, თუ ვაპირებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას და არა მარტო ლაპარაკს ამ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ფიქრსაც.
"ყოველთვის მოვლენების უკან მივჩანჩალებთ და ვცდილობთ დავიწუნოთ სხვა პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ფორმატი. შემდეგ გადის წლები და სანატრელი გვიხდება ის ფორმატი, რომლსაც ორიოდე წლის წინ ასე გაშმაგებით ვებრძოდით", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
რამაზ საყვარელიძის თქმით, ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივაცია სურვილზე მაღლა დგება. ამბობს, რომ მეფეებს ხშირად არ მოსწონდათ თავისი საცოლე, მაგრამ მაინც ირთავდნენ მას. ასეთი სიტუაციაა ახლაც.
მისი აზრით, ის, თუ რატომ აქვს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი, ცხადია - დიალოგის დაწყების საქართველოს პოლიტიკური მოტივაცია კონფლიქტის შემსუბუქება, ქვეყნის მთლიანობაზე საუბრის დაწყებაა.
საყვარელიძეს იხსენებს ხელისუფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც სანამ არ განვვითარდებოდით, მანამ მოლაპარაკებებს არ დავიწყებდით. ეს არგუმენტი სამართლიანად გააკრიტიკა როგორც შიდა ოპოზიციამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა - მოლაპარაკება ხომ მაშინ გჭირდება, როცა გინდა მიზანს მიაღწიო.
რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტის აზრით, რუსეთმა 2008 წლის მოვლენებით ყველაფერი მიიღო რისი მიღებაც უნდოდა. როგორც დასავლეთს დაჰპირდა, დასავლეთ სერბიის აღიარებაზე შური იძია, ამერიკას დაანახა, რომ მუშტის გამოყენებაც შეუძლია, თავის ნათქვამს უკან არ წაიღებს და დასავლეთის ყველა თვითნებობაზე ხელს აღმართავს ისე, რომ მას ვერაფერს მოუხერხებენ. ამასთანავე, რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო.
"ახლა კი რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის ყოველთვიურად მილიონების გადახდა ეკონომიკურ ტვირთად აწევს. ეკონომიკური ტვირთთან ერთად პოლიტიკური ტვირთის ამძიმებს", - ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, ისმება კითხვა - ვის შორის და რა დონეზე იწარმოებს მოლაპარაკებები. როცა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილთან არ ვილაპარაკებო, შეიძლება დიალოგის წარმოებისას უფრო დაბალი ფიგურები შემოვიდნენ. ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები გაიმართება მესამე მხარის საშუალებით, თუ უშუალოდ რუსეთ-საქართცელოს შორის.
"ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი გარდა იმისა, რომ მათ აქვთ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი", - ამბობს საყვარელიძე.
ხუციშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებებით რუსეთი არაფერს კარგავს, საქართველოსთვის კი იგი უსაფრთხოებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, სამომავლო რისკს შეიცავს.
"რუსეთი რომ არაა მზად ამ მოლაპარაკებებისთვის, არ მგონია, მას ეს აღელვებდეს, მაგრამ ჩვენ რომ არ ვართ მზად, ეს არის რისკი. იმ საკითხებში, რაშიც რუსეთთან თანამშრომლობა გამოდის, უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ნორმალური ურთიერთობები და პოლიტიკა, თუნდაც ჩვენ მიმართ ისეთ არაკეთილგანწყობილ ქვეყნასთან ურთიერთობაში, როგორიც რუსეთია", - ამბობს ხუციშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად დიალოგზე საუბრისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება მსოფლიოში, რომ კონფრონტაციისთვის ვემზადებით. სულ ვაჩვენებთ, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია კონფრონტაცია და არა რაიმე საკითხში თანამშრომლობა. ტელევიზიები და ყველა პროპაგანდული მანქანა ჩვენს ქვეყანაში იმაზე მუშაობენ, რომ ხალხს დაანახონ რა ცუდი და უსამართლლოა რუსეთი, პატარა ბავშვებსაც შთააგონებენ ამას.
"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რუსეთი არის ისეთი ურჩხული, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა, მენეჯმენტი, ურთიერთობის პოზიტივზე გათვლა შეუძლებელია; ის მაინც მოგატყუებს, დაგჩაგრავს, ეცდება ჩაგყლაპოს, დაგყოს და ა.შ. რუსეთის ასეთი გაგება გამორიცხავს იმას, რომ გამოიყენებ ურთიერთობის შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს. ხალხში თესავ გაუცხოებას რუსეთის მიმართ, ამიტომ რუსეთსაც არ უჩნდენა სურვილი შენთან ურთიერთობისა და რაიმე პრობლემის მოგვარებაში დახმარებისა - თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემას ეხებოდეს ეს", - ამბობს ხუციშვილი.
მისი აზრით, რუსეთშიც ამ მხრივ საქართველოსმაგვარი სიტუაციაა, ხოლო როცა მხარეები დიალოგის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობენ, ამავე დროს, კონფრონტაციის შენარჩუნებას არ უნდა უწყობდნენ ხელს. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის პოლიტიკასაც.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში განაცხადა:
"პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, როცა რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოსას რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ ნორმალური კონტაქტებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამით როგორც რუსი, ისე ქართველი ერი დაინტერესებულია. ჩვენ მოძმე ერები ვართ, რომელთა ერთმანეთზე გადაკიდება რთულია, თუმცა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზუსტად ამას მიაღწიოს".