სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ, თუ კი 15 წუთით დაუთმობენ პირდაპირ სატელევიზიო ეთერს.
გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 00:28 15-07-2010]
ამის შესახებ ნათქვამია მისი უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურის და გელა ნიკოლაიშვილის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრესა.გე–ს მოაწოდეს.
გელა ნოკოლაიშვილის განმარტებით, არც მას და არც ქეთი ბექაურს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ციხის საავადმყოფოში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ხელნაწერი გამოიტანონ; ამიტომ, თავად პატიმრის თხოვნით, ჯერ ქეთი ბექაურმა და შემდეგ გელა ნიკოლაიშვილმა, თავიანთი ხელით ჩაიწერეს ის, რისი თქმაც ცოტნე გამსახურდიას უნდოდა, მაგრამ ადვოკატებს არც ამის გამოტანის საშუალება მისცეს.
“გამოსვლისას გამჩხრიკეს, ეს ოთხგვერდიანი ნაწერი გამომართვეს, დირექტორს შეუტანეს და განცხადების დაწერა მომთხოვეს, განვიხილავთო, რაც გავაპროტესტე; უკანონობა – საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, როცა პატიმარს კორესპონდენციის გაგზავნის საშუალებას არ აძლევენ. აქედან გამომდინარე, განცხადება დავწერე, რომელშიც მოვითხოვ ეს ნაწერი სახლში გამომიგზავნონ. სანამ გამოვიდოდი, ცოტნე გავაფრთხილე – ამას თუ არ გამატანენ, პირობას გაძლევ, რომ მოკლე შინაარს გავავრცელებ, რადგან ამხელა ტექსტის ზეპირად დამახსოვრება შეუძლებელია–მეთქი“, – ამბობს პრესა.გე–სთან სატელეფონო საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
ცოტნე გამსახურდიას უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურისა და გელა ნიკოლაიშვილის მიერ შედგენილი განცხადება ასეთი შინაარსისაა:
– “2010 წლის 12 ივლისს მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში მოინახულა მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა, ხოლო 13 ივლისს – გელა ნიკოლაიშვილმა. ორივე დღეს, ადვოკატები შეეცადნენ საკუთარი ჩანაწერები გამოეტანათ, რომელიც მსჯავრდებულთან საუბრისას გააკეთეს. აღნიშნული ჩანაწერები ეხებოდა ცოტნე გამსახურდიას პოზიციის დაფიქსირებას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;
თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ, ორივე შემთხვევაში არ მოგვცა ამ ჩანაწერების გამოტანის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია “პატიმრობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაფიქსირებული პატიმრისა და ადვოკატის უფლებები.
აღნიშნულის გამო, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატები მოკლებულნი ვართ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციები, რაც იწვევს მის სამართლიან უკმაყოფილებას და პროტესტს, არა მხოლოდ ადმინისტრაციის, არამედ საკუთარი ადვოკატების მიმართაც. ჩვენ ამჯერადაც არასრულად, ზოგადად, მაგრამ დაახლოებით გადმოგცემთ ცოტნე გამსახურდიას პოზიციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
1. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი ფიზიკური ზეწოლა და იძულება, არავითარი მოწამვლა. იგი მოუწოდებს მის მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ დაუჯეროს მსგავს ინფორმაციებს, თუ ისინი არ დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით, თუნდაც ამ ინფორმაციების გავრცელების წყარო იყოს მისი ოჯახის რომელიმე წევრი;
2. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა 8 ივლისს, ხუთშაბათს და მას შემდეგ დღეში ერთხელ იღებს მცირე საკვებს;
3. ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ყველაფერი, რასაც მას აბრალებენ, თუ მისცემენ 15 წუთით პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალშიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს დათო ბესტაევისა და ყველა იმ ავადმყოფი პატიმრების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად, რომელთა მიმართაც ხორციელდება წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა;
4. ცოტნე გამსახურდია ასევე უკმაყოფილებას და საყვედურს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი არაჯეროვნად რეაგირებენ პატიმართათვის შექმნილ გაუსაძლის პირობებზე;
5. ცოტნე გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა შეწყდა საავადმყოფოში განთავსებულ პატიმართა წამება (ყოველ შემთხვევაში, მის ყურამდე აღარ აღწევს მათი წამების ხმები);
6. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ არათუ არ მოითხოვს ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა დასჯას, რომლებიც გარემოებებმა აქციეს ჯალათებად, არამედ ამის წინააღმდეგია, თუმცა, ეს არ ეხება ციხეში მომუშავე კონკრეტულ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც უნდა აეკრძალოთ პროფესიული საქმიანობა.
ჩვენს პროფესიულ მოვალეობად მიგვაჩნია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნის შესრულება და მისი პოზიციის საჯაროდ განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ არ ვიზიარებთ ყველა მათგანს“.
რამდენიმე დღის წინ, ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში, გელა ნოკოლაიშვილმა და ქეთი ბექაურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ გამსახურდია მოწამლეს და რომ ის არაადეკვატური იყო. დღეს, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი, თავად პატიმარი ამბობს, რომ ის არავის მოუწამლია, რასაც გელა ნიკოლაიშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ასე ხსნის:
“პრესკონფერენციაზე ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა იმას, რაც მანანა არჩვაძე–გამსახურდიამ გადმოგვცა. სწორედ, ამ ყველაფრის დასაზუსტებლად შევედით ცოტნეს სანახავად, ციხის საავადმყოფოში. ცოტნემ მისი მოწამვლის და მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი უარყო. ქალბატონი მანანა კი დღესაც ამბობს, რომ ცოტნეზე ზემოქმედება მოხდა და ამიტომ, ის იძულებულია ასე ილაპარაკოს. თუმცა, ჩვენ ვერც შინაგანი განწყობით და ვერც გარეგნული შეხედულებით, ცოტნეს რაიმე ზემოქმედების კვალი ვერ შევატყვეთ“.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მანანა არჩვაძე–გამსახურდია თავის შვილს არ შეხვედრია – “ის ამბობს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია. ჩვენთვის არ უთქვამს (და არც არავისთვის), თუ რა წყაროებიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. ის ამბობს, მე ეს ინფორმაცია მომაწოდესო“.
presa.ge