წმინდა ჩინურსა და მეგრულ-ჩინურ მაღაზიაში ფასების შედარებითი პროცენტული მაჩვენებელი კატასტროფულად დიდია. ზუგდიდს კარგად ახსოვს პირველი ჩინური მაღაზია თვალწვრილი გამყიდველით, მაგრამ როგორც დრო გადიოდა ისე გაიზარდა მათი რიცხვიც. რედაქციამ ყველა ასეთი მაღაზია მოინახულა და მცირე ექსპერიმენტიც ჩაატარა ისე, რომ მათ მფლობელებს არავითარი ეჭვი არ შეჰპარვიათ მყიდველის ჟურნალისტურ წარმომავლობაში.
საბოლოო შედეგი სენსაციური აღმოჩნდა. 8 ჩინურ მაღაზიაში საქონელი ორჯერ და უფრო ძვირი ღირს ვიდრე მეგრელი ედიკა ქადარიას სავაჭრო ცენტრში, რომელიც ზუგდიდის ფოსტის შენობის პირველ სართულზე მდებარეობს (ნურავინ იფიქრებს თითქოს ჩვენ ამ მაღაზიის რეკლამირებას ვეწევით, უბრალოდ ასეთია რეალობა. რდ). ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზეზიც ვკითხეთ ჩინელებს, მაგრამ პასუხად გამყიდველთა აგრესია მივიღეთ: „სხვაგან სხვა ხარისხია“, „ის სხვანაირი იქნება“, „ის ძველი იქნება და ამიტომ არის იაფი“ და ა.შ. მაგრამ ბრმა თუ ვერ დაინახავდა მათ შირის მსგავსებას ან განსხვავებას. როგორც გაირკვა აღნიშნული მაღაზიის მფლობელებს ყველას ერთიდაიგივე, თბილისელი ჩინელის საწყობიდან დააქვთ საქონელი, ხოლო გასაყიდი ფასები, როგორც ჩანს ზუგდიდში ჩამოსვლამდე, გზადაგზა მატულობს. ფოსტის შენობის პირველ სართულზე ასეთი ორი მაღაზიაა, ერთი ჩინელის და ერთიც მეგრელის. მათ შორის როგორც ეთნოსური ისე ფასების უჩვეულო განსხვავებაა. შეუმჩლევლად რამდენიმე ნივთის ფასი ჩავიწერე და ორ ნაბიჯში მეორე მაღაზიაში შევედი.
მეგრელმა ქალის ხელჩანთები 10 ლარი მიაწერა, ჩინელმა კი იგივე აქსესუარი 30-35 ლარად შეაფასა; ქალისა და მამაკაცის ქურთუკები აქ თუ 20 ლარი ღირდა იქ 50 ლარს კაპიკიც არ დააკლდებაო მომახალეს; მაჯის საათებზეც ანალოგიური სიტუაციაა, მათ შორის განსხვავება მხოლოდ 10-15 ლარია დიზაინი და მოდელი კი ერთიდაიგივე. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით თუ გაბედავ და იკითხავ გვერდით მაღაზიაში ბევრად ნაკლები ღირს და შენ რატომ ყიდი ასე ძვირადო. ჩინელი მაშინვე თავის მართლებს დაიწყებს, ამას ხმამაღალი საუბარი მოჰყვება, მერე სიტყვიერ შეურაცყოფაში დაგდებს ბრალს და პატრულის თანამშრომლებსაც თავზე დაგაყენებს. ბოლოს კი ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ნემსს სპილოს ფასად იყიდი. ჩვენი ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა.
[ლია შამათავა, „ღია ბოქლომი“ # 10 (14)]