პროექტს „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის“ აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.
სამეგრელო - ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და მცხეთა - მთიანეთი, ეს ის სამი რეგიონია, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისათვის შეირჩა. სწორედ ამ რეგიონებზე განსაკუთრებით აისახა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და სწორედ აქ გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი. შედეგად, შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რამაც მთლიანობაში გამოიწვია სამივე რეგიონში ბიზნესგარემოს გაუარესება და უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა.
მიკროსესხების გაცემას სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი და ერთი ბანკი: „ალიანს ჯგუფი“, „კრედო“, „კრისტალი“, „კონსტანტა“, „ფინკა“, „ფინაგრო“ და “ლაზიკა კაპიტალი“, ხოლო ბიზნეს ტრენინგებს და კონსულტაციებს ამავე რეგიონებში წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ – მცხეთა მთიანეთში, „საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი“ შიდა ქართლში და სამეგრელო-ზემო სვანეთში „ერანი“. პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს „ფაბლისითი ჯგუფი“.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც უმუშევართა და უმწეოთა რიცხვი ძალიან დიდია, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც უჭირს. ამას მოწმობს დახმარების მოთხოვნით პროექტში შესული ასობით განაცხადი.
დაფინანსებულთა შორის აღმოჩნდა გალის რაიონიდან დევნილი სოფიკო გერგედავა. ხუთსულიანი ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. მათი შემოსავლის წყარო 28 ლარიანი დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფო თითო დევნილს დახმარების სახით უხდის, მაგრამ დღეის მდგომარეობით ამ მცირე თანხით ოჯახის რჩენა შეუძლებელია.
სოფიკო გერგედავამ იჯარით, დროებით მფლობელობაში შეიძინა სავაჭრო ფართი. უსახსრობის გამო კი მაღაზიაში საქონლის შევსებას ვერ ახერხებდა. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მან „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის“-ში პროექტი წარადგინა და ორ კვირაში დაფინანსებაზე დადებითი პასუხი მიიღო.
სოფიკო გერგედავა: „როდესაც გავიგე ზუგდიდში გაეროს განვითარების პროგრამა მცირე მეწარმეებს დახმარებას უწევდა, დაუყოვნებლივ დავუკავშირდი „კრისტალი“-ს ზუგდიდის ოფისს. დავწერე ბიზნესგეგმა და კრედიტოფიცერთან ერთად დეტალები დავამუშავე. იყო რამდენიმე ვიზიტი ჩემს სახლში და მაღაზიაში. მოხდა ხარჯთაღრიცხვა, შემოსავალი და გასავალი თანხების გადამოწმება. მათი, დახმარების შემთხვევაში, გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმები. დაახლოებით ორ კვირაში 600 დოლარი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალში“ ავიღე. აღნიშნული თანხით შევიძინე საქონელი და მაღაზია სრული დატვირთვით ავამოქმედე. როგორც წინასწარ ნავარაუდევი იყო (გეგმის მიხედვით) ვნახე მოგება. მართალია ის თანხა ჩემთვის საჩუქრად არ მოუციათ და ძალიან დაბალი პროცენტით უკან უნდა დავაბრუნო, მაგრამ ამ პერიოდში ჩემთვის ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მადლიერი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის. დღეს საქართველოში ყველას უჭირს. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე აღნიშნული დახმარება გაუწიო ვინმეს არ არის ადვილი, მაგრამ ღვთის წყალობით არიან ადამიანები, ვისაც გული შეჰსტკივათ დაზარალებულ და გაჭირვებულ ხალხზე. ჩემი ოჯახისთვის ეს პროექტი მართლაც დიდი საჩუქარი იყო“.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტი წარმატებული გამოდგა და მხოლოდ ზუგდიდის რაიონში 37-მა მცირე მეწარმემ მიიღო ხესხი დაბალი პროცენტით.
ლაშა შედანია: „ზუგდიდში, ამ მომენტისთვის სულ გაცემულია 72 000 ლარი. „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის“ ფარგლებში სესხი მიიღო 37-მა მოქალაქემ. განაცხადების მიღება გრძელდება. იგივე პროექტი წარმატებით ხორციელდება ფოთში და სენაკში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მარტო იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ საომარი მოქმედებების შედეგად, არამედ მათ, ვინც წარმოადგენს რეალურ ბიზნეს გეგმას – ნებისმიერ დარგში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა კლიენტის არსებული ან პროგნოზირებული შემოსავალი იყოს იმ რაოდენობის, რომ სესხის გადახდა შესძლოს“.
[დაჩი კვიკვინია, „ღია ბოქლომი“ # 10 (14)]
(მასალა დაფინანსებულია გაეროს განვითარწების პროგრამის მიერ)