23:34 06.09.2013
სანდო წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ აფხაზი სამღვდელოება დედა-ეკლესიის წიაღში დაბრუნებას გეგმავს.
აფხაზები დიდხანია აცნობიერებენ, რომ მათ თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობას რუსეთის მხრიდან რეალური საფრთხეები ემუქრება. 1993 წლიდან დღემდე მიმდინარეობს აფხაზთა გარუსებისა და რუსული ეკლესიის მხრიდან აფხაზი სამღვდელოების დამონების პროცესი.
"ეს განსაკუთრებით დაეტყო აფხაზ სამღვდელოებას, რომელსაც რუსეთის ეკლესია დაეპატრონა . მღვდელ-მონაზვნებს მსახურებას რუსულ ენაზე აიძულებენ, მღვდელმთავრებს მოსკოვიდან ნიშნავენ. ბუნებრივია, ამ პირობებში თავისუფლებასა და მითუმეტეს, ეროვნულობაზე საუბარი შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ჩვენი წყაროს ცნობით, აფხაზმა სამღვდელოებამ დაიწყო გზების ძიება, რათა თავი დააღწიოს რუსეთის ეკლესიის გავლენას. გაჩნდა მკაფიო აზრი საქართველოს ეკლესიაში დაბრუნების შესახებ, რასაც მხარს უჭერს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების რამდენიმე გავლენიანი პირი. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქთან.
მანევრის არსი ნათელია – მსოფლიო პატრიაქრთან მოლაპარკების გზით, რუსეთის კლანჭებიდან გაძრომა და საქართველოს ეკლესიაში დაბრუნება. აფხაზები მსოფლიო პატრიარქს ოფიციალურად სთხოვენ ავტოკეფალიას - ეს ერთგვარი ფარია, რომლის უკან ქართულ ეკლესიაში დაბრუნების გეგმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მსოფლიო პატრიარქი ამ თხოვნას ვერ დათანხმდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზმა ბერმა ცოტა ხნის წინ საზღვარი გადმოკვეთა და ახლა ქართულ მონასტერში იმყოფება. ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომ მოახერხა ამ ბერთან დაკავშირება, რომელმაც დაადასტურა, რომ აფხაზი სამღვდელოების ეს გეგმა რეალურია," - აცხადებს წყარო.