16:08 04.04.2012
ზუგდიდში პროკურატურის შენობასთან აღმოჩენილი ბომბის ფაქტს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა. მან ამის შესახებ განცხადება ზუგდიდში ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ძიძიგურის თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ კავშირშია ირაკლი ალასანიას ზუგდიდში ჩასვლასთან.
„სამეგრელოს აქვს სერიოზული პრობლემები. ახალაიებს მიაჩნიათ, რომ ეს მათი სამფლობელოა და როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ. ხშირ შემთხვევაში არის ხალხის მიმართ სამართლებრივი, იურიდიული და პოლიტიკური ტერორი. ასეთ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლის აქ ჩამოსვლა და მოღვაწეობის აქ გაგრძელება. რაც შეეხება თავად ინცინდენტს, პირდაპირ კავშირშია დღევანდელ ჩვენს ვიზიტთან. შემიძლია ვთქვა, იდიოტურად იქცევიან. ერთი ტელევიზიით გაჰყვირიან, რომ საქართველოში არის საინვესტიციოდ საუკეთესო გარემო, ამის პარალელურად თვითონვე დებენ ბომბებს. ურჩევიათ ერთ აზრზე ჩამოყალიბდნენ,“- განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან ბომბი დღეს დილით დაახლოვებით 10 საათზე აღმოაჩინეს. პოლიციამ მისი განეიტრალება მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოიტანეს.
tribuna.ge