livepress.ge
17:06 08.02.2012
ამ წუთებში ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკას“ ექიმები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულების ეზოშია შეკრებილი. „სამედიცინო მომასახურებაზე ფასები გაიზარდა და ამასთან ექიმების ხელფასებმა საგრძნობლად იკლო.მხოლოდ გამომუშავებაზე ვართ და საათობრივი ანაზღაურება მოგვიხსნეს“, უთხრა „ლაივპრესს“ საავადმყოფო „რესპუბლიკას“ ბავშვთა ქირურგმა ზვიად თოლორაიამ. მედპერსონალი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მათ აპრილის თვიდან ხელფასების გაზრდასა და სახელფასო ხელშეკრულების დეტალურად გაცნობას შეჰპირდა თუმცა, ექიმების განმარტებით, საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაპირება დღემდე არ შეუსრულებია. „ჩვენ ხელშეკრულებას არ ვიცნობთ და მის დეტალურად გაცნობას მოვითხოვთ“, აცხადებენ ექიმები. მათი განმარტებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა, და თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
ცნობისთვის: სამედიცინო პერსონალი ხელფასებით უკმაყოფილოა მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“ „ალდაგი ბისიაიმ“ შეიძინა. საავადმყოფო „რესპუბლიკას“ გარდა სადაზღვევო კომპანიამ ზუგდიდში „მოზრდილთა პოლიკლინიკა“, სასწრაფო სამედიცინო დახმარება „03“ და შპს „ქალთა კონსულტაცია“ შეიძინა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjnVjc5rwHUwweSuYqkNPL21KbcKQ-srfYXtuhYYxUcbWuuvZJgLekcchchyphenhyphenG-oWgOqSxRQzO-hEXBz1XMu3tb1Aoqfvbt_PNp5Q05JBar0MZZKMrLpEJ2gt4FyT4QahQqgG5Z3dEuj37Kg/s200/ukan1.png)