ავტორი ნინო მიქიაშვილი
23:24 03.01.2012
“ქართველი გმირების საფლავზე მეჩეთი არ აშენდება,“ - გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, მაგრამ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მეჩეთი 1921 წელს, თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში დაღუპული გმირების საფლავების გვერდით შეიძლება აშენდეს.
საქმე იმაშია, რომ ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების თემის გააქტიურება მოჰყვა ბათუმის საკრებულოს მიერ თეატრის უკან, გმირთა საფლავებთან არსებული 2 901 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 30 დეკემბერს მიიღო.
მთავრობისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ტელეფონით ვესაუბრეთ: ბათუმის საკრებულოს წევრს, “კონსერვატორ“ მამული ჟღენტს; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს; “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით რობაქიძეს; აჭარის მთავრობის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მირიან ლებანიძეს და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს მურმან დუმბაძეს.
“კონსერვატორ“ მამული ჟღენტის თქმით, 30 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციამ “ბათუმისათვის“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:
“დღის წესრიგში მიწის ნაკვეთის გადაცემა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილის საფუძველზე, ბოლო საკითხად იყო წარმოდგენილი, რომ ჩუმად გაეტანათ. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ნომერ პირველ საკითხად მომხდარიყო მიწის გადაცემის საკითხის განხილვა, რასაც კენჭი უყარეს, მაგრამ რასაკვირველია, ვერ გავიდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. ამ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ წერილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან პირველად 19 დეკემბერს იყო შემოსული, მაგრამ მალევე წაიღეს უკან და ახლა ხელმეორედ შემოიტანეს. საკრებულოში მოვითხოვეთ დაზუსტება, თუ რის აშენებას აპირებენ მთავრობისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ ეს არ იცოდნენ“.
მამული ჟღენტი მთავრობისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას არ გამორიცხავს - “ხელისუფლების სათავეში ცნობიერებით არაქართველები არიან და გამორიცხული არ არის ამ ადგილზე აშენდეს მეჩეთი, რადგან ბათუმში ყველაფერი თურქებისთვის აქვთ მიყიდული“.
იმას რომ ბათუმის ცენტრში, თეატრის უკანა მოედანზე განიხილებოდა “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხი, ფაქტიურად ადასტურებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე:
“თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი საფლავებზე მეჩეთის მშენებლობის; დღესაც ასეა და ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები - ქართველი გმირების საფლავზე მეჩეთი არ აშენდება! იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრება, რომელიც არის ქალაქისთვის ყველაზე წმინდა ადგილი, იქ სადაც არიან დასაფლავებული ქართველი გმირები - გიორგი მაზნიაშვილის მებრძოლები, არ იგეგმება არაფერი, გარდა ამ გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალის აგებისა.
მე პასუხს ვაგებ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის საკუთრებაა და იმ ტერიტორიაზე, სადაც დაკრძალულები არიან ბათუმისთვის ყველაზე დიდი ადამიანები - გმირები. უახლოეს პერიოდში კონკურსი გამოცხადდება, საკმაოდ სოლიდური თანხით, იმ სკვერის დაპროექტებაზე და შესაბამისი მემორიალის განთავსებაზე. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებულის გამოვლენას და შემდეგ შევუდგებით მუშაობას მემორიალის ასაგებად“.
1921 წელს თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში დაღუპული მაზნიაშვილის მებრძოლებისთვის მემორიალის ასაგებად ბათუმის მერიამ კონკურსი უკვე იმდენჯერ გამოაცხადა, რომ ლამისაა სათვალავი აგვერიოს. ერთი მემორიალი ვერ დაიდგა იმათთვის, ვისი დამსახურებითაც დღეს ბათუმი და მთელი აჭარა დედა სამშობლოს მოწყვეტილი არ არის, მაშინ, როცა მილიონებს არ იშურებენ ჩვენი ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, წარსულისთვის და აწმყოსთვის შეუფერებელი და მიუღებელი ქანდაკებებისთვის.
“ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძეც ვარაუდობს, რომ ბათუმის საკრებულოს მხრიდან აჭარის მთავრობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა ე.წ. აზიზიეს მეჩეთისთვისაა გამიზნული:
“ იმ ადგილას, რომელიც ახლა საკრებულომ მთავრობას გადასცა, ოსმალთა ბატონობისას ე.წ. აზიზიეს მეჩეთი იდგა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკვე ორი წელია გვეუბნებიან, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების (ხანძთის, ოშკის, იშხანის, ოთხთას) რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქეთის მთავრობა ითხოვს “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს მოხდეს და თეატრის უკანა მოედანზე, ჩვენი გმირების საფლავებთან დაიწყოს მეჩეთის მშენებლობა“.
აჭარის მთავრობის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მირიან ლებანიძის თქმით, მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავების გვერდით, თავისუფლების მოედანზე აშენდება მრავალსართულიანი სახლი, რის შესახებაც ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო არქიტექტურული მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ მეჩეთის ასაშენებელ ადგილად სააკაშვილს სამიზნედ სწორედ თეატრის უკან არსებული მოედანი ჰქონდეს არჩეული:
“არაერთხელ გავმხდარვართ იმის მომსწრე, თუ როგორ ცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს და როგორ აყრიან ხალხს თვალში ნაცარს. გამორიცხული არ არის სააკაშვილი ისევ ფიქრობდეს თურქეთ-საქართველოს შესაძლო პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ ბათუმში ოსმალეთის იმპერიის სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთ-მუზეუმის დადგმას, მაგრამ ბათუმელთა მოაზროვნე ნაწილის უდიდესმა უმრავლესობამ არაერთ ღონსიძიებასა და მათ შორის, 2011 წლის 23 მარტს, თეატრის უკან გამართულ აქციაზე გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკური ხელშეკრულების ფარგლებში, უცხო სახელმწიფოს მოთხოვნით ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. 23 მარტს სპეციალური რეზოლუციაც მივიღეთ და გადავუგზავნეთ, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე თურქეთის საკონსულოს.
ასე რომ, თუ ამაზე მსჯელობა განახლდება, სააკაშვილი ბათუმელთა მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება - ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ, გამოვრიცხავთ თურქეთ-საქართველოს პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად რაიმე საკულტო ნაგებობის აგებას ბათუმში“.
"ობიექტივი"