ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
19:48 25.12.2011
“ამჯერად დასრულდა ხატის წინა მხარე, რომელზეც 400 ქართველი წმინდანია გამოსახული. ხატი შემკულია წმინდა ნაწილებით. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გრძელდება შემოწირულობა, რათა დასრულდეს ხატის - საქართველოს იმედის მეორე მხარე, რომელზეც გამოსახულნი იქნებიან მსოფლიოს მართლმადიდებელი წმინდანები. შემომწირველთა გვარები შევა სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წიგნში და მათი ქველმოქმედება მოხსენიებული იქნება ღვთის წინაშე“, - ეს ინფორმაცია “ობიექტივს“ ნინო ახობაძემ მოაწოდა, რომელიც პროფესიით ექიმია, ბათუმში ცხოვრობს და ამასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში აშენებს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას, რომელშიც მთელი საქართველოს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მონაწილეობს.
კურთხევის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ასეთი სიტყვებით მიმართა:
“გილოცავთ ამ ბედნიერ და დიდებულ დღეს. აი, ამ დღეს ქართველი ერი ელოდებოდა ორი ათასი წლის მანძილზე და დიდება უფალს და მადლობა უფალს, რომ ჩვენ გაგვხადა ღირსი, რომ შექმნილიყო ეს ხატი და ამ ხატს ეწოდება საქართველოს იმედი. ეს ხატი იქნება ღვთის მადლით და ძალით სასწაულმოქმედი და ყოველი ადამიანი, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით, სიყვარულით მოვა ამ ხატთან, მას აღუსრულდება თხოვნა მისი და ლოცვა მისი.
ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ჩვენი ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ. ამინ“.
ხატი, რომლის სიგანე და სიგრძე ორ-ორი მეტრია, კარედის ტიპისაა და მთლიანად დაფარულია ორნამენტირებული ჭედური ოქროს ფურცლებით და ტიხრული მინანქრით. ხატი შემკულია ძვირფასი ქვებით. ესკიზის ავტორი მხატვარი დავით კაკაბაძეა. ხატის შექმნაში 50 ოსტატი მონაწილეობდა.
ხატისთვის შესაწირი (ოქრო და ფული) დაახლოებით სამი წელი აფიშირების გარეშე, დაფარულად გროვდებოდა. ადამიანები, ვინც შესაწირს დებდნენ, პარალელურად თავიანთი ტელეფონის ნომერს ტოვებდნენ, რათა მათთვის ხატის კურთხევის დრო და ადგილი შეეტყობინებინათ. დღეს ხატის კურთხევას იმ ადამიანთა უმრავლესობა დაესწრო, რომლებმაც შესაწირი გაიღეს.
დაახლოებით თორმეტის ნახევარზე ხატი საპატრიარქოდან საეკლესიო დროშებითა და გალობით სიონში გადააბრძანეს. პროცესიას წინ სტიქაროსნები გალობით მიუძღვოდნენ, რომელთაც უკან მიჰყვებოდა ხალხი ყვავილებით ხელში. სამ ათეულამდე მამაკაცი ჩოხა-ახალუხში იყო გამოწყობილი.
საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიდან პროცესიას მიჰყვებოდნენ: თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ბანკ “რესპუბლიკას“ პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი, გამსახურდიასდროინდელი უზენაესი საბჭოს წევრი შალვა წიკლაური, რომელიც ამავდროულად ჩოხოსანია, პოეტი ერეკლე საღლიანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილი, რომელიც ასევე ჩოხაში იყო გამოწყობილი...
ხელისუფლებიდან მხოლოდ პარლამენტარი გიგი წერეთელი ჩანდა. მე მეტი ვერავინ დავინახე.
სიონის ეზოში მისმა უწმინდესობამ მცირე პარაკლისი გადაიხადა და ამის შემდეგ პროცესიამ გზა სამებისკენ გააგრძელა, სადაც მოხდა ხატის კურთხევა. სამების საკათედრო ტაძარი ხალხით თითქმის გაივსო. ულამაზესი ხატი - საქართველოს იმედი დღეიდან სამებაში იქნება დაბრძანებული.