ავტორი გიორგი გიგაური | "ასავალ-დასავალი"
17:06 27.11.2011
ეს ამბავი არცერთ სახელისუფლო ტელევიზიას არ გაუშუქებია! არადა, იმავე პუტინს, მედვედევს ან თუნდაც, რომელიმე წვრილფეხა როგოზინს რომ შემთხვეოდა, "რუსთავი-1", "რუსთავი-2" და "რუსთავი-3" ახალი ამბების პირველივე სიუჟეტში გვახარებდნენ! მოკლედ, სულ ცოტა, ნახევარმა საქართველომ მაინც არ იცის, რომ ორდღიანი თბილისური ვოიაჟის შემდეგ ბრიუსელში დაბრუნებულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ხელი მოიტეხა!რა თქმა უნდა, ნატო-ს გენერალურ მდივანს მალე გამოჯანმრთელებასა და მწყობრში ჩადგომას ვუსურვებთ, მაგრამ ანდერს ფოგ რასმუსენის ხელის მოტეხაში განგების ხელიც რომ ურევია, დაუფიქრებლად მოვაწერ ხელს!
რატომ? იმიტომ, რომ მეც ორივე ხელით ვეთანხმები იმათ, ვისაც ნატო-ს გენერალური მდივნის თბილისში გაკეთებული განცხადებების მოსმენისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთი ხელის მოსმით უგულებელყო ჭეშმარიტება და პილატესავით, ხელები დაიბანა ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე!
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მართალია, განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში "დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნებაო" (ანუ სააკაშვილს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა), მაგრამ იქვე ისიც თქვა, "მე ველი, რომ საქართველო ნატო-ს ძლიერი წევრი გახდება, როგორც ამაზე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე შევთანხმდითო!"
არადა, თავად ბატონმა გენსეკმა ყველაზე კარგად უწყის, რომ სააკაშვილის საქართველო კიდევ კარგა ხნის მანძილზე ვერ გახდება ნატო-ს წევრი!
დიახ, იცის, მაგრამ ქართველ ხალხს სააკაშვილივით ატყუებს!
დიახ, რასმუსენმა მშვენივრად იცის, რომ ტყუის, როცა ქართველი ხალხის გასაგონად აცხადებს, საქართველოში გატარებული რეფორმების წყალობით თქვენ კიდევ უფრო მიუახლოვდით ნატოსო!
ამდენად, რასმუსენს ფეხი რომ მოეტეხა, ვიტყოდით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, მაგრამ, რახან ხელი მოიტეხა, მხოლოდ იმასღა აღვნიშნავთ, რომ ხელი ხელს ვეღარ ბანს, ორივე ხელი კი - პირსო!
დიახ, ბატონი გენსეკი სულ ცოტა ხნით მაინც ვერ დაიბანს ორივე ხელით თბილისში დახვავებული ტყუილებით შერცხვენილ პირს!
ზემოთ განგების ხელი ვახსენე და უფრო დავაკონკრეტებ, როგორ და რა ვითარებაში მოიტეხა ნატო-ს გენსეკმა ხელი!
ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისიდან 11 ნოემბერს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც, როგორც ცნობილია, არის განთავსებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა.
13 ნოემბერს (მოდი და, ნუ იტყვი, რომ "13" თარსი რიცხვი არ არის!) ანდერს ფოგ რასმუსენმა "ფეისბუქზე", თავის პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე განცხადება: "ჩემი მარცხენა ხელი თაბაშირში მაქვს, მჭიდროდ დამაგრებული და უმოძრაო... აღდგენა საჭიროებს გარკვეულ დროსა და მოთმინებას..."
14 ნოემბერს გავრცელდა ნატო-ს გენერალური მდივნის პრესამსახურის განცხადება:
"ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავარიაში მოყვა სამთო ველოსიპედით გასეირნებისას და ხელი მოიტეხა. რამდე-ნიმე დღის განმავლობაში გენერალური მდივანი სამუშაოზე ვერ გამოვა..."
როგორც ირკვევა, ნატო-ს გენერალური მდივანი ბრიუსელის მიდამოებში სამთო ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და მარცხენა ხელის წინამხარი მოიტეხა!
სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი, უფრო ზუსტად, 17 ნოემბერს, თბილისში, "ვარდების მოედანზე" (ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა) ველოსიპედის უზარმაზარი კონსტრუქცია წამოჭიმეს!
თბილისიდან ბრიუსელში დაბრუნებულმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა, თბილისში კი, სააკაშვილის ხელდასხმით, ველოსიპედის ქანდაკება დადგეს!
არა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც ჭკუა ეკეტება ველოსიპედით სეირნობაზე და ისიც ფაქტია, რომ თბილისის ცენტრში ველოსიპედის "უკვდავსაყოფად" მიღებული გადაწყვეტილება რასმუსენის ხელის მოტეხამდე იყო ხელმოწერილი, მაგრამ ბრიუსელში რასმუსენის ხელის მოტეხასა და თბილისში ველოსიპედის ძეგლის სააკაშვილისეულ ხელდასხმას შორის მთლად საკრალური თუ არა, სიმბოლური კავშირი რომ არსებობს, ხელკეტიც რომ დამკრა, მაინც არ გადავთქვამ!
სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ჩამობრძანებულ ძვირფას სტუმარს საჯაროდ ისიც შესჩივლა, თქვენმა წინამორბედმა ნატო-ს ჰალსტუხი მაჩუქა და თქვენგან ნატო-ს პიჯაკს მოველოდიო!
არადა, სააკაშვილს ნატო-ს საფირმო პიჯაკს რასმუსენი კი არა, ნატო-ს ბარე ორი, მომდევნო გენერალური მდივანიც ვერ ჩააცმევს! ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილს ძალიანაც რომ უნდოდეს, 2013 წლის შემდეგ ვეღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მეორეც, როგორც მოგახსენეთ, სააკაშვილმა ისეთ დღეში ჩააგდო საქართველო და იმდენი წყალი დაასხა რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო კარგახანი ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი!
ჰოდა, ახლა თავად განსაჯეთ, გაეხარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ნატო-ს გენერალური მდივნის ბრიუსელური ავარია!
თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ პირადად მე, როცა თბილისის ცენტრში წამოჭიმულ ველოსიპედის უზარმაზარ ქანდაკებას შევავლებ თვალს, აუცილებლად გამახსენდება, რომ:
სააკაშვილმა რასმუსენის ავარიას თბილისის ცენტრში ძეგლი დაუდგა!
... და არც ის გამიკვირდება, რომ მტკვარზე ხიდად გადაჭიმული "მიშას პამპერსის" სახელდებისა არ იყოს, "ვარდების მოედანზე" დადგმულ მონსტრსაც ხალხმა ამიერიდან "რასმუსენის ავარია" უწოდოს!
ისე, ბათუმში დადგმულმა კვერცხებისა და "შლოპანცის" ქანდაკებამ რა დააშავა? თუ გავიხსენებთ, როგორ დაჰპირდა პუტინი სააკაშვილს "კვერცხებით ჩამოკიდებას", უპრიანი იქნება, "ნაცმო"-ს ბელადის ქვეცნობიერი შიშის "არქიტექტურულ" გამოვლინებას "პუტინის შლოპანცი" ვუწოდოთ! დამეთანხმებით, "შლოპანცით" კვერცხების დაზელა გაცილებით უმტკივნეულოა, ვიდრე იმავე კვერცხებით ჩამოკიდება! აკი, ამ უცნაური "არქიტექტურული შედევრის" პროსააკაშვილისტი კომენტატორები "შლოპანცის" იდუმალ მფლობელს არწმუნეენ, ფრთხილად გაიარე ჩვენთვის ასე ძვირფას კვერცხებზეო!..
