15:32 23.10.2011
აშშ–ს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად ამერიკელმა ხალხმა მთავრობას კონსტიტუცია დაუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებას კონსტიტუცია დაუდგინა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ხელისუფლება საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ანალოგიური ნორმები ფიქსირებულია დასავლეთის ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში.
ამრიგად, საქართველოში კონსტიტუციის დამდგენი სუბიექტი საქართველოს მოქალაქენი არიან.
საყოველთაოდ აღიარებული განმარტების თანახმად: "კონსტიტუცია არის იმ სამართლებრივი პრინციპების და ნორმების ერთობლიობა, რომლითაც იმართება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების თანამდებობის პირთა საქმიანობა". უფრო გასაგებად რომ ვსთქვათ, ნებსმიერი კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის თუ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა მოვალეობებს ანუ მათი თანამდებობრივი საქმიანობის ფარგლებს, საზღვრებს.
საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის ტექსტის სრული დაცვით საქართველოს მოქალაქეებს ვეკითხები:
სააკაშვილმა დაიცვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა თუ არა?
სააკაშვილმა იზრუნა ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის თუ არა?
სააკაშვილმა იზრუნა ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისთვის თუ არა?
სააკაშვილმა დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია?
თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რა კონსტიტუციური ნორმა არსებობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უფლებას მისცემს ხელისუფლების გვერდის ავლით სააკაშვილი გადააყენოს?
კითხვაზე პასუხს გასცემს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5, რომლის ძალით:
1. "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით . . ." (მონიშვნა – ბ. ს.).
ისმის კითხვა: აქვს თუ არა საქართველოს ხალხს უფლება უშუალოდ ანუ ხელისუფლების გვერდის ავლით ჩაატაროს რეფერენდუმი? საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5-დან გამომდინარე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: აქვს!
შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 6, რომლის ძალით: "საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოსათვის უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას."
რა სახსრებით შეუძლია ხალხს უშუალოდ ანუ ხელისუფლების გვერდის ავლით ჩაატაროს რეფერენდუმი?
სახსრების მოძიება კანონის სრული დაცვით შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ მოღვაწეთა ჯგუფებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
და ბოლო კითხვა: როგორ უნდა იქნას ფორმულირებული სარეფერენდუმო შეკითხვა?
1. შეასრულა თუ არა სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით გათვალისწინებული საკონსტიტუციო მოვალეობანი?
2. თუ არ შეასრულა, ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად?
ბიძინა სავანელი
იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის
მიწვეული პროფესორი.
მიწვეული პროფესორი.