ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:00 23.10.2011
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია II–მ, თურქეთის პრემიერ–მინისტრს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს 26 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის წერილის შინაარსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, “ობიექტივისა“ და პრესაგე.ტვ–ს თხოვნის საფუძველზე, საპატრიარქოდან მოგვაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ მისი უწმინდესობა 20 ოქტომბერს სტამბულში გაემგზავრა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ წირვა–ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად. გამგზავრების წინ, აეროპორტში გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ პატრიარქმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს 26 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა, რის შესახებაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“კათოლიკოს–პატრიარქი დაინტერესდება პასუხით იმ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მან თურქეთის პრემიერ–მინისტრს, მის აღმატებულებას, ბატონ ერდოღანს მიმართა. კათოლიკოს–პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლიანი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული პირის სტატუსი მიიღო და ამავე დროს, ზოგიერთი ეკლესიის შენობა–ნაგებობანი, რელიგიური ძეგლები ამ ეკლესიების საკუთრებად გამოცხადდა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნა უკავშირდება იმას, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ძეგლების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება; ასევე საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება“.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ოფიციალური წერილი, რომლითაც მან თურქეთის პრემიერ–მინისტრს მიმართა, ასეთი შინაარსისაა:
“თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ღრმა პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ერთი საკითხის გამო.
დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ანექსიის შემდეგ ქართველ ერს არ ჰქონდა საშუალება თავისი სუვერენული უფლებების და ეროვნული ინტერესების დაცვისა. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, დაპატიმრებული იყო მისი მმრთველი – კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსები.
ამიტომაცაა, რომ 1930 წელს, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებით და თურქეთის სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვრა რამდენიმე დენომინაციის სტატუსი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მოხვდა.
ეკლესიაში რეპრესიები საბჭოთა კავშირის რეჟიმის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. იგი მოკლებული იყო საშუალებას, დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მითუმეტეს, მის ფარგლებს გარეთ.
არადა საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში იყო ყოველთვის, ამჟამად კი ტიტულოვანი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში შედის.
ეს ეკლესია-მონასტრები არ შეიძლება იყოს, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა, რადგან ყველა ნიშნით ეს არის ქართული კულტურის ძეგლები.
გთხოვთ, უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა, თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკუთრების შესახებ.
თქვენი განცხადებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება.
შემოქმედმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და წარმატებები ღვთისსათნო თქვენს მოღვაწეობაში.
პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.
"ობიექტივი"