22:26 02.08.2011
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრს და მოითხოვს დაისაჯონ ჟურნალისტისთვის, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შემშლელი პირები.
40 წუთი პრეზიდენტის ახმახების ტყვეობაში
საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი 40 წუთის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. ისინი ჟურნალისტისგან ფოტომასალის წაშლას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კამერის განადგურებით ემუქრებოდნენ.
რეპორტაჟის მოსამზადებლად ყვარელში
ყვარელში, გრემის განახლებული სამონასტრო კომპლექსი დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რომ უნდა გაეხსნა, ამის შესახებ, დილით, დაახლოებით 11:00 საათზე გავიგე. რედაქტორმა მითხრა, რომ პრეზიდენტს გრემში 13:00 საათისთვის ელოდებოდნენ და სამონასტრო კომპლექსის გახსნის შესახებ ფოტორეპორტაჟი უნდა მომემზადებინა.
მე და ჩვენი მძღოლი გრემისკენ გავეშურეთ. 13:00 საათისთვის უკვე გრემში ვიყავით. დავინახე მუშები, რომლებიც გუბერნატორის ზედამხედველობის ქვეშ მწვანე საფარის დაგებაზე გამალებით მუშაობდნენ. პრეზიდენტის მოსვლამდე დრო მქონდა და კომპლექსის გახსნის დღეს მიმდინარე სამუშაოების გადაღება ღობის აქედან დავიწყე, რადგან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში შესვლის უფლება არ მომცა. არადა, ამ დროს უკვე ეზოში იყვნენ ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტები და ოპერატორები.
მოგვიანებით ჟურნალისტების დახმარებით სამონასტრო კომპლექსის ეზოში შესვლა მოვახერხე და გადაღება დავიწყე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა რომ დამინახა ვმუშაობდი, მომიახლოვდა.
- ეს ბავშვი ვინ არის? - ჰკითხა „პირველი არხის“ ჟურნალისტს.
- კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ვარ, - ვუპასუხე მე.
- აა, თქვენ წერთ ხოლმე დაინგრა, გაფუჭდაო? - მე მუშაობა განვაგრძე.
გადაღების დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა, შავსათვალეებიანმა ახმახებმა შემაჩერეს და მკითხეს, ვინ ვიყავი. მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ერთ-ერთმა მოითხოვა, ტერიტორია დაუყოვნებლივ დამეტოვებინა.
- რატომ უნდა გავიდე?
- აკრედიტაცია არ გაქვთ გავლილი.
- რა აკრედიტაცია? რად მინდა აქ აკრედიტაცია? სხვა ჟურნალისტებს აკრედიტაცია გავლილი აქვთ?
- არა, მაგრამ გაფრთხილებულები ვართ ნათია ბანძელაძის მიერ, რომ უნდა შემოვუშვათ. ასე რომ ახლავე დატოვეთ ტერიტორია. თუ ბანძელაძე გვეტყვის, შემოგიშვებთ.
-ა ქ რომ ვარ კანონს ვარღვევ?
-არა, მაგრამ გაბრძანდით.
- თუ კანონს არ ვარღვევ, არ გავალ. პროფესიულ მოვალეობას ვასრულებ და ხელს ნუ მიშლით.
- მეც სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ და ძალით გაგიყვანთ!
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ დაცვის თანამშრომლები ტერიტორიის დატოვებას მთხოვდნენ. რედაქტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა, რომელიც პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
დაახლოებით 3 წუთში, შავებში ჩაცმული მამაკაცი მომიახლოვდა და გარეთ გაყვანა დამიპირა, მაგრამ ამ დროს ეზოში ირმა ნადირაშვილი და კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი შემოვიდნენ. ირმა ნადირაშვილმა „ეზოში დარჩენის ნება დამრთო“ და ჟურნალისტებს პრეზიდენტის მოსვლამდე ფოტო და ვიდეო გადაღება აგვიკრძალა.
15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილიც ჩამოფრინდა და კომპლექსის დათვალიერება დაიწყო. დაიწყო პრობლემებიც, რომელიც იმით დამთავრდა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის ბოლომდე გადაღების საშუალება არ მომეცა.
სააკაშვილმა ჯერ ახალი მუზეუმი დაათვალიერა, შემდეგ პატარა ფანტანთან ჩამოჯდა და კომენტარი გააკეთა. მე თან ფოტოებს ვიღებდი და თან დიქტოფონით ხმას ვიწერდი, იგივე მანძილიდან, საიდანაც სხვა ჟურნალისტები, მაგრამ დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს რაღაც არ მოეწონა და სხვა მხარეს გადასვლა მომთხოვა. მართალია ბრძანების აზრი ვერ გავიგე, მაგრამ დავემორჩილე. დაცვის წევრის მორიგი აგრესია უკვე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კადრში მოხვდა. იგივე დაცვის წევრი თითქმის ყველა ნაციონალური ტელევიზიის კამერამ დააფიქსირა, მაგრამ კადრის სასწრაფოდ წაშლა მარტო მე მომთხოვა. მართალია, ვერც ამჯერად მივხვდი უკანონოდ რა გადავიღე, მაგრამ, რომ დაწყარებულიყო, ფოტო წავშალე.
ეზოდან პრეზიდენტმა რეაბილიტირებულ ეკლესიაში გადაინაცვლა. ჟურნალისტებიც შევედით, ყველა ერთად დავდექით და გადაღება დავიწყეთ. რამდენიმე კადრი მქონდა გადაღებული, როცა ჩემს ფოტოაპარატს ვიღაცამ ხელი წაავლო. ზევით ავიხედე და ჩემი „ნაცნობი“ დაცვის წევრი დავინახე. მან ფოტოაპარატიანად გვერდზე გამწია და მიბრძანა:
- არ გადაიღო!
- რატომ?
დაცვის წევრმა ჩამომხედა და ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- ახლა რა გადავიღე ისეთი, რისი გადაღებაც არ შეიძლებოდა? არც დაცვა მოხვედრილა კადრში და არც ვინმე სხვა, პრეზიდენტის გარდა.
პასუხი ვერც ამჯერად მივიღე და გადაღება შევწყვიტე. ირმა ნადირაშვილმა „უსაქმურად“ რომ დამინახა, მოვიდა და მკითხა, რატომ არ ვმუშაობდი.
- დაცვის თანამშრომელი არ მაძლევს უფლებას.
- რატომ? იმუშავე, უბრალოდ რაც არ შეიძლება არ გადაიღო.
რისი გადაღება არ შეიძლებოდა, არავის განუმარტავს.
სამონასტრო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტი ხალხისკენ გაეშურა. მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე, ღობის იქით იდგნენ და ტაშს უკრავდნენ. პრეზიდენტი ადგილობრივებთან მივიდა და მოისმინა, როგორი მადლიერები არიან, რომ ეს კომპლექსი გაკეთდა. ხალხში ერთი „უმადურიც“ გამოერია და პრეზიდენტს მიაძახა: გაზი გამოგვიყვანე მიშა, გაზი! პრეზიდენტი მოქალაქეს გაზის გაყვანას დაპირდა და დაღმართზე ჩაირბინა. მე ფოტოს გადაღება ვცადე, მაგრამ პრეზიდენტი ქვემოთ ისეთი სისწრაფით დაეშვა, რომ ფოტოაპარატმა დაფიქსირება ვერ მოასწრო. ნადირაშვილმა ფოტოაპარატმომარჯვებული რომ დამინახა, გაბრაზდა:
- რას იღებ, რას?
- რა გინდა, გადაიღოს, - უთხრა პრეზიდენტმა.
რადგან პირველი პირისგან „ნებართვა“ მივიღე, გადაღება გავაგრძელე და პრეზიდენტს გრემის მთავარანგელოზის ეკლესიაშიც გავყევი. ამის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ ორი ობიექტის დასათვალიერებლად მიდიოდა და მეც უნდა წავსულიყავი.
ჟურნალისტები კიბეებზე დაეშვნენ და მანქანებში ჩასხდნენ, რომ პრეზიდენტის ესკორტს არ ჩამორჩენოდნენ. მეც მანქანის მიმართულებით გავიქეცი. გზაზე ხალხი იყო შეკრებილი. მანქანაში ჩაჯდომამდე ხალხის რაოდენობის დაფიქსირება გადავწყვიტე და ის იყო ფოტოაპარატი ჩავრთე, რომ პრეზიდენტის ესკორტის ერთ-ერთი მანქანის ფანჯრიდან დაცვის წევრი მთელი ტანით გამოვიდა და ბოლო ხმით აყვირდა: არ გადაიღო, რას იღებ... არ გადაიღო მეთქი
მე ფოტოაპარატი ჩამოვწიე და გაკვირვებული მივაჩერდი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ახმახებს, რომლებმაც ჩემს გარშემო წრე შეკრეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტის ესკორტის ფოტოები წამეშალა. ხმაურზე ხალხიც მოგროვდა.
- მალე ეხლა, წაშალე ეგ ფოტო! პრეზიდენტის ესკორტი რა უფლებით გადაიღე?
- ესკორტი არ გადამიღია. ხალხის გადაღება მინდოდა, მაგრამ ისიც ვერ გადავიღე. ხალხის გადაღების უფლება არ მაქვს?
- ხალხი კი არა, ესკორტი გადაიღე და წაშალე მეთქი ფოტო, თორემ ფოტოაპარატს წაგართმევ და ყველაფერს წავშლი, დაგიმტვრევ.
- ვერაფერს წავშლი, კამერას ეკრანი დაზიანებული აქვს და ფოტოებს აქ ვერ გავარჩევ.
- აბა გაფუჭებული ფოტოაპარატი რად გინდა? რას იღებ, რას იღებ?
ისევ რედაქტორს დავურეკე. თან ერთ-ერთ ახმახს ვეკითხებოდი, ვინ იყო.
- არ იცი ეხლა ვინ ვარ?
- საიდან უნდა ვიცოდე, სამოქალაქო ფორმაში ხარ ჩაცმული.
- ძაან კარგად იცი.
- არ ვიცი და მაინტერესებს ვინ მთხოვს ფოტოების წაშლას. ხომ მაქვს უფლება ვიცოდე? მე გითხარით ჩემი ვინაობა და თქვენგანაც იგივეს ვითხოვ.
- ბევრს ნუ ტლიკინებ!
სანამ მე ახმახები „საქმეს მირჩევდნენ“, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის სხვა თანამშრომლებმა ჩვენი მძღოლი მანქანიდან გადაიყვანეს, ჩემი დატოვება და დაუყოვნებლივ წასვლა მოსთხოვეს. თან გააფრთხილეს, იმ გზით არ წახვიდე, რომლითაც პრეზიდენტი წავიდაო.
- ხუთ წუთში თუ არ წახვალ, მერე ვეღარ წახვალ იცოდე, - უთხრა ახმახმა მძღოლს.
მძღოლი „ბრძანებას“ არ დაემორჩილა და ველოდებოდით, როდის შეგვეხებოდა „ამნისტია“.
- რას ელოდებით? - ვკითხე დაცვის თანამშრომელს.
- დავრეკე და მოვლენ.
- ვინ მოვა?
- ვინც საჭიროა და ფოტოებს წაგიშლის.
- რა უფლება გაქვთ ფოტოები წამიშალოთ?
- ის უფლება, რომ ესკორტი არ უნდა გადაგეღო.
მთელი 40 წუთის განმავლობაში, რაც დაცვის თანამშრომლებს „დატყვევებული“ ვყავდი, მიმტკიცებდნენ, რომ ესკორტი გადავიღე, არადა არ გადამიღია. ზოგიერთ ფოტოში მხოლოდ რამდენიმე მანქანა ჩანს.
როცა მივხვდი, რომ არც ჩემს გაშვებას აპირებდნენ და არც ის მოდიოდა, ვისთანაც „დარეკილი ჰქონდათ“, მოვითხოვე, რომ ფოტოები კომპიუტერში გადაეტანათ და გვენახა, რა მქონდა გადაღებული.
მალე „ისიც“ მოვიდა და ყველამ ერთად დაასკვნა, რომ ერთადერთი გამოსავალი ფოტოების წაშლა იყო. ფოტოები წაშლას იმიტომ გადარჩა, რომ ადგილზე კომპიუტერი „არ გვაქვსო“. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩემი დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რედაქცია დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ახმახებს დაურეკეს და ჩემი გათავისუფლების შესახებ მითითება მისცეს.
- წადი ეხლა და შენს სინდისზე იყოს რას დადებთ! - გვითხრა დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ick.ge