15:26 27.08.2011
პატრულის თანამშრომელი tspress.ge-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი, დღეს, შუადღისას, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მოხდა. ჟურნალისტი, იზა სალაყაია იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაჯარიმების დროს შეუძლოდ გამხდარი მოქალაქის, გენადი ბერიშვილის დაკავების პროცესს აშუქებდა. პატრული მას დაჯარიმების პროცესში შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. მოქალაქე ბრალდებას უარყოფდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებმაც ვინაობა არ დაასახელეს, საავადმყოფოს მისაღებში თავდაპირველად, tspress.ge-ს ჟურნალისტს შესვლა აუკრძალეს, თუმცა, აკრძალვის საფუძველი არ განუმარტავთ. ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ზურაბ კუკავამ კი, სატელეფონო საუბრისას, tspress.ge-ს სამინისტროსთვის მიმართვა ურჩია.
მოგვიანებით, მთავარ ექიმთან შეთანხმებით, tspress.ge-ს ჟურნალისტს შენობაში შესვლის ნება დართეს.
დაკავებული მოქალაქის საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჟურნალისტს თავდაპირველად მხრებში სწვდა, შემდგომ კი, მკლავებში ხელი წაავლო და გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რათა მას პატრულის მანქანაში მოქალაქის ფიზიკური ზეწოლით ჩასმის ფაქტი კამერით არ გადაეღო.
პოლიციელი ამავდროულად ჩართული კამერის გათიშვას მოითხოვდა. ამ დროს ჟურნალისტზე მორიგი ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა: მას პატრულის თანამშრომელი კისერში სწვდა, რამდენჯერმე ძლიერად შეაჯანჯღარა და კამერას ხელი ჰკრა, რის გამოც კამერას ხმა გაეთიშა და სხვა რეჟიმზე გადაერთო. ჟურნალისტმა ამ დროს, მოქალაქის დაკავებისას პოლიციელთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის კამერაზე აღბეჭდვა ვერ შეძლო.
ჟურნალისტზე ძალადობის პარალელურად, დაკავებული ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში, ხოლო მის მეუღლეს პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელიც გაარტყა. მას არავითარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ეკეთა. მისი ვინაობის დადგენას tspress.ge მოგვიანებით, საპატრულო პოლიციაში შეეცადა, თუმცა, ინფორმაცია ვერ მიიღო.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის გამო, tspress.ge-ს რედაქცია სასამართლოში ჩივილს აპირებს.
"თავისუფალი სიტყვა"