15:26 06.08.2011
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგების დროს ბრძანა, რომ ზღვაზე წასვლა არ შეიძლებოდა. მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ მოძღვარმა პატრიარქის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ურჩია, არ წასულიყვნენ საზღვაო კურორტებზე.
ის ადამიანები, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ კონკრეტულ წყაროს ვერ ასახლებდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ რამდენიმე კვირის წინ პატრიარქმა ამის შესახებ ქადაგებაში ბრძანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატრიარქი ზღვაზე დასვენების შესახებ არცერთ ქადაგებაში არ საუბრობს.
ტრიბუნა.ge საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელს მარიამ გაგუას დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ იგი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„ინფორმაცია არა არის მართალი. პატრიარქს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს. ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განუცხადა გაგუამ „ტრიბუნა.ge“-ს.
ტრიბუნა.ge
