00:26 07.08.2011
რუსულ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ მედვედევის თაყვანისმცემელთა ჯგუფმა პრეზიდნეტის იდეა, რომ ლუდი ალკოჰოლურ სასმელებს მიეკუთვნება, დიდი ენთუზიაზმით აიტაცა. სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის - "მედვედევი ჩემი პრეზიდენტია" - წევრები შეეცადნენ დაერწმუნებინათ მოქალაქეები, რომ სპირტიანი სასმელის სისტემატურად მიღების ჩვევაზე უარი უნდა თქვან.
ალკოჰოლის მოყვარულებზე რომ ეფექტურად ემოქმედათ, ნახევრად შიშველი აქტივისტი გოგონები მოსკოვის ცენტრში განლაგდნენ და ბოთლით ხელში მოსეირნე გამვლელებს სასმელის ვედროში გადასხმას თხოვდნენ.
მომხიბვლელი აქტივისტებისთვის სასმელი არავის დანანებია. გამვლელები სასმელით სავსე ბოთლებს ვედროში ცლიდნენ, გოგონები კი სპირტიან სითხეს გარუჯულ სხეულებზე ივლებდნენ. ამ სანახაობაში ალკოჰოლის მოყვარულები სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
"სხვანაირად როგორ ვაიძულოთ ხალხი, რომ ლუდი დალევის ნაცვლად ვედროში გადააქციოს. ნახევრადშიშველი გოგონების გასაგრილებლად კი სასმელი არავის ენანება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც მაისურზე შესაბამისი წარწერა ამშვენებდა: "აირჩიე - ლუდი ან მე". მისი თქმით, დაჯგუფებას სპონსორიც გამოუჩნდა, რომლის ვინაობაც გოგონებმა არ გაამხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციას მისთვის ხელის შეშლა არც უცდია.
ანალოგიური აქცია ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელთა ჯგუფმა "პუტინის არმიამ" გამართა.
