ავტორი თეა ინასარიძე
18:26 25.07.2011
„აფხაზეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ – განაცხადა ტელეკომპანია РБК-ТВ-ის ეთერში, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა. „ჩვენ, არ ვაპირებთ მუდმივი მტრობა გვქონდეს ვინმესთან. სწორედ ამის გამო, არ გამოვდივართ ჟენევის დისკუსიების ფორმატიდანაც”- განაცხადა მან.ამასთან, ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის არსებობს ყველა პირობა, რათა აფხაზეთი ითვლებოდეს სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების აზრი, ასეთ საკითხებზე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ის ასევე მოუწოდებს, არ შეადარონ აფხაზეთი სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც ახლახანს მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, კერძოდ, კოსოვოსა და სამხრეთ სუდანს, რადგან ანქვაბის თქმით, გასათვალისწინებელია ყოველი ქვეყნის თვითმყოფადობა და ისტორიული განვითარების გზა.
90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას, ანქვაბი აცხადებს, რომ „მოხდა ის, რისკენაც აფხაზი ხალხი იწრაფოდა. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ მიღწევას და ვაპირებთ შევასრულოთ ყველა აღებული ვალდებულება”. ანქვაბმა, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთმა გადადგა აბსოლუტურად გააზრებული და ვაჟკაცური ნაბიჯი, როცა ახალგაზრდა სახელმწიფოს გვერდით დადგა.
მისი თქმით, დღეს აფხაზეთისათვის აქტუალურია არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური საკითხები. ანქვაბმა საჭიროდ ჩათვალა ისიც განემარტა, რომ 26 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნები რუსეთისათვის პრობლემად არ უნდა იქცეს.. „ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს ავნებს. ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაიფუჭო” – განაცხადა მან.
ანქვაბმა, ასევე ისაუბრა აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტების მდგომარეობაზე. კერძოდ, იმ ვითარებაზე, რაც რუსი ტურისტების უკმაყოფილების მიზეზი, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა. მან აღნიშნა, რომ აფხაზი სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ სტუმრების უსაფრთხოებისთვის, მთავრობა კი ცდილობს, მათ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. „ჩვენ გვინდა ავამუშაოთ სოხუმის აეროპორტი, მაგრამ არსებობს რაღაც საერთაშორისო ნორმები. ამიტომ, ახლა ვფიქრობთ, გვაქვს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი” – განაცხადა ანქვაბმა.
presa.ge
