არაკომერციული ორგანიზაცია „მედია ფონდის" მიერ ჩამოყალიბებული საინფორმაციო ცენტრი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში და ასევე მის მომიჯნავე აფხაზეთში მომხდარი მოვლენებს livepress.ge-ს საშუალებით გააშუქებს. ვებ-გვერდი ახალი შექმნილია და ჯერ ტესტურ რეჟიმში მუშაობს.
გაზიარება
[ნატა ძველიშვილი. 14:26 17-05-2011]
როგორც „მედია ფონდის" გამგეობის თავმდჯომარე გერონტი ყალიჩავა ამბობს, სამეგრელო - ზემო სვანეთში მსგავსი გამოცემა არ არსებობს, რაც ადგილობრივი ამბების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას ხელს უშლის. ცენტრს საკუთარი კორესპონდენტები ჰყავს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის ქალაქებში, ასევე აფხაზეთში.
„ინტერნეტ-გამოცემის გარდა სხვა მედიასაშუელების შექმნაზე არც გვიფიქრია, რადგან ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აქაური ამბები უფრო დიდ აუდიტორიას გავაცნოთ. რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანდათან იზრდება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხარისხიანი მასალების შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს გერონტი ყალიჩავა, რომელიც livepress.ge -ს მთავარი რედაქტორიცაა. მისი განმარტებით, გამოცემას ზოგადი სახელი შეურჩიეს, რადგან აქ სხვა რეგიონის ამბებიც გამოქვეყნდება და რუბრიკაში „საქართველო" მოექცევა. საიტზე ასევე განთავსდება აუდიო, ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები. ეყოლებათ ბლოგერებიც.
ვებ-გვერდი დაუგეგმავად 13 მაისს ჩართო. „იმ დღეს პირველებმა გავიგეთ, რომ ზუგდიდში ეკლესიის ეზოში პოლიციელები სტიქაროსნის მანქანას ესროდნენ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყიტეთ გაგვევრცელებინა ეს ინფორმაცია, თუმცა ამ დღეებში ვაპირებთ, რომ დიდი პრეზენტაცია გავმართოთ და საზოგადოებას ჩვენი ინტერნეტ-გამოცემა გავაცნოთ," - განმარტა გერონტი ყალიჩავამ.
livepress.ge ფონდ „ღია საზოგადობა - საქართველოს" დაფინანსებით შეიქმნა, პროექტი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი რედაქტორის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გამოცემა დამოუკიდებელ დაფინანსებაზე გადავა და არ დაიხურება.
ჟურნალი "ღია ბოქლომი" კოლეგებს ობიექტურობას და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
media.ge