"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განცხადებით, "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება".
გაზიარება
[16:26 16-05-2011]
ამის შესახებ მიქაიამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ამასთან, მან აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მადლობა გადაუხადა იმ "ადეკვატური კომენტარისთვის", რომელიც მან დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ჩვენ არ გვჭირდება ამერიკა, როგორც პატრონი. ჩვენ გვჭირდება იგი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. პატრონად აშშ უპატრონო სააკაშვილს სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები აშშ-ის დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საერთო იდეებს უნდა ეფუძნებოდეს. ნუ გვაბრალებენ, რომ ანტიამერიკულ განწყობებს ვქმნით, - ასეთი განწყობის შექმნა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია. თუ ეს მოხდა, ამის შემოქმედი საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ის ადმინისტრაცია იქნებიან"- განაცხადა მიქაიამ და აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა, “მხარი დაუჭიროს ქართველ საზოგადოებას და არა ავტოკრატი სააკაშვილის რეჟიმს".
აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. "ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა საელჩოს წარმომადგენელს ბარაქ ობამას სახელზე შედგენილი მიმართვა გადასცეს.
"ქართული რადიო" აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. გთავაზობთ კახა მიქაიას გამოსვლის აუდიო ჩანაწერს.